პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით სამ მოქალაქეს ჯარიმა გაუუქმდა

19.05.2021
ფონტის ზომა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის  საჩივრები და ბათილად ცნო მოქალაქეების: ს. ბ-ს, ს. ბ.-სა და დ.ჯ.-ს მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები და გააუქმა მათზე დაკისრებული ჯარიმები.

მოქალაქეები, რომლებმაც ადამიანის უფლებათა ცენტრის უფასო სამართლებრივი დახმარებით ისარგებლეს 2020 წლის 30 ნოემბერს და 2021 წლის 4 იანვარს დააჯარიმეს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მართალია, პირბადის ღია სივრცეში გამოყენების აუცილებლობა განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N368 დადგენილების მე-3 მუხლის ა1 ქვეპუნქტით (ცვლილება ძალაში შევიდა 2020 წლის 3 ნოემბერს), მაგრამ ეს წესი ვერ გახდებოდა ჯარიმის დაკისრების საფუძველი, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 4211-ე მუხლით გათვალისწინებულია მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმის დაკისრება. სწორედ ამ ნორმის ფარგლებში მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N368 დადგენილება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით დაუშვებელია პირის  მიმართ სანქციის დაკისრება.  სანქციის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ კანონის და არა კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე (ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი მუხლი მე-9 და ამავე კანონის მუხლი 2.).

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თავდაპირველად გაასაჩივრა ქუთაისის საპატრულო პოლიციის სამმართველოში, მაგრამ უწყებამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებები საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა უკვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.  17 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 მოქალაქის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული ჯარიმები ბათილად ცნო და  ჯარიმები გააუქმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
პრეს-რელიზი
Loading...