განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება მდინარე ენგურზე გალის რაიონის მკვიდრთა ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით

08.04.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 7 აპრილს, მდინარე ენგურზე, გალის რაიონის ოთხი მკვიდრის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების, წარჩესა და ჭუბურხინჯის მკვიდრი ოთხი პირი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლის მცდელობისას, ადიდებულ მდინარეში დაიხრჩო. 

ამ  შემზარავი ტრაგედიის სათავე არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. 

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში, წლებია, ხორციელდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის შედეგად ეთნიკური ქართველებით დასახლებული გალის რაიონისა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გზები მაქსიმალურად იკეტება.

საოკუპაციო ძალებმა 2016 წლიდან დახურეს გალის რაიონისა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გადასასვლელი პუნქტების უმრავლესობა. 2016-2017 წლებში გაუქმდა შამგონა-თაგილონის, ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას გადასასვლელები. აღნიშნული გადასასვლელების დახურვამ, 20-25 კილომეტრით გაახანგრძლივა გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების მცხოვრებთათვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი სამგზავრო გზა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ორი დარჩენილი ფუნქციონირებადი გადასასვლელიდან - საბერიო-წყოუში და ენგურის ხიდი - საბერიო-წყოუშმაც შეწყვიტა ფუნქციონირება. შედეგად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დარჩა მხოლოდ ერთი გზა - ენგურის ხიდი. თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი გზაც, გალის მკვიდრთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია. 

კორონავირუსის პერიოდში ენგურის ხიდზე პირთა შეზღუდულ წრეს ეძლევა გადმოსვლის უფლება. ასევე, ამ გზით გადმოსვლის შემთხვევაში, გალის მკვიდრებმა უნდა გაიარონ დოკუმენტების კონტროლი. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დე ფაქტო ადმინისტრაციისაგან საჭირო დოკუმენტების მიღება გალის მკვიდრთათვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. ამ მიზნებისათვის გამოსადეგ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური საშვი ან ბინადრობის ნებართვა. ეთნიკური ქართველებისათვის ორივე დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვან დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. გადმოსვლას ართულებს ასევე უკანონო ბორდერიზაცია - რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის გამყოფ ხაზზე აგებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები.

აღნიშნული პრობლემების შედეგად, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, პანდემიის დროს თუ პანდემიამდე, სახიფათო გზებით გადმოდიან, მოშლილი ხიდების გამოყენებით თუ მდინარე ენგურის გადმოლახვით. ამას ემატება საოკუპაციო და დე ფაქტო ძალების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მსგავსი გზებით გადმოსვლის აქტიური კონტროლი, გადმომსვლელ პირთა უკანონო დაკავება და მათი დაჯარიმება. კორონავირუსის შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ხიდით გადმოსვლის დაშვებული შესაძლებლობიც შეიზღუდა - შეიკვეცა იმ პირთა წრე, რომელთაც გადმოსვლის უფლება ეძლეოდათ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

საქართველოს ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ცოტაოდენ შეემსუბუქებინა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკის მძიმე შედეგები გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოველდღიურ ყოფაზე, კორონავირუსის პერიოდში დამატებითი ბარიერები შეუქმნა მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. საოკუპაციო ძალების მიერ წარმოქმნილი არაერთი წინაღობის დაძლევის შემდეგ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ გალელებს, რამდენიმე დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. გალში მცხოვრები პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით გადმოდიან, რომელიც მცირე დროში მოგვარებას საჭიროებს - აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღება, პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენა, პენსიის აღება, სოციალური სერვისებით სარგებლობა. კარანტინის რეჟიმის მოქმედება აზრს უკარგავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ მიზნებით მოქალაქეთა გადმოსვლას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:
  • აღადგინოს გალის რაიონისა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გადასასვლელი პუნქტები
  • გაამარტივოს პროცედურები გალის მკვიდრთათვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი დოკუმენტების მისაღებად
  • შეწყვიტოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელ პირთა უკანონო დაკავება და დაჯარიმება
  • შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ბორდერიზაცია. მოშალოს  გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერები. 
საქართველოს ხელისუფლებას:
  • გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირების მიმართ კარანტინის რეჟიმი და მოახდინოს გადმომსვლელ პირთა ადგილზე ტესტირება
განცხადებები