სიახლეები

32 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ

28.07.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან დღემდე საერთო სასამართლოებში აკვირდება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებს. 
 
2020 წლის თებერვლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ  მოექცა ჯამში 32 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში ამჟამად დასრულებულია.

  1. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე. განსახილველ საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. 
  2. ჟურნალისტ ვახტანგ სანაიაზე თავდასხმის საქმე. 2021 წლის 25 თებერვალს ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა. ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან, მათ შორის - მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად პირადი ავტომანქანის აღმართზე აყვანას ცდილობდა. მისი თქმით, ამ დროს ბრალდებულებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე  ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დააკავა სამი პირი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალდობა განახორციელეს ვახტანგ სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. დაკავებულ სამ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ. საქმე საქალაქო სასამართლოში გიორგი კერატიშვილის თავმჯდომარეობით არსებითად განიხილება. მოცემულ ეტაპზე, საქმეზე დასრულდა ბრალდებულების მოწმის სახით დაკითხვა.
  3. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე.წ. კარტოგრაფების) საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილისა და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორის ნატალია ილიჩოვას სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ან/და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. 2021 წლის 28 იანვარს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა  20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. საქმე არსებითად განსახილველად მოსამართლე დალი მეტრეველს გადაეცა. საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. 
  4. გიორგი მუმლაძის  საქმე - სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ბრალად ედება სსკ-ის 353 მ-ის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს - პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქმე  თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. 
  5. მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე - 2021 წლის 6 ივლისს მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დააკავა. ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე - „თავისუფლებისთვის“ და გამოხატავდა პროტესტს. მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივმა ჯგუფებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი იცნეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც იწევდნენ მასზე - ცდილობდნენ ჯებირებს მიღმა გადასვლას და მას საფრთხეს უქმნიდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციელებმა გაიყვანეს ტერიტორიიდან და როგორც შემდეგ გაირკვა - დააკავეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის – 166-ე და 173-ე მუხლებით. საქმის არსებითი განხილვის გადადების შუამდგომლობა  7 ივლისს დაცვის მხარემ დააყენა, საქმის მასალების გაცნობისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ამავე დღეს მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.
  6.  ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის საქმე -  ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება 2021 წლის 3 ივნისს, გენერალურ პროკურატურასთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოთხი სამოქალაქო აქტივისტის - ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის - სასამართლო პროცესს. აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი.
  7. აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას. ბრალდებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გულისხმობს: მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზებას, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ასევე - ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე - ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი მის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. დამატებით, ბრალდებულ აკაკი კობალაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. 2020 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით 10 000  ლარის გადახდა დაეკისრათ. საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი.
  8. სამოქალაქო აქტივისტების საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2021 წლის 16 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის (ირაკლი ფავლენიშვილი, გივი ცინცაძე, ფარნავაზ გრიგოლია, ვანო მაღალაშვილი, ნიკოლოზ კვიტატიანი, ნიკოლოზ ნარსია და დავით დიღმელაშვილი) სასამართლო პროცესს. აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. სასამართლომ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება  166-ე მუხლის ნაწილში შეწყვიტა, ხოლო 173-ე მუხლის ნაწილში აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 1200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  საქმე განიხილა მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა.
  9. ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე - საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომელს, ბეჟან ლორთქიფანიძეს  ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას შეფარდებული ჰქონდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დროისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილავს მოსამართლე დავით მგელიაშვილი.
  10. ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. საქმეზე პროკურატურასა და ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბესიკ თამლიანი ოპოზიციური ბლოკის „ენმ - ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიით იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი. ბესიკ თამლიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.  
  11. ნიკანორ მელიას  საქმე - პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ეს საქმე უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. 2021 წლის 10 მაისს სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე. კერძოდ, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალა 40 000-ლარიანი გირაოთი. გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (EED) ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თავმჯდომარეობით გრძელდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი.

12. ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილის საქმე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით. საქმეს სააპელაციო სასამართლოში იხილავს ვეფხია ლომიძე. 

13. მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე - საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) გაფლანგვას. პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. 

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების შეფასება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში

14. მიხეილ თოდუას (მიხაილოს) საქმე. 2013 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მიხეილ თოდუას მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ - კლუბური ნარკოტიკის შეძენის, შენახვისა და მისი მოხმარებისათვის. 2019 წლის 11 ოქტომბერს, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით, 2 წლისა და 11 თვის ვადით. მას დაევალა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე. 2020 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება, მიხეილ თოდუას მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობის გაუქმებისა და საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე იმ მოტივით, რომ მან დაარღვია შინაპატიმრობის პირობები და 17 ოქტომბერს 22:00 საათზე დაუკრა პარტია „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრობაციის ბიუროს წარდგინება თავისუფლების აღკვეთის სასაჯელის სახედ გამოყენებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. პრობაციის ბიურომ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა, ასევე, ალტერნატიული მოთხოვნა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მიხეილ თოდუას დაეკისრა შინ ყოფნის ვალდებულება 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, ნაცვლად 21:00-08:00 საათისა.

15. ნოდარ რუხაძის საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 23 თებერვალს პარლამენტთან დაკავებული მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო სხდომას. სამართალდამცავებმა იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. მოსამართლემ ნოდარ რუხაძე სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის ზომად 2000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. საქმე ზემდგომ ინსტანციაში არ გასაჩივრებულა. 

16. გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. აეროპორტის საქმე). პროკურატურის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, გიორგი უგულავას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბ.გ. პირიქით - პროვოკაციულად თავს დაესხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს. დაახლოებით ერთი წლის თავზე, 2021 წლის 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.  
 
17. გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას.  უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის ამ განაჩენით, გიორგი უგულავას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა. უზენაეს სასამართლოში გიორგი უგულავას საქმე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თავმჯდომარეობით განიხილებოდა.
 
18. გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე. ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილი. 
 
ონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.
 
19. ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმე - ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი  წარდგენილი აქვთ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა, რომ „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. გარდა ამისა, ბრალდების შესახებ დადგენილებით, იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ 2021 წლის 9 ივნისს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. საქალაქო სასამართლოში სხდომები გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით. 
 
20. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვეფხვია ლომიძე განიხილავს.

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.
 
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაკავებული მოქალაქეების საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2020 წლის 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციულ პროცესს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7 დაკავებულიდან მხოლოდ ერთის მიმართ შეწყდა სამართალწარმოება. 3 პირი კოდექსის მხოლოდ 173-ე,  3 კი ორივე - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. ერთს სახდელის ზომად 5 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა, დანარჩენ 5 პირს კი 3 დღე-ღამის ვადით პატიმრობა განესაზღვრათ.
 
21. ლაშა ჩხარტიშვილის საქმე - 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და მას ჯარიმის სახით დააკისრა 3500 ლარის გადახდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება სამ სასამართლო სხდომაში მიიღო. ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საჩივრის მიღებაზე მას უარი ეთქვა.  
 
22. გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმე. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.  
 
23. კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 1 წელზე მეტია არ ჩანიშნულა. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.
 
24. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას სს საქმე სასამართლოს პირველ ინსტანციაში განიხილება, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. საქმე ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე ნინო ელეიშვილი.

25. გიორგი რურუას საქმე -  „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის  მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. ამავე დროს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 
 
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი.
 
26. ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. 
 
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის  სამართლებრივი შეფასება.
 
27. ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის ადმინისტრაციული საქმე -  ალექსი მაჭავარიანი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რაც გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინაარმდეგო ქმედების განხორციელებას. 
 
28. ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა -  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) და ასევე -  ადმ. სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რაც გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინაარმდეგო ქმედების განხორციელებას. 
.
 
ორივე საქმე გაერთიანდა პირველი ინსტანსიის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სადაც სამივე დაკავებული სასამართლომ ცნო სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. ალექსი მაჭავარიანის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.  ნოდარ რუხაძის მიმართ გამოყენებლ იქნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. გიორგი მჟავანაძის მიმართ გამოყენებლ იქნა 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.
 
 29-30-31.  ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილის და მინდია ამბარდნიშვილს საქმე (ყოფილი სპეცრაზმელების საქმე) -  ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს - „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“. თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სპეცრაზმელების საქმე  ამ ეტაპზე არსებითად განიხილება.  

ყოფილი სპეცრაზმელები - ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. გარკვეული პერიოდი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ლევან იმერიშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად დასახელდა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის მიმდინარეობისას ლევან იმერლიშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები არ ჩატარებულა. იმერლიშვილის საქმეზე სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიდო. რაც შეეხება გიორგი ესიაშვილს, მონიტორინგის მიმდინარეობისას 4 სასამართლო სხდომა ჩატარდა. 2021 წლის 18 მარტს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის შუამდგომლობით დაერთო განცხადება, რომელიც ეხება დაზარალებულთა (ამ საქმეში ორი დაზარალებულია) და ბრალდებულის შერიგებას, ბრალდებულის მხრიდან ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს. განცხადების თანახმად, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშირებით და მიესალმებიან ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

2021 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე. დამატებითი ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლებისა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება. 

გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართა წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. 
 
32. ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძის და მურად ბეგლარიშვილის საქმე - სამივე ბრალდებულს სახელმწიფო ბრალდება ედავება საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას, დევნას, ჟურნალისტური საქმიანობისადმი ხელის შეშლას. ბრალდებულები პოლიციამ დააკავა 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული ჯგუფურად. მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტებს დევნიდნენ, მათი ქმედება იყო განზრახი, ბრალდებულებმა განზრახ დააზიანეს ჟურნალისტები და მათი ტექნიკა. ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ იმიტომ, რომ ისინი აშუქებდნენ აქციას და ბრალდებულებს მიაჩნდათ, რომ ამით ჟურნალისტები ეწეოდნენ LGBT თემის პროპაგანდას. სასამართლომ 8 ივლისს გამართულ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხი, დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის გირაოს სახით შეცვლაზე არ დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დარტოვა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2021 წლის 2 სექტემბერს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან ერთად აკვირდება ყოფილი 3 სპეცრაზმელის სასამართლო პროცესებს, ასევე - ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძის და მურად ბეგლარიშვილის საქმის სასამართლო განხილვას. ჭაავა, მჭედლიძე და ბეგლარიშვილი ბრალდებულები არიან 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ჟურნალისტების დევნასა და მათი საქმიანობისადმი ხელშეშლაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეების სასამართლო განხილვას, რათა გამოკვეთოს პროკურატურის, ასევე - სასამართლო ხელისუფლების მიდგომა; შეადაროს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმართ და მოცემულ საქმეებზე რამდენად მიუკერძოებლად იქნება დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება; ასევე - სამართლებრივად გააანალიზოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმეებზე. 
 
პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ჯამში 160 სასამართლო სხდომას დააკვირდნენ.
  
ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.
 
 
სიახლეები