3 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია, საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ა.მ. არ ცნო სამართალდამრღვევად და შეწყვიტა მის მიმართ საქმის წარმობა.
2021 წლის 19 თებერვალს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პერმანენტული აქციების გამართვის მიზნით კარვების გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც არ მიეცათ პოლიციელთა წინააღმდეგობის გამო. შემთხვევის დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ა.მ. იგი იმავე დღეს გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე, თუმცა მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, რაც პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
2021 წლის 3 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმოადგენელმა მოითხოვა ა.მ.-ს სამართალდამრღვევად ცნობა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 15 დღემდე ვადით). ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, რომელიც იცავდა ა.მ.-ს ინტერესებს სასამართლოში, ითხოვა საქმის შეწყვეტა სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, პოლიციელმა, რომელმაც დააკავა აქტივისტი, განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს დაკავებული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში. გარდა ამისა საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება პოლციელის ახსნა-განმარტების გარდა, რომელიც დაადასტურებდა ა.მ.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა ა.მ.-ს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და შეწყვიტა მის მიმართ საქმის წარმოება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული;
- მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად პოზიტიური ვალდებულების სათანადოდ შესრულების მიზნით;
- შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი