ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება. არჩევნებზე დაკვირვება შესაძლებელია „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „შავი ზღვის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისათვის“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით, ასევე - არჩევნების დღის მონიტორინგს.
წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.
არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია განახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ.
კახეთსა და ქვემო ქართლში დაკვირვება, ძირითადად, განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. არჩევნებამდე მონიტორებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებში.
არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს და გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საარჩევნო მონიტორინგის შედეგები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი