ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მოხალისეები მუშაობენ იმ ხანდაზმულების მხარდაჭერაზე, რომლებიც არიან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლები, მაგრამ მათ არ სურთ, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მათი ოჯახის წევრების (ძირითადად - შვილების) მიმართ არ დაიწყოს სამართლებივი დევნა. ქვეყანაში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულთა სტატისტიკა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსხვერპლის გადაყვანა თავშესაფარში ეფუძნება მის გადაწყვეტილებას. მსხვერპლის რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მან საკუთარი თავი არ დაიდანაშაულოს. თუმცა, ხანდაზმულთა უმრავლესობას ურჩევნია, თავის სახლში განაგრძოს ცხოვრება.
მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახში კონფლიქტის დროს, საჭიროების შემთხვევაში ხდება მსხვერპლის თავშესაფარში გაყვანა.
სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმუშაოს მოძალადესთან, მაგრამ როგორც წესი, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის და მსხვერპლის თავშესაფარში გადაყვანის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები მხოლოდ მსხვერპლთან მუშაობენ. არადა, თავშესაფრის დატოვების შემდეგ შესაძლოა, მსხვერპლს ისევ მოძალადესთან მოუწიოს დაბრუნება. თუკი მოძალადემ საპატიმრო სასჯელი მოიხადა, მაშინ ოჯახში ურთიერთობა კიდევ უფრო რთულდება.
შინაგან საქმეთა სამინისტოში ბოლო წლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. მართლწესრიგის ოფიცრები ახორციელებენ მონიტორინგს დანაშაულის რისკის შემცველ ოჯახებზე. თუმცა, ეს ინსტიტუტი მოქმედებს მხოლოდ დედაქალაქის (თბილისის) მასშტაბით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებში არის მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ასეთი ჩანაწერის მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი სერვისის მიმწოდებელი ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძალადეთა ქცევის კორექციას, რაც თავიდან აგვაცილებს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის რისკებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ძალადობის სტატისტიკას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემცირებისთვის, გარდა მსხვერპლთა დაცვისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს პრევენციული ღონისძიებები სავარაუდო მოძალადეებთან და რისკჯგუფებთან (გარდა სამართლებრივი დევნის დაწყებისა) ფსიქო-სოციალური განათლების მიწოდების კუთხით, რაც იქნება დანაშაულის პრევენციაც და დაიცავს ოჯახებს კონფლიქტებისგან , განსაკუთრებით კი - ხანდაზმულებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
- შექმნას სარეაბილიტაციო ცენტრები მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
- შეიმუშაოს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის პრევენციის სამოქმედო გეგმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- შექმნას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობაზე ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი;
- მოახდინოს ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი