სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

18.02.2021
ფონტის ზომა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო  ნაციონალური მოძრაობის ლიდერის – ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს.  ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს.

ნიკა მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ამ საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა, მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური და დაუსაბუთებელი წინადადების საფუძველზე მოუხსნა, ხოლო სასამართლომ – 30 000 ლარიან გირაოსთან ერთად, დამატებით ღონისძიებად საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა და საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვა დაუწესა. მიგვაჩნია რომ, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ ხელყოფას წარმოადგენს.

2020 წლის 1 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა. საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა. საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, გაუმჭვირვალე პროცესით, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, პატომრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. მითუფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოვუწოდებთ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა, გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე, დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად  მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ.

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საფარი
  • ცენტრი ემპათია
  • საზოგადოება და ბანკები
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ლიბერალური აკადემია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • საქართველოს პენ ცენტრი (PEN Georgia)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • მწვანე ალტერნატივა
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...