განცხადებები

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის განცხადება

30.06.2021
ფონტის ზომა
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის ხელმომწერი წევრები, შეშფოთებული ვართ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერებისა და უფლებადამცველების წინაშე არსებული საგანგაშო საფრთხეებით. ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე იდეების მომხრეები აქტიურად ავრცელებენ განცხადებებს და ფიზიკურად ემუქრებიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მონაწილეებს. ეს საფრთხეები ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღონ ეფექტური და დაუყოვნებელი ზომები ღონისძიების ორგანიზატორებისა და მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაიცვან მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -10 და მე -11 მუხლებში.

კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
– უზრუნველყონ, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიცვან ღონისძიების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაგეგმვისა და მომზადების ეტაპებზეც.
– საჯაროდ დაგმონ „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორების, აქტივისტების და მხარდამჭერების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა.
– ეფექტურად, დროულად და ყოვლისმომცველად გამოიძიონ „ღირსების მარშის“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართული შევიწროებისა და ძალადობრივი მუქარის ყველა შემთხვევა.
– საჯაროდ დაგმონ პარლამენტის წევრებისა და მმართველი პარტიის ლიდერების ის განცხადებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ დროს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს ეწინააღმდეგება.
– ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების მიმართ სოლიდარობის მიზნით, საჯაროდ შეუერთდნენ „ღირსების მარშს“.

2021 წლის 4 ივნისს, ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდი“ საქართველოში, ივლისის პირველ კვირაში, „პრაიდის კვირეულის“ ჩატარება დააანონსა. პრაიდი მოიცავს სამ ღონისძიებას, რომელთა დასკვნითი ეტაპია „ღირსების მარში“. მარშის ფარგლებში, ლგბტ+ თემი და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

„პრაიდის კვირეულის“ დაანონსების შემდეგ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა და მათმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ღირსების მარშის“ გამართვას ხელს შეუშლიან. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც დეპუტატებიც არიან, „ღირსების მარშს“ საჯაროდ დაუპირისპირდნენ. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები დაადანაშაულა და ისინი უპასუხისმგებლოებად მოიხსენია. ამავე პარტიის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებმა „საზოგადოების სხვა წევრებიც უნდა გაითვალისწინონ”.

წლებია, საქართველოში ლგბტ+ თემის, მათი უფლებადამცველებისა და მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები იზღუდება. ჩვენ ვიხილეთ ჰომოფობიური თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც 2012 წელს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) აღნიშნავდნენ და მასშტაბური ძალადობრივი თავდასხმები 2013 წლის 17 მაისს. 2015 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციამ 2012 წლის IDAHOT–ის მსვლელობის მონაწილეები ვერ დაიცვა, რაც მათი შეკრების თავისუფლების დარღვევა, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება იყო. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა: „მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შესაძლებელია გააღიზიანოს ან გაანაწყენოს ადამიანები, რომლებიც იმ იდეების ან განცხადებების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, რომელთა ხელშეწყობასაც დემონსტრაცია ისახავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მონაწილეებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ოპონენტებისგან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე გამართონ დემონსტრაცია; დემოკრატიაში კონტრდემონსტრაცია არ შეიძლება გადაიზარდოს დემონსტრაციის უფლების განხორციელების შეფერხებაში”. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა წინასწარ იცოდნენ დემონსტრაციისა და შესაძლო რისკების შესახებ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების საკმარისად შეკავება და ვერ მიიღეს ადეკვატური ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ „ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების სათანადოდ შეკავება და მარშის მშვიდობიანი ჩატარება“

ორი წლის წინ, 2019 წელს, პირველი „პრაიდის მარში“ თითქმის იძულებით გაუქმდა, საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობის გამო. მუქარის მიუხედავად, ორგანიზატორებმა ექსპრომტად მოაწყვეს მსვლელობა, რომელიც მხოლოდ 30 წუთი გაგრძელდა, სწორედ მემარჯვენე ჯგუფებისგან მომავალი საფრთხის გამო. მაშინ, ჩვენმა ქსელმა გამოაქვეყნა ერთობლივი წერილი, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებდით, დაეცვა ლგბტ+ თემი და მათი უფლებადამცველები. ორი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ გვიწევს, გავიმეოროთ იგივე მოწოდება, რომელიც ახლა უფრო საგანგაშო ხასიათს ატარებს.

წლებია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ვერ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს ლგბტ+ თემის, მათი მხარდამჭერებისა და უფლებადამცველების მიერ უფლებებით სრულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.  საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ყველა ადამიანის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლებები საქართველოში, მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. ეს უფლებები მოიცავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზემოაღნიშნულ მოწოდებებს დაუყოვნებლივ გაითვალისწინებს.

ხელმომწერები:
  • ერევნის ადამიანის უფლებათა სახლი (სომხეთი)
    • არასამთავრობო ორგანიზაცია „Pink”
  • ბორის ზვისკაუს სახელობის ბელორუსის ადამიანის უფლებათა სახლი (ბელორუსი)
  • ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (ხორვატია)
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (საქართველო)
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • უფლებები საქართველო
    • მედიის ინსტიტუტი
    • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
    • საფარი
  • ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (ნორვეგია)
  • „Mental Health and Human Rights Info” (ნორვეგია)
  • ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი (პოლონეთი)
  • ჩერნიგოვის ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო სახლი (უკრაინა)
    • არასამთავრობო ორგანიზაცია “მარტი”
  • ყირიმის ადამიანის უფლებათა სახლი (უკრაინა)
    • ZMINA
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით