ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდაქ ართლში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთა მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და სოციალური სუბსიდიების ხელმისაწვდომობის პრობლემა. გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში პირდაპირი ვიზიტებისას გამოიკითხა 200-ზე მეტი მარტოხელა/მარტოდ მცხოვრები ხანდაზმული. მათი უმრავლესობა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს მედიკამენტების შეძენას და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ერთ- ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გადაადგილება. ხანდაზმულმა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური გასაცემელი (სოციალური შემწეობა) რომ მიიღოს, ამისათვის საჭიროა, განცხადებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. განცხადების შესავსებად საჭიროა:
- ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
- მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.
გამოკითხულ ბენეფიციართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უჭირთ განცხადებით მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რწმუნებულება ხანდაზმულებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ, რის გამოც ვერ მიმართავენ სააგენტოს განცხადებით სხვა პირის მეშვეობით და ამის გამო, ხელი არ მიუწვდებათ ფულად სოციალურ დახმარებაზე. სააგენტოს არასაკმარისი ადამიანური რესურსებით (სოციალური აგენტები) ადგილზე ვერ ხდება იმ ბენეფიციარების შემოწმება, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოსგან ზრუნვას.
COVID 19 - ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაუარესდა მარტოდ მცხოვრები (მეტწილად - სოფლებში) ხანდაზმულების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც თან ერთვის ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხულ ხანდაზმულთა უმრავლესობა წლების წინ ირიცხებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით შეუწყდათ სოციალური შემწეობის მიღება; ხოლო ეკონომიკური და ფიზიკური მდგომარეობის გამო, სააგენტოს ვეღარ მიმართეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს:
- გაითვალისწინოს ხანდაზმულთა განსაკუთრებული საჭიროებები, ადამიანური და მწირი ფინანსური რესურსები და პროგრამა გახადოს უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული.
- მოახდინოს მეტი კოორდინაცია და სოციალური აგენტების მობილიზება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებას და რეალური საჭიროების მქონე პირები შეძლებენ ისარგებლონ სახელმწიფო სოციალური პროგრამებით.
- სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინერგოს განაცხადების ელექტრონულად წარდგენის მექანიზმი, რაც მარტოხელა/მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს საშუალებას მისცემს, მხარდამჭერების (დოკუმენტის არმქონე მხარდამჭერების) საშუალებით გააკეთონ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიზიკურად წარდგენის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი