დღეს, 8 აპრილს 11:00 საათზე სასამართლო ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის თაობაზე იმსჯელებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.
ნიკანორ მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა, ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური და დაუსაბუთებელი წინადადების საფუძველზე მოუხსნა, ხოლო 2019 წლის 27 ივნისს სასამართლომ - 30 000 ლარიან გირაოსთან ერთად, ნიკანორ მელიას საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალა. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის 1 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა. ნიკანორ მელიამ დადგენილ ვადაში გირაოს თანხა არ გადაიხადა და მის შემდგომ გადახდაზეც უარი განაცხადა. აღნიშულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა.
2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, 2-ის წინააღმდეგ.
2021 წლის 21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატიმრობის შეფარდება ლეგიტიმური საფუძველების და დასაბუთებული მსჯელობის გარეშე იქნა შეცვლილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის - ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომების მონიტორინგს.