განცხადებები

კოალიცია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩეს

04.06.2021
ფონტის ზომა
2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება.  სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს. 

უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ისედაც სუსტ რეპუტაციასა და ნდობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აღნიშნულს განსაკუთრებით შეუწყო ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ორი წევრის დანიშვნამ. კერძოდ, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე საყოველთაოდ გაკრიტიკებული პროცედურით ფორმირებული უზენაესი სასამართლოს შემადგენლობამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2 წევრი აირჩია. ამ პროცესში კი მინიმალურადაც არ იყო უზრუნველყოფილი საჯარო ინტერესი და საზოგადოებრივი/პროფესიული ჯგუფების ჩართულობა. ერთ-ერთი ახლადდანიშნული მოსამართლე - ვასილ როინიშვილი, თანამდებობაზე განწესებიდან 8 დღეში, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავჯდომარე გახდა.   საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს პირობებში დაკომპლექტება ასევე აძლიერებს ეჭვს, რომ საერთო სასამართლოებში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება საკონსტიტუციო სასამართლოშიც მნიშვნელოვნად ძლიერდება. 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დახურულ კარს მიღმა, ყოვლად გაუმჭვირვალე პროცედურებით შეარჩიოს და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მინიმალური დასაბუთების ვალდებულებაც არ აქვს და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროშია მოქცეული. ისედაც დაბალი ნდობის პირობებში, ამგვარი პროცესი კიდევ უფრო დააზარალებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და მთლიანობაში, ამ ინსტიტუტის სანდოობაზე უარყოფითად აისახება. 

სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგეს და ეს „შარლ მიშელის შეთანხმებითაც“ დასტურდება. კონსტიტუციური კონტროლი სასამართლო ხელისუფლების განუყოფელი კომპეტენციაა და განსაკუთრებულ მნიშვნელობა გააჩნია კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შემდგომი რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს.   

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გაითვალისწინოს სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევები, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებით. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა როგორც პროცესის, ისე მის შედეგად შერჩეული კანდიდატის მიმართ. 
განცხადებები