განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ამნისტიის კანონის ინიცირებასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე

22.04.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობით წარმართულ და წარმატებით დასრულებულ მედიაციის პროცესს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მქონეა, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე -  ევროკავშირის როლის განსამტკიცებლად სხვადასხვა სახის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა, რაც საქართველოს წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნეობისაა. 

ადამიანის უფლებთა ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს მიერ წარდგენილ კომპრომისულ შეთანხმებას და მისი იმპლემენტაცია წარმართოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების განუხრელი დაცვით.

სახელწოდებით - „სამომავლო გზა საქართველოსთვის” მიღებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი საგანი პოლარიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ადამიანის უფლებათა ცენტრი, გასული წლების განმავლობაში, მუდმივად მიუთითებდა ქვეყანაში არსებული შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებზე. ცენტრმა 2020 წელს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთ საქმეებზე, სადაც სისხლისამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივით წარმართვის სავარაუდო ნიშნები არსებობდა, მოამზადა 6 ანალიტიკური დოკუმენტი, 2 შუალედური და 2 შემაჯამებელი ანგარიში, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა, გიორგი რურუასა და ნიკანორ მელიას გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. 

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი,  რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება პოლიტიკური მართლმსაჯულების ასახვას საბოლოო დოკუმენტში, რაც დოკუმენტშივე გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მოქალაქებიის ნდობის გაზრდას სახელმწიფო სტრუქტურებისადმი და შერჩევითი სამართლის სამომავლო რისკების მინიმალიზაციას. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესების დაცვას როგორც, ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

2019 წლის 20-21 ივნისს საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლისას გამოყენებულმა არაპროპორციულმა ძალამ და მეთოდებმა, აქციის მონაწილეთა უფლებების მასშტაბური დარღვევა გამოიწვია. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებულმა არაპროპორციულმა და გადამეტებულმა საპოლიციო ძალამ სამართლიანად დატოვა აქციის მონაწილეთა დასჯის შთაბეჭდილება. აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ძალის, დემონსტრანტთა დაკავებისა და შემდგომ პერიოდში სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელშეშლის და ამ საქმის გამოძიების არაეფექტიანობის გამო, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცული წამების აკრძალვის, როგორც მატერიალური, ისე პრეცედურული ნაწილების დარღვევასთან. 

ევროპული კონვენციის სულისკვეთებისა და ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელსაც იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ დოკუმენტი, დაუშვებელია ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ჩადენილი აქვს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები. ამასთან, თავად ის ფაქტი, ეროვნულ დონეზე გამოძიება წარმართულია თუ არა სწორი კვალიფიკაციით, არ არის რელევანტური კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულ სამართალდამცველვთა წინააღმდეგ გამოძიება არ წარიმართა შესაბამისი კვალიფიკაციით, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 144(3) მუხლით, მათ მიერ ჩადენილი ქმედების შემადგენლობა უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაც ევროპული სასამართლოს დადგენილი სავალდებულო სტანდარტით, გამორიცხავს აღნიშნული პირებისადმი ამნისტიის კანონის გამოყენების შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პსრტიას, არ დაუშვან ამნისტიის კანონის მიღება ისეთი ფორმულირებით, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც იქნება გავრცელებული, ეროვნულ დონეზე ამ ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
განცხადებები