განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრისა (HRC) და მედიის ინსტიტუტის (Media Institute) სპეციალური განცხადება ,,ღირსების მარშის” წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით 

05.07.2021
ფონტის ზომა
„ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“ და „მედიის ინსტიტუტი (Media Institute)“ ეხმიანებიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან LGBTQ+ თემის, მათი მხარდამჭერების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების წინაშე არსებულ საგანგაშო საფრთხეებსა და მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს.   

როგორც მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ძალადობრივი ჯგუფების  მხრიდან, ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებას, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე ფიზიკურ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია ,,მთავარი არხის”, “პალიტრა new-ის” და “ TV პირველის” ოპერატორები, დამტვრეულია ტექნიკა. გარდა ამისა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტსა და ოპერატორს მოტოციკლით მიზანმიმართულად დაეჯახა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია კადრები, სადაც ჩანს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ  გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. მიმდინარეობს ორგანიზებული თავდასხმა სხვადასხვა ორგანიზაციის  ოფისებზე.  ბოლო ინფორმაციით, ადგილზე მომუშავე 6 ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მათი სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაყვანა გახდა აუცილებელი.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები ფიზიკურად ემუქრებიან დღეს დაგეგმილ „ღირსების მარშის“ მონაწილეებს. აღნიშნული საფრთხეები საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები. განსაკუთრებით საგანგაშოა ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა.
ასევე, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი საპოლიციო ძალები არ არის საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებისა და სხვა პირების ძალადობისგან დასაცავად. შესაბამისად, ხელისუფლებამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს მიმდინარე მოვლენების სიმწვავე და ძალადობრივი ფაქტების პრევენციისა და აღსაკვეთად, გამოიყვანოს დამატებითი საპოლიციო ძალები. 

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომლის შინაარსი ძალადობის წამახალისებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. პრემიერის განცხადება ეფუძნება ფაქტობრივ სიცრუეს, ქვეყანაში LGBTQ+ ადამიანთა შესახებ, ხელს უწყობს მცდარი სტერეოტიპების გამყარებას უმრავლესობის დისკრიმინაციის შესახებ და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციის სულისკვეთებას.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა არ შეიძლება დაყვანილ იქნეს სახელმწიფოს  ნეგატიურ ვალდებულებაზე – უფლებით სარგებლობის დროს თავი შეიკავოს უსამართლო ჩარევისგან, სახელმწიფოს ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომელიც მას შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე ადამიანების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს.   

სახელმწიფოს ევალება დაიცვას მშვიდობიანი შეკრება მესამე პირთა მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისგან. მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისათვის სათანადო პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი მსვლელობის წინააღმდეგ ჩადენილი გადაცდომა  კი სწრაფ და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ: 

საქართველოს ხელისუფლებას:

  • მიიღონ ეფექტური და დაუყოვნებელი ზომები, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად.  ასევე, ,,ღირსების პრაიდის” ღონისძიების ორგანიზატორების, მონაწილეებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზებისათვის, გადადგას ეფექტური ნაბიჯები;
  • არ გააკეთონ განცხადებები, რომლებიც ემსახურება „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორების, აქტივისტების და მხარდამჭერების  დისკრედიტაციას და ხელს უწყობს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების უკანონო შეზღუდვას;
  • საჯაროდ დაგმონ საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მმართველი პარტიის ლიდერების ის განცხადებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ დროს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • სასწრაფოდ გადადგას შემხვედრი ნაბიჯები საფრთხეში მყოფი უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და ,,ღირსების მარშის” მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად;
  • ობიექტურად და ეფექტიანად იქნას გამოძიებული ჟურნალისტებსა და ,,ღირსების მარშის” მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის, სავარაუდო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელსაც აქვს ადგილი “ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მიერ;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება “სირცხვილიას” და “Tbilisi Pride-ის” ოფისში შეჭრისა და სხვისი ქონების უკანონო დაზიანების ფაქტებზე;
  • მოახდინოს სამართალდამცველთა ადეკვატური მასის მობილიზება, რომელიც შესაძლებელს გახდის წესრიგისა და უსაფრთხოების აღდგენას და აღკვეთს სამართალდარღვევის ფაქტებს;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა ძალადობრივ მოწოდებებზე, რომელიც დასჯადია სისხლისსამართლებრივი წესით. 
.საქართველოს საპატრიარქოს: 

  • გააცნოებიეროს სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესიის როლი და ადგილი. გაემიჯნოს ნებისმიერი ტიპის ძალადობას ან მსგავსი შინაარსის მოწოდებას. გააცნობიეროს საკუთარი როლი მიმდინარე პროცესებში და გადადგას ნაბიჯები შექმნილი ვითარების დეესკალაციისკენ.
განცხადებები