სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება ქალთა ისტორიის თვეს

07.03.2021
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება ქალთა ისტორიის თვეს - სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის ხარისხის გაზრდას. 

წლების განმავლობაში, ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვისათვის, მსოფლიოს მასშტაბით, იქცა მედიის  განსაკუთრებული ინტერესისა და საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად. მიუხედავად ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა, პრობლემის სიმწვავე კვლავ გლობალურ მასშტაბებს ინარჩუნებს და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგოდ და თანასწორი მომავლის უზრუნველსაყოფად, ადამიანები მთელ მსოფლიოში ცდილობენ მობილიზაციას. დიდი ხანია, ეს ბრძოლა გასცდა მხოლოდ ქალების მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ფარგლებს. დღეს ქალთა უფლებების დაცვა ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. ამდენად, თანასწორობის უზრუნველყოფა ერთნაირად მნიშვნელოვანი და  პრიორიტეტული უნდა იყოს როგორც საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ისე ყველა სახელმწიფოსთვის მსოფლიოში, რათა გლობალური ძალისხმევით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდეს.

საქართველოში, ბოლო წლებში, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხი, კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული საზოგადოებისთვის. ქვეყანაში მძლავრია სტერეოტიპული გარემო, სადაც ქალის მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ხშირად, გამართლებული ქმედებაა. ეს ამ დანაშაულის სრული მასშტაბების განსაზღვრაზეც ახდენს გავლენას, რადგან სტიგმის სიძლიერე დანაშაული ხილვადობას ამცირებს. განსაკუთრებით პრობლემურია შშმ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, LGBT+ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ყოფა. გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინება, გოგონათა განათლება, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალების ეკონომიკური აქტივობა და შრომითი უფლებები, ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა და უფლებები,  ქალთა მკვლელობები (ფემიციდი), სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებების შესაძლებლობა და გამოწვევები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების დეფიციტი, უფლებადამცველი ქალების უფლებრივი მდგომარეობა, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობა და ა.შ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაარსების დღიდან, იზიარებს და აცნობიერებს ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტირებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების“ დამკვიდრება, რისკენაც საქართველოს კონსტიტუცია ისწრაფვის, შეუძლებელი იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევის გარეშე. წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად იყო ჩართული სხვადახვა კამპანიასა თუ ადვოკატირების პროცესში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ დროის განმავლობაში, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობა მიმართული იყო როგორც საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციასთან - საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე მსხვერპლთა გაძლიერებისა და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მხრივ (მათ შორის, უფასო იურიდიული კონსულტაციებისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის კუთხით, სხვადასხვა უწყებებში).  

ადამიანის უფლებათა ცენტრი დიდი ხანია თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. სხვადახვა კოალიციის ფარგლებში, ქალთა უფლებების დაცვა მუდმივად იყო და არის ადამიანის უფლებათა ცენტრის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ამ მხრივ, ორგანიზაციას აქვს როგორც სახელმწიფო უწებებთან, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. ადამიანის უფლებათა ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციასთან „საფართან“ ერთად, არის თანააპლიკანტი გაეროს ქალთა მიმართ  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDOW) კომიტეტში წარდგენილი აპლიკაციის.

მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მცდელობისა, რამაც გენდერული თანასწორობა ნაწილობრივ აქცია პოლიტიკური დისკურსის ნაწილად, არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ პრობლემის მოგვარებას საკმარისი პრიორიტეტი კვლავაც არ ენიჭება. 14 წლის ნინო ცეცხლაძის თვითმკვლელობამ კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ ქალები ჩვენს ირგვლივ, კვლავ ხდებიან გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არასაკმარისია.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს, კიდევ უფრო გააძლიეროს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობა და მზადაა, მიზნის მიღწევის პროცესში ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით