2021 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის ბიურომ 30 დღით გააგრძელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის ვადა. შესაბამისად, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მთელი თვე რჩებათ დისკუსიისათვის, რათა საბოლოოდ შეთანხმდეს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი დანაშაულების რა ნაწილს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი და როგორ დააზღვევს იგი იმ რისკებს, რაზეც შეშფოთებას გამოხატავენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.
20 ივნისს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეთა დაშლის მიზნით, ხელისუფლებამ სპეციალური საშუალებები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. სამართალდამცავი პირები რეზინის ტყვიებს ინტენსიურად იყენებდნენ აქციაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ძალადობრივ მოქმედებებში და არ ქმნიდნენ საფრთხეს გარშემომყოფებისა თუ სამართალდამცავი პირებისათვის. რეზინის ტყვიების კანონთან შეუსაბამო გამოყენების შედეგად ათეულობით პირმა მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანებები.
20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. რეზინის ტყვიები დაუშვებელია გამოიყენებოდეს როგორც ზოგადი საშუალება ხალხის მასის დასაშლელად. მათი გამოყენება მხოლოდ იმ პირთა წინააღმდეგ არის ნებადართული, რომლებიც ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებენ ან რომელთა მხრიდან ძალადობის რეალური საფრთხე მომდინარეობს. დაუშვებელია რეზინის ტყვიების სროლა სამიზნე პირის სხეულის ზედა ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამიზნე პირი სამართალდამცავი ან სხვა პირის სიცოცხლის ხელყოფის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების რეალურ საფრთხეს ქმნის. 2019 წლის 20-21 ივნისს, სამართალდამცავმა პირებმა ამ წესების დარღვევით აქციაზე მყოფ ათეულობით მშვიდობიან პირს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. სამართალდამცავი პირების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.
2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ გამოურკვევიათ სამართალდამცავი სტრუქტურის მაღალჩინოსანი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის ღონისძიების ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი, გიორგი გახარია, მისი მოადგილეები და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმდროინდელი დირექტორი, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და კურირებდნენ აქციის დაშლის ოპერაციას. მათ ეკისრებოდათ სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადო რეაგირება მოეხდინათ რეზინის ტყვიების კანონსაწინააღმდეგო გამოყენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების აღსაკვეთად. რამდენად შეასრულეს მაღალი თანამდებობის პირებმა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა, რა მოქმედებები განახორციელეს ამ მიზნით და რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა ამ საკითხის გამოსარკვევად - ამ შეკითხვებზე საპასუხო ინფორმაცია დღესდღეობით დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანებისთვისაც კი ხელმიუწვდომელია. საგამოძიებო ორგანოების მიერ სათანადო ნაბიჯები არ გადადგმულა ასევე ქვედა რგოლის იმ სამართალდამცავი პირების გამოსავლენად, რომლებიც უკანონოდ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს აქციაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დრომდე, რეზინის ტყვიების უკანონო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პირია პასუხისგებაში მიცემული.
20-21 ივნისის აქციაზე, სამართალდამცავი პირების მიერ ძალის გადამეტებისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობით ჟურნალისტი დაშავდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დაშლისას, მედიის 38 წარმომადგენელმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, რომლებიც აქციაზე პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული სამი ჟურნალისტის ინტერესს, რომლებმაც სამართალდამცავი პირების მიერ რეზინის ტყვიების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
საქმეში ცაავა-კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრი დავობს, რომ ჟურნალისტების - მერაბ ცაავასა და ბესლან კმუზოვის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).
საქმეში სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრი დავობს, რომ ჟურნალისტის, ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა სვანაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).
20-21 ივნისის აქციის მონაწილე მშვიდობიანი პირებისა და ჟურნალისტების არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. თუმცა, არაერთ შემთხვევაში, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ გამოძიება წარიმართოს სპეციალური, სსკ-ის 144³ მუხლით - დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - რომელიც სათანადოდ ასახავს ჩადენილი დანაშაულის რეალურ სიმძიმესა და ხასიათს.
სწორედ ამ ტენდენციის გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის საგანგაშოა საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას ჩადენილ დანაშაულებს. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტის თანახმად, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებზე. ამნისტია გავრცელდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ 20-21 ივნისის აქციისას განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს, თუკი გამოძიებისას კვალიფიკაცია არ შეიცვალა, ფაქტობრივად, ამნისტია შეეხება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ჩამდენ სამართალდამცავ პირებს. ეს კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუშვებელია ამნისტიის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო პროცესზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურაა და არა პარლამენტი, არსებულ ვითარებაში, როცა პროკურატურა არ არის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, გამოკვეთილია საფრთხე, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი დანაშაულები დარჩება გამოუძიებელი და ამას ხელს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეუწყობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი