განცხადებები

კოალიცია  უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესში დაანონსებულ ცვლილებებს ეხმიანება

29.03.2021
ფონტის ზომა
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ფრაგმენტული ცვლილებები სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას. ახალი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად პროცესის გაჯანსაღებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ისე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მოგვარებას. 

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - კლანი, შემოთავაზებული ცვლილებები, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობას წარმოადგენს. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე მსგავსი ცვლილებები სასამართლოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითად საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს მიმდინარე მედიაციის პროცესში არსებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, პირველ რიგში, ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს სისტემაში კლანური მმართველობის აღმოფხვრას და ხელისუფლების არასათანადო გავლენების შესუსტებას. 

აღნიშნულთან ერთად, კოალიცია მიიჩნევს რომ აუცილებელია ხელისუფლების, პოლიტიკური აქტორების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს სასამართლოში არსებულ პრობლემებს, წარსულის გამოცდილებას და  პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცეულ სასამართლოს. კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით, პარლამენტმა უნდა მიიღოს  პოლიტიკური შინაარსის რეზოლუცია, რომლის საფუძველზე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლოში კლანური მმართველობის დემონტაჟი.  

შესაბამისად, ამ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე აზრს მოკლებულია ყოველგვარ პროცედურულ გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ვინაიდან  ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემას, არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება წარმოადგენს. 
განცხადებები