განცხადებები

სასწრაფო მიმართვა — ობსერვატორია

09.07.2021
ფონტის ზომა
 
GEO 001 / 0721 / OBS 079
ფიზიკური თავდასხმა/
თავდასხმა შეკრების თავისუფლებაზე/
მუქარა/
დისკრიმინაცია
საქართველო
2021 წლის 9 ივლისი

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია, რომელიც არის წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციისა  (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ერთობლივი პროგრამა, ითხოვს თქვენს გადაუდებელ ჩარევას საქართველოში შექმნილი შემდეგი მდგომარეობის გამო. 

სიტუაციის აღწერა:
ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC), რომელიც არის OMCT-ისა და FIDH-ის წევრი ორგანიზაცია, ობსერვატორიას აცნობა თბილისში მის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, ასევე ჟურნალისტებისა და ლგბტქ+ აქტივისტების წინააღმდეგ თბილისის პრაიდის კვირეულის განმავლობაში ულტრამემარჯვენე და ლგბტქ+ მოწინააღმდეგე ჯგუფების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. 

2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, ლგბტქ+ მოწინააღმდეგეთა ჯგუფი თავს დაესხა ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისს, რომელიც მდებარეობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შენობაში (HRHT) . ჯგუფმა ალყა შემოარტყა შენობას და შენობის ეზოში ისროლა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც წარმოადგენდა შურისძიებას თბილისის პრაიდის კვირეულის ორგანიზატორთა, მათ შორის - ლგბტქ+ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანების - „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ მხარდაჭერისთვის. თავდასხმისას ერთი სამოქალაქო აქტივისტი მუცლის არეში დაიჭრა. 

5 ივლისს დილაადრიან ულტრამემარჯვენე და ლგბტქ+ მოწინააღმდეგეთა ჯგუფები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გამოვიდნენ, რათა არ დაეშვათ „ღირსების მარში“ -  თბილისის პრაიდის კვირეულის დამასრულებელი ღონისძიება, რომელიც იმავე დღეს საღამოს 6 საათზე უნდა გამართულიყო. ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა 53 ჟურნალისტს და  ოპერატორს, რომლებიც აშუქებდნენ ლგბტქ+  მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას.  ისინი ურტყამდნენ მათ მუშტებს, წიხლებს, ჯოხებსა და ბოთლებს. მიუხედავად ფართომასშტაბიანი ძალადობისა და  მედიის მუშაკების, ლგბტქ+ პირებისა და  აქტივისტების მიმართ არსებული რისკებისა, საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შესძლეს თავდასხმების პრევენცია და ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ მოუწოდა „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს, გაეუქმებინათ ღონისძიება  ძალადობის რისკის გამო, ხოლო ძალადობრივ ჯგუფებს ქალაქის ცენტრში თავისუფლად მარშირების საშუალება მისცა.  

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა საზოგადოების ყველა წევრისათვის. 

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მარში არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან მისი თქმით, „მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება არის მიუღებელი“. ამავდროულად, პრემიერმინისტრმა უარყო რაიმე სახის დისკრიმინაციის არსებობა ქვეყანაში ლგბტქ+ პირების მიმართ. პრემიერ-მინისტრის განცხადებების შედეგად, შეიზღუდა აქტივისტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და  უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის წევრიც არის საქართველო.  პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს მოუწიათ  ღონისძიების გაუქმება.

ამ სასწრაფო მიმართვის გამოქვეყნების დროისთვის 8 პირია დაკავებული „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის“, „დევნის“, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და  მასში მონაწილეობის“, ასევე „ძალადობის“ ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე, 156-ე და 225-ე მუხლები),  მედიის მუშაკებზე ძალადობრივ თავდასხმებთან კავშირში.  ასევე, გამოძიება დაიწყო ადამიანის უფლებათა სახლის შენობაზე  თავდასხმის ფაქტზე  „ძალადობისა“ და „ნივთის დაზიანების ან განადგურების“ ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლები).

2021 წლის 6 ივლისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა მშვიდობიანი შეკრება,  წინა დღით დაშავებულ პირთა მიმართ  მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.  ამ ღონისძიებასაც ხელი შეუშალეს და მის მონაწილეებს თავს დაესხნენ ძალადობრივი ჯგუფები. მოძალადეები ცდილობდნენ საპოლიციო კორდონის გარღვევას, ისროდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ქვებს და ბოთლებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და მოვლენების გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტების მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დააპატიმრა ზოგიერთი თავდამსხმელი, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება საპოლიციო დერეფნის მეშვეობით მოუხდათ, რადგან მათ უსაფრთხოებასა და ფიზიკურ ხეშეუხებლობას არსებითი საფრთხე შეექმნა. 

ობსერვატორია მკაცრად გმობს თავდასხმას ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისზე და მის წევრებზე, ასევე ძალადობრივ აქტებს თბილისის პრაიდის კვირეულის ორგანიზატორების, ქართული ლგბტქ+ თემისა და მოვლენათა გადმომცემი ჟურნალისტების  წინააღმდეგ. ობსერვატორია, ასევე, გმობს ქართული ლგბტქ+ თემის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას. 

ობსერვატორია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დაუყოვნებლივი და გამჭვირვალე გამოძიება ზემოხსენებული თავდასხმების ფაქტებსა და ძალადობრივ ქმედებებზე და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ყველა ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, განსაკუთრებით - ლგბტქ+ უფლებადამცველთა ფიზიკური ხელშეუხებლობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.   

ობსერვატორია  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,  უზრუნველყოს თანასწორობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება,  როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით არის გარანტირებული.    

მოთხოვნილი ქმედებები:

გთხოვთ, მისწეროთ საქართველოს ხელისუფლებას და მოსთხოვოთ მას: 
I. ნებისმიერ ვითარებაში უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ყველა წევრის ფიზიკური ხელშეუხებლობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ასევე, ყველა უფლებადამცველის, განსაკუთრებით კი ლგბტქ+ უფლებადამცველთა ხელშეუხებლობა; 
II. ჩაატაროს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დაუყოვნებლივი და ყოველმხრივი გამოძიება ზემოხსენებული თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტებზე, რათა დადგინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი, და ისინი წარსდგნენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ კანონის შესაბამისად;
III. ბოლო მოეღოს საქართველოში უფლებადამცველთა და  განსაკუთრებით ლგბტქ+ უფლებადამცველთა წინააღმდეგ ძალადობასა და მათ შევიწროებას;
IV. მიღებულ იქნას ყველა ზომა თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა  და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისათვის,  როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 21-ე მუხლებით, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 26-ე, მე-19 და 22-ე მუხლებით.

ადრესატები:
•    ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელ-ფოსტა: info@gov.ge.Twitter: @MenternGovernGeo
•    ბ-ნი ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ელ-ფოსტა: police@mia.gov.ge. Twitter: @MiaofGeorgia
•    ბ-ნი ირაკლი შოთაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი. ელ-ფოსტა: presscenter@pog.gov.ge. Twitter: @OfficialPOG)
•    ბ-ნი კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ელ-ფოსტა: contact@parliament.ge Twitter: @Geoparliament
• საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ჟენევა. ელ-ფოსტა: geomission.geneva@mfa.gov.ge
•  საქართველოს საელჩო ბელგიასა და ლუქსემბურგში, და საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის კავშირში. ელ-ფოსტა: eomission.eu@mfa.gov.ge. Twitter: @GEOmeteu
გთხოვთ, მისწეროთ ასევე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თქვენს ქვეყნებში.

***
ჟენევა-პარიზი, 2021 წლის 9 ივლისი
გთხოვთ, გვაცნობოთ ნებისმიერი ქმედების შესახებ, რომელსაც განახორციელებთ, და მიუთითეთ ამ მიმართვის კოდი თქვენი პასუხისას.
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (ობსერვატორია) შეიქმნა 1997 წელს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ. აღნიშნული პროგრამის მიზანია უფლებადამცველთა წინააღმდეგ რეპრესიების თავიდან აცილება ან ასეთი რეპრესიული მდგომარეობის გამოსწორება. როგორც OMCT, ასევე FIDH არის ProtectDefenders.eu-ის წევრი, რომელიც არის ევროპის კავშირის უფლებადამცველთა მექანიზმი, და რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება. 

ობსერვატორიასთან დაკავშირების მიზნით დარეკეთ ცხელ ხაზზე:
•    ელ-ფოსტა: Appeals@fidh-omct.org 
•    ტელ. OMCT: + 41 22 809 49 39
•    ტელ. FIDH: + 33 (0) 1 43 55 25 18 
განცხადებები