განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში შეკრების თავისუფლების არამართლზომიერ შეზღუდვასთან დაკავშირებით

03.04.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი თვალყურს ადევნებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. ორგანიზაციის ინტერესის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მოქმედებები კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ასევე - კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები. კორონავირუსის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვები ძირითადი უფლებების სხვადასხვა კატეგორიას ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ერთ-ერთი მიმართულებაა ის შეზღუდვები, რომელიც აბრკოლებს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან რეალიზაციას.  

საგანგებო სიტუაციებში, როდესაც არსებითი საფრთხე ექმნება სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სიკეთეს, სამოქალაქო თავისუფლებებით შეუფერხებელი სარგებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მსგავს ვითარებაში ფართოვდება სახელმწიფოს უფლებამოსილებები ძირითად უფლებებში ჩარევისა და შეზღუდვების დაწესების მხრივ, გაუთვალისწინებელ სიტუაციასთან ეფექტური გამკლავების მიზნით. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ უფლებაში ჩარევის ფარგლები და კრიტერიუმები, რიგ შემთხვევებში, ნათლად არ არის განსაზღვრული, რაც წარმოშობს ძალაუფლების გადამეტებისა და ძირითადი უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის მნიშვნელოვან რისკებს. შესაბამისად, აუცილებელია, ამ პროცესს თან ახლდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსია და შეზღუდვების მიზანშეწონილობის კრიტიკული განსჯა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით. ასეთ დისკუსიებს ბიძგს აძლევს მოქალაქეთა მიერ აზრის ერთობლივი გამოხატვის ფორმები - შეკრებები და მანიფესტაციები. მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ხელს უწყობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას კონკრეტული პრობლემის გარშემო, საკითხის აქტუალიზებას ფართო საზოგადოების წინაშე და სახელმწიფოს ყურადღების მიმართვას მწვავე პრობლემების გადაჭრისაკენ.

კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე საქართველოში არაპროპორციულად შეიზღუდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, რაც აჩენს კითხვებს, თუ რამდენად სათანადოდ აქვს გააზრებული სახელმწიფოს აღნიშნული უფლების ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის. პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოში სრულად აიკრძალა შეკრებები და მანიფესტაციები. შეიზღუდა ასევე მოქალაქეთა ისეთი თავყრილობები, რომელიც არ ემსახურებოდა კონკრეტული იდეის თუ აზრის გამოხატვას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, მთავრობას შეეძლო, გაეთვალისწინებინა გამონაკლისები და გარკვეულ შემთხვევებში, დაეშვა შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვა, მთავრობამ შეკრებები შესაბამისი დასაბუთების გარეშე, სრულიად აკრძალა, რაც არ წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და კორონავირუსის პრევენციის იგივე მიზანი შესაძლოა, მიღწეულიყო შეკრებებზე კონკრეტული რეგულაციების დაწესებით, მათ შორის, მონაწილეთა რაოდენობასთან, დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ევროპის არაერთი ქვეყნის მსგავსად, და არა მათი ბლანკეტური აკრძალვის გზით. 

კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მეორე ტალღის პერიოდში, ხელისუფლება შეზღუდვებს აწესებდა პოლიტიკურ სიტუაციასა და სამოქალაქო პროტესტთან დაკავშირებული მოვლენების თანადროულად და არა კოვიდსიტუაციის განვითარების შესაბამისად. ოქტომბრის მეორე ნახევარში, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საქართველო გახდა მაღალი რისკის ზონა კოვიდინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ხელისუფლებას არ დაუწესებია საჭირო შეზღუდვები პანდემიის გავრცელების შეკავების მიზნით. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები, ამ პერიოდში მრავალრიცხოვან აქციებს მართავდნენ, სადაც არ იყო დაცული კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციები. მართალია, აღნიშნული პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ სააგიტაციო შეხვედრების თუ შეკრებების გამართვის თავისუფლება, მაგრამ დროული, გონივრული შეზღუდვების დაწესება იყო აუცილებელი, რათა თავიდან აცილებულიყო კოვიდსიტუაციის შემდგომი რადიკალური დამძიმება. ხელისუფლებამ გადაადგილებასა და საღამოს საათებში საჯარო სივრცეში ყოფნასთან დაკავშირებით შეზღუდვები არა გართულებულ კოვიდსიტუაციაზე პასუხად, არამედ, მას შემდეგ შემოიღო, რაც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოებაში სამოქალაქო პროტესტი გაღვივდა და ანტისახელისუფლებო აქციები გახშირდა. 

ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, საქართველოში მოქმედებდა შეზღუდვები საღამოს საათებში გადაადგილებასთან, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან, კაფეების, რესტორნებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობასთან, კონფერენციების, ტრენინგების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, სპორტული, სახელოვნებო და კულტურული აქტივობების გამართვასთან დაკავშირებით. 

კოვიდსიტუაციის გაუმჯობესებისა და მისი გავრცელების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, ამ დროისთვის, ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, გარდა ე.წ. კომენდანტის საათისა და გადაადგილების შეზღუდვისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი, უპირველეს ყოვლისა, დახურულ სივრცეში არსებობს და ამ მიმართულებით შეზღუდვები, ძირითადად, მოიხსნა, ღია სივრცეში გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვება არ პასუხობს გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.   გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მოქმედებს მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტებისა და გეგმის გარეშე, თუ რა ფაქტორები და გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად შეზღუდვის მოხსნას. შესაბამისად, იწვევს სამართლიან შეშფოთებას, რომ შეზღუდვის ძალაში დატოვების რეალური მიზეზი საქართველოში  მომძლავრებულ საპროტესტო მოძრაობებთან მისი საშუალებით გამკლავებაა.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აბრკოლებს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას. შეზღუდვების გაგრძელებისა და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, საქართველოში მოიმატა სამოქალაქო პროტესტმა. გახშირდა მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან საპროტესტო აქციები მწვავე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საპროტესტო აქციებს მართავენ სამოქალაქო მოძრაობები, აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები და მსვლელობები, რიგ შემთხვევებში, გრძელდება იმ საათებში, როდესაც გადაადგილება აკრძალულია (საღამოს 21:00 სათიდან დილის 05:00 საათამდე პერიოდში), რის გამოც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მომიტინგეებს აჯარიმებენ. 

გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაჯარიმება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ უფლებამოსილებას ანიჭებს მთავრობას, კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით შეზღუდოს პირთა მხოლოდ ისეთი თავყრილობები, რომელიც სოციალური ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება და არა საპროტესტო შინაარსის შეკრებები. საპროტესტო აქციები არ წარმოადგენს სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით გამართულ თავყრილობას. მსგავსი შეკრებები და მათში მონაწილე პირთა გადაადგილება დაცული უნდა იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. სამწუხაროა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბუნდოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობა.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ უფლებადამცველებს/მონიტორებს არ აქვთ შესაძლებლობა, ე.წ. კომენდანტის საათებში დაკვირვება განახორციელონ საპროტესტო აქციებზე. მართალია, არსებული რეგულაციები ითვალისწინებს გარკვეული გამონაკლისების შემთხვევაში ე.წ. კომენდანტის საათებში გადაადგილების ნებართვის მინიჭებას, მაგრამ უფლებადამცველებზე/მონიტორებზე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არცერთი გამონაკლისი არ ვრცელდება. საპროტესტო აქციებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის არარსებობა აბრკოლებს უფლებადამცველების თავისუფალ საქმიანობას, უფლებადარღვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეაგირების განხორციელებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
  • პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას;
  • შეწყვიტოს შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილე პირთა დაჯარიმება გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო;
  • აწარმოოს საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასაბუთება გადაადგილების შეზღუდვის მიზანშეწონილობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით;
  • წარმოადგინოს ხედვა/გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფაქტორები და გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას;
  • ცვლილებები შეიტანოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში და შექმნას უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლების/მონიტორებისათვის გადაადგილების ნებართვების მიღების შესაძლებლობა .
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო უფლებების მდგომარეობას აკვირდება პროექტის, ,,შეკრების თავისუფლება და სხვა სამოქალაქო უფლებები პანდემიის დროს საქართველოში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სტატიებს ამ მიმართულებებით საქართველოში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებსაიტზე www.hrc.ge .
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...