2021 წლის 16 მარტს, გალელი ექთანი, რომელმაც გულთან დაკავშირებული პრობლემებით ენგურის ხიდი გადმოკვეთა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქალს გულის ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. საკარანტინო სივრცეში ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ირკვევა, იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწორედ სამკურნალოდ გადმოვიდა. არსებული ინფორმაციით, ნარგიზა აბუთიძეს გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოს ნაცვლად, ის კარანტინში მოათავსეს. ამასთან, იგი გალიდან რეანომობილით გადმოიყვანეს.
აღსანიშნია, რომ თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც გალის რაიონის მცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 11 თებერვლის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება 2021 წლის 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან, ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის გაიხსნებოდა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განმარტა, რომ 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე საკარანტინე ვადა 12-დღიანი იყო, ხოლო 11 თებერვლიდან, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ის 5-დღიანი გახდებოდა და მათ სივრცის დატოვება PCR ტესტირების უარყოფითი შედეგისა და საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ ექნებოდათ.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვის მოხსნით, სინამდვილეში, გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები აპროტესტებენ, რომ კარანტინის არსებობა მათ დამატებით შეფერხებებს უქმნით და გადმოსვლის იდეას აზრს უკარგავს. ამიტომ ისინი სავალდებულო კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.
COVID-19-ის ვირუსის პანდემიის გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცენტრის შეფასებით, შემაშფოთებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაზეც დიდ ზეგავლენას ახდენს ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რამაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრობლემები გაამწვავა. ასევე, სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შეუძლებლობის გამო არაერთი ადამიანი დაიღუპა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
1. ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსული ადამიანები, წინასწარი ტესტირების საფუძველზე, გადაიყვანონ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო საკარანტინე ზონებში გადაყვანილ პირებზე, გააძლიერონ სამედიცინო ზედამხედველობა, კვალიფიციური მედ. პერსონალის მეშვეობით;
2. საკარანტინე ზონებში გაძლიერდეს სამედიცინო ზედამხედველობა და შესაბამისი ჩივილების არსებობის შემთვევაში, მიიღონ სწრაფი და ადეკვატური ზომები;
3. საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და ეს პროცესი წარმართოს თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი