პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2021 წლის მარტი-ივნისი)

11.07.2021
ფონტის ზომა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2020 წლის 6 ივლისს ხაშურში ი.ქ.-მ იარაღით რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ცოლს, სამი შვილის დედას, თ.რ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 8 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ჩაერთო  სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, გარდაცვლილი თ.რ.-ს დედის - მ.რ.-ს ინტერესების დასაცავად.

საქმის გამოძიება დაიწყო ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. საქმეში არსებული ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მკვლელობა ჩადენილია ეჭვიანობის ნიადაგზე. გარდაცვლილს მიყენებული აქვს 11 ჭრილობა ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან. ცენტრის იურისტმა მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, მოითხოვა ი.ქ.-სთვის დამატებით ბრალის წარდგენა გენდერული ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. პროკურატურამ მოთხოვნა გაიზიარა და ბრალდებულს წარედგინა ბრალი, როგორც გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლელობის, ისე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციით.

დაცვის მხარის მიერ საქმეში წარდგენილი იქნა ი.ქ.-ს 2017 წლის აპრილის თვის ჯანმრთელობის ცნობები, სადაც მას დაუდგინდა ქცევითი აშლილობა. ასევე, ჩაინიშნა ბრალდებულის ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დაცვის მხარის სტრატეგია მთლიანად დაეფუძნა მტკიცებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შეურაცხადი და ის სრულად უნდა გათავისუფლებულიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ცენტრის იურისტმა მიმართა განცხადებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზისგან საქმის მასალების სრულყოფილად შესწავალა, კვალიფიციური, მიუკერძოებელი, ობიექტური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა დანაშაულის ჩადენის მომენტში.

2021 წლის 29 მარტის განაჩენით სასამართლომ ბრალდებული ი.ქ. დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მკვლელობაში, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობის ნაწილში  ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით წარდგენილ პროკურატურის სააპელაციო საჩივარს ამჟამად იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
 
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს 

15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - გ. მ. დააკავა.  მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი წარმოადგენს. 2017 წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის დეკემბერში - გ.ჯ. ხოლო 2019 წლის ივნისში - მ.კ. დააკავა, რომლებიც გასამართლდნენ და ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრი დაედოთ.

2021 წლის 15 აპრილს გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ გ.მ.-მ 2019 წელს დაკავებულ გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად ჯგუფურად, ბასრი საგნით და მოკვლის განზრახვით მიაყენა ჭრილობები არასრულწლოვან დავით სარალიძეს.

მოქალაქე სისხლის სამართლის ბრალდებაში გამართლდა

2021 წლის აპრილში გ.ბ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა გ.ბ.-ს მიმართ 2006 წლის 5 დეკემბერს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ საქმეზე მიიღო ახალი, გამამართლებელი განაჩენი. 

თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში. 

2006 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ.ბ.ს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ძარცვას გულისხმობს. სასამართლო სხდომაზე გ.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირებით მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლელა ლობჯანიძის ინტერესების დაცვას, რომელიც შსს-ს თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის მსხვერპლი გახდა. 
 
2020 წლის 23 ივლისს შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ლელა ლობჯანიძეს მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე თავს დაესხნენ მეუღლის ძმა და ძმისშვილები. სიტყვიერ  შეურაცხყოფასთან ერთად მას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობას. საქმეში არსებობს არაერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ფაქტის ამსახველი ვიდეო და სხვა მტკიცებულებები. ამის მიუხედავად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას 9 თვე დასჭირდა ბრალის წარსადგენად, რაც აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება ბრალდებულებს ხელს აფარებდა, რადგან ერთ-ერთი მათგანი - ზ.ე. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო მეორე, მისი ძმა თ.ე. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ში დასაქმებული. 
 
2021 წლის 6 აპრილს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა ბრალდებულები, ასევე, სავარაუდოდ, განპირობებული იყო ამ უკანასკნელთა სამსახურებრივი სტატუსითა და უკანონო პროტექციონიზმით. 
 
2021 წლის 15 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დააკმაყოფილა ცენტრის მოთხოვნით წარდგენილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულებს ზ.ე.-სა და თ.ე.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 1500 ლარის ოდენობით, ასევე დამატებითი ღონიძიების სახით აუკრძალა დაზარალებულ ლელა ლობჯანიძესთან, მის საცხოვრებელ სახლთან და სამსახურთან მიახლოება. 
 საქმეს არსებითად იხილავს გორის რაიონული სასამართლო.

მოქალაქეს  საჯარიმო ქვითარი გაუუქმდა და  მართვის უფლება აღუდგა

2021 წლის 20 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კ.მ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და დადგენილება, რითაც კ.მ.-ს 6 თვის ვადით შეუჩერდა მართვის უფლება ავტომობილის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო.

2021 წლის 15 მარტს, გორში, სტალინის გამზირზე, კ.მ. იჯდა საკუთარ გაჩერებულ ავტომობილში და ელოდებოდა საკუთარ ძმას - გ.მ.-ს, რომელსაც უნდა წაეყვანა სახლამდე. ვინაიდან ის არ აპირებდა ავტომობილის მართვას, დალეული ჰქონდა ორი ქილა ლუდი. ამ დროს მასთან მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შეუდგინეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო და შეუჩერეს ავტმობილის მართვის უფლება 6 თვის ვადით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, შედგა საჩივარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრისა და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აქტივისტს ჯარიმა გაუუქმა 

3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა და გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია - საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ა.მ. არ ცნო სამართალდამრღვევად და შეწყვიტა მის მიმართ საქმის წარმოება.

2021 წლის 19 თებერვალს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პერმანენტული აქციების გამართვის მიზნით, კარვების გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც არ მიეცათ პოლიციელთა წინააღმდეგობის გამო. შემთხვევის დროს დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის - ა.მ. იგი იმავე დღეს გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე, მაგრამ მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სსკ 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, რაც პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის  დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

2021 წლის 3 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა ა.მ.-ს სამართალდამრღვევად ცნობა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 15 დღემდე ვადით). მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა ა.მ.-ს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და შეწყვიტა მის მიმართ საქმის წარმოება.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულის საქმე სასამართლომ  შეწყვიტა

2021 წლის 9 ივნისს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მარნეულის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ა.მ.-ს მიმართ. მას შსს ედავებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. 

ა.მ.-ს თქმით, 29 აპრილს იგი მონაწილეობადა მარნეულის მერიის წინ გამართულ საპროტეტსტო აქციაში. შენობაში შესვლისას სამართალდამცავებმა ა.მ. დააკავეს და მის სახელზე შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რითაც ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ასკ 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარებით, 9 ივნისს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ა.მ.-ს მიმართ მტკიცებულებების არარსებობის გამო.

პანდემიის დროს სამსახურიდან გათავისუფლებულ დასაქმებულს ხელფასი აუნაზღაურდა

2021 წლის 17 ივნისს საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა - შპს „ტექნოჰაუსს“ დააკისრა თანამშრომლის, ს.ა.-ს სასარგებლოდ კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.  ასევე  გაუქმდა ს.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. 

2020 წლის  აგვისტოში, ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის ს.ა.-მ მიმართა.  ის 2015 წლიდან შრომითი ხელშეკრულებით ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობდა შპს „ტექნოჰაუსში“ და  ქვეყანაში კოვიდ 19 -ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. შეზღუდვების მეორე ეტაპის მოხსნის შემდეგ (11.05.2020) ს.ა.-სშპს „ტექნოჰაუსიდან“ აღარ დაურეკეს.

23 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. იურისტი ს.ა.-სსამსახურში აღდგენას, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდურის ანაზრაურებას ითხოვდა. სასამართლომ 17 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. ს.ა.-ს სამსახურში აღდგენა სასამართლომ  არ დააკმაყოფილა, რადგან კომპანიის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხაში ტექნიკოსის თანამდებობა არ ფიქსირდებოდა. 

მ.ბ.-ს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა

2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ბ.-ს სარჩელი. სასამართლომ გააუქმა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა დაევალა, რომლის მიხედვითაც უნდა დაკმაყოფილდეს მ.ბ.-ს მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ბ.-მ პირველად 2015 წელს ითხოვა ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან უარი მიიღო.  2017 წელს ლტოლვილის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების საკითხს, უკვე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი განიხილავდა. მ.ბ.-მ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით ახლიდან მიმართა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, საიდანაც კვლავ დაუსაბუთებელი და სტანდარტული უარი მიიღო.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის უარი მ.ბ.-მ 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 2021 წლის 17 ივნისს სასამართლომ ბათილად ცნო შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, დაავალა მას საქმის ხელმეორედ შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ ეკომიგრანტის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა 

2021 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეკომიგრანტ მ.მ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს გადაწყვეტილება მ.მ.-ს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ უარის თქმის თაობაზე და სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრებმა მ.მ.-მ ადამიანის უფლებათა ცენტრს 2020 წლის 9 მარტს მიმართა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალ აღმოჩენილ გარემოებათა გამო განეხილა მ.მ.-ს განცხადება, როგორც ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, სააგენტომ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, კვლავ არ მიიჩნია წარდგენილი ამონაწერი ახალ აღმოჩენილ გარემოებად და უარი განუცხადა მერი მახარაძეს განცხადების დაკმაყოფილებაზე. 

2021 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ. მ.-ს სარჩელი. 

ოთხწლიანი დავის შედეგად გორის მოქალაქემ კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიკანონა 

2021 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელე თ.გ.-სა და მესამე პირის - დ.ტ.-ს საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, ძალაში დარჩა გორის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ.გ.-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები თ.გ.-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დ.ტ.-ს მიერ რეგისტრაციის ნაწილში. თ.გ. შეძლებს სრულად დაირეგისტრიროს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც უკანონოდ ჰქონდა რეგისტრირებული დ.ტ.ს.

2017 წლის 26 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრს გორში მცხოვრებმა თ.გ.-მ მიმართა. მისი განმარტებით, მეზობელმა დ.ტ.-მ დაირეგისტრირა უძრავი ქონება, რომელშიც მოაქცია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. ახლა კი ედავება ამ მიწის ნაკვეთს და მასზე ახორციელებს უკანონო საქმიანობას.  2017 წლის 6 ოქტომბერს საჯარო რეესტრს წარუდგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც მოითხოვა მეზობლის უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმება. სააგენტომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 15 მარტის შემდეგ 11 სასამართლო სხდომა გაიმართა.

არასრულწლოვნის დედამ ყოფილ მეუღლეს მშობლის წარმომადგენლობის უფლება შეუზღუდა 

2021 წლის 15 მარტს, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქ.ს.-ის სარჩელი გ.რ.-ის მიმართ მათი არასრულწლოვანი შვილის - ნ.რ.-ის წარმომადგენლობის უფლების სრულად შეზღუდვის თაობაზე.
2019 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრს ქ.ს.-მ მიმართა. მან ითხოვა  სასამართლოში წარმომადგენლობა მშობლის უფლების შეზღუდვის საქმეზე მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. 
2021 წლის 15 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი. მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობის უფლება საკუთარი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

არასრულწლოვანი მშობლებისგან განცალკევებით იცხოვრებს 

17 მარტს, სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი მ.ძ. განაცალკევა მშობლებისაგან 2021 წლის 1 ივნისამდე.
16 წლის მ.ძ.-მ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის 2020  წლის ნოემბრის თვეში მიმართა. იგი მშობლების მხრიდან უგულვებელყოფას და ბებიასთან ცხოვრების სიძნელეებზე მიუთითებდა. მისი სურვილი იყო მინდობით აღზრდაში გადაყვანა. 9 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა გ.ძ.-სა და დ.ს.-სთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის მიმართ სხვა დანარჩენი უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად. სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, მაგრამ არასრულწლოვნის მდგომარეობა ოჯახში  იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნდა, რომ მან ადვოკატს სთხოვა დახმარება, დაუყოვნებლივ გაეყვანათ ოჯახიდან. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შესაბამისი განცხადებით და მტკიცებულებებით დაუყოვნებლივ მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. 2021 წლის 11 მარტს არასრულწლოვანი სოციალური მუშაკისა და პოლიციის სამი თანამშრომლის თანდასწრებით ბებიის სახლიდან წამოიყვანეს და გადაუდებელ მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს. 

სააგენტო შუამდგომლობით შევიდა  გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და გოგონას მშობლებისგან განცალკევება და მინდობით აღზრდაში გადაყვანა მოითხოვა. 17 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე  მ.ძ.-ს ბიოლოგიური მშობლები არ გამოცხადდნენ. მოსამართლემ დააკმაყოფილა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შუამდგომლობა და მ.ძ. განაცალკევა მშობლებისაგან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე, რომლის ვადა შემდგომში  გაგრძელდა მის სრულწლოვანებამდე.

სააგენტოსა და სასამართლოში არასრულწლოვანი მ. ძ-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავდა.

არასრულწლოვანი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა 

23 მარტს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი, მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვანი გ.მ.-ს ბიოლოგიურ ოჯახში  დაბრუნების შესახებ და გ.მ.-სა და ე.ს.-ს აღუდგინა მშობლის უფლებები.

2012 წლის 10 იანვარს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ე.ს-ს და გ.მ.-ს შეუზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დანარჩენი უფლებამოვალეობების შეუზღუდავად არასრულწლოვანი შვილების, ს.მ.-ს და გ.მ-ს მიმართ. 2018 წლის აგვისტოში ოჯახმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა უფლებამოსილების აღდგენა. მათმა შვილებმა წერილობით გამოხატეს თავიანთი სურვილი ოჯახში დაბრუნების შესახებ.  

სოციალურმა მუშაკმა შეისწავლა ოჯახის საცხოვრებელი პირობები და შედეგად დაასკვნა, რომ ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და საცხოვრებელი პირობები უკეთესობისკენ არის შეცვლილი. ოჯახის საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა და აღარ არსებობს მათი უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველი გ.მ.-ს მიმართ. რაც შეეხება  ს.გ.-ს, მას შეუსრულდა 18 წელი და თავისი ნებით დაბრუნდა მშობლებთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ოჯახმა სარჩელი სასამართლოში 2020 წლის 9 ნოემბერს შეიტანა. 2021 წლის 23 მარტს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და გ.მ.-ს და ე.ს.-ს აღუდგინა მშობლის უფლებები. არასრულწლოვანი გ.მ. ოჯახში დაბრუნდა.

მოქალაქემ შვილი სამართლებრივი გარანტიებით დაიბრუნა

2021 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარების შედეგად  ე.დ.-მ  სამართლებრივი გარანტიებით შეძლო თავისი 2 წლის შვილის დაბრუნება.

2020 წლის ოქტომბერში, ე.დ.-ს საკუთარმა დედამ და ბავშვის მამამ, რომელთანაც განქორწინებულია, წაართვეს შვილთან თანაცხოვრების უფლება. ე.დ.-ს თქმით, მათი საქციელი იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ იგი არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის და საცხოვრებლად პარტნიორთან  ერთად გადავიდა.

2021 წლის ივნისის თვემდე ე.დ.-ს მცირეწლოვანი შვილი დედის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობდა ბებიასთან და დედას შეზღუდული ჰქონდა შვილის ნახვის უფლება.
პრეს-რელიზი