განცხადებები

მოსამართლემ აქტივისტები 1200 ლარით დააჯარიმა

02.04.2021
ფონტის ზომა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2021 წლის 16 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის სასამართლო სხდომას. მოსამართლემ მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება  166-ე მუხლის ნაწილში შეწყვიტა, ხოლო 173-ე მუხლის ნაწილში კი, აქტივისტები სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 1200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

16 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო მოძრაობა - „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა სცადეს საავტომობილო გზის გადაკეტვა და ბანერის გაშლა წარწერით: „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“. აქციაზე  დაპირისპირების პროცესში , პოლიციამ  დააკავა  ირაკლი ფავლენიშვილი, გივი ცინცაძე, ფარნავაზ გრიგოლია, ვანო მაღალაშვილი, ნიკოლოზ კვიტატიანი, ნიკოლოზ ნარსია და დავით დიღმელაშვილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული შვიდივე პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა ერთი და იმავე მუხლებით, 2021 წლის 11 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2601 მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტების  წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანების შესახებ.

საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვებზე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები - სამართალდამცველთა მიერ შედგენილი დაკავების ოქმები, ასევე, ვიდეო ჩანაწერები - სამართალდამცველთა სამხრე ვიდეო კამერით გაკეთებული ჩანაწერი და მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოკადრები.

სასამართლო სხდომებზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები  ჩვენებაში აფიქსირებდნენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ როგორც მათი, ასევე, მთავრობის წარმომადგენლების მისამართით. ამასთანავე,  აქტივისტები ცდილობდნენ საავტომობილო გზის გადაკეტვას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას. 

ობიექტური შემფასებლისათვის, პოლიციელთა ჩვენებები იყო შაბლონური და არასარწმუნო. სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ვერ იქნა გამყარებული წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, რომლის გამოკვლევისას, უწმაწური სიტყვების (გინება) გამოყენება დაფიქსირდა ორჯერ. თუმცა, სავარაუდო სამართალდამრღვევი  პირის იდენტიფიცირება გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში   შეუძლებელი იყო. ამასთანავე,  კადრებში  არ ფიქსირდება რამდენიმე აქტივისტის დაკავების ფაქტი, რომელთა მიმართ მიმდინარეობდა საქმის განხილვა. ასევე, არ დადგინდა უშუალოდ მათ მიერ წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელებისადმი. 

სამოქალაქო აქტივისტები სასამართლო სხდომებზე  ირწმუნებოდნენ, რომ ისინი არასდროს იგინებიან, განსაკუთრებით - საჯარო სიცრცეში და შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ეპითეტების - „მონის“ და „ფარჩაკის“ გამოყენებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით. 
განცხადებები