სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი

08.02.2021
ფონტის ზომა
ხვალ, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოგიდგენთ ანგარიშს - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი. ანგარიშის პრეზენტაცია ონლაინ გაიმართება. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვება მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას. ჯამში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში დააკვირდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი და შესაბამისად - პროტესტი გააჩინა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკის პარალელურად, რასაც მძიმე ეკონომიკური კრიზისი ერთვის თან, უკმაყოფილო ამომრჩეველთა საპროტესტო ტალღამ შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად ზიანის მომტანია სახელმწიფოს ინტერესებისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის. 

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები; ჟურნალისტები დაზარალდნენ 8 ნოემბერს ცესკოს წინ საპროტესტო აქციის ძალის გადამეტებით დაშლისას. წინა წლების მსგავსად, არცერთ ასეთ შემთხვევას არ მოჰყოლია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას და საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად აზიანებს მედიაგარემოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე  მომზადებულ ანგარიშებს, ასევე - 2020 წლის 31 ოქტომბრის - საპარლამენტო არჩევნების დღის და 2020 წლის 21 ნოემბრის - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დამკვირვებლების ანგარიშებს, რომლებშიც მათ მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები და სხვა სახის შენიშვნებია აღწერილი. ამასთან, ანგარიში ეყრდნობა საარჩევნო სამართლის სფეროში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას/სტანდარტებს, რომელთა მისადაგებითაც შეფასდა დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღესა და მის შემდგომ - მეორე ტურის ჩათვლით.

ანგარიში გამოიცა ღია საზოგადოების ფონდის და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
სიახლეები
Loading...