განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხელისუფლებას covid-19-ის პანდემიის გავრცელების შემაშფოთებელი მასშტაბების თაობაზე

02.08.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის პანდემიის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში დღითიდღე მატულობს ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა და ფატალური შედეგით დამთავრებული შემთხვევები.

განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს კოვიდ 19-ის ახალი შტამები (მათ შორის - დელტა შტამი), რომელიც სწრაფი გავრცელების მაჩვენებლით ხასიათდება და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ბავშვები კი ის ასაკობრივი ჯგუფია სადაც ვაქცინაცია არ ხდება. ასევე, ტრადიციულად, მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული ადამიანები, შშმ პირები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები.

ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია 4 სახის ვაქცინა: Pfizer, Astra-Zeneca, Sinopharm, Sinovac-ვაქცინები. თუმცა, მოსახლეობაში ვაქცინაცია დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია ცნობიერების დაბალი დონით, რასაც ემატება ანტივაქსერული  მითები ვაქცინის მავნებლობისა და უკვუჩვენებების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ - არჩევნის სიმწირით, ზოგიერთი ვაქცინის დეფიციტით და კონკრეტული ვაქცინების შესახებ ინფორმაციის სიმწირით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთი პროექტის მიმდინარეობისას, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს, გამოიკვეთა, რომ პანდემიის პირობებში პრაქტიკულად, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები მარტოხელა ხანდაზმულები, რადგან მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორც კოვიდ 19-ის პანდემიის რისკების, ასევე - ვაქცინაციის პროცესის შესახებ ამასთანავე, გასათვალისწინებელია მარტოხელა ხანდაზმულების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში არსებულ ვაქცინებზე. ხანდაზმულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  წარმოადგენენ ერთ - ერთი მაღალი რისკის შემცველ ჯგუფს და საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას სახელმწიფოსგან. შიდა ქართლში 60 წელს ზემოთ ასაკის აცრილი მოსახლეობა 25 ივლისის მონაცემებით შეადგენს მხოლოდ 4588 ადამიანს.

მარტოხელა ხანდაზმულებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ ვაქცინაზე რეგისტრაცია, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (კომპიუტერი, შესაბამისი ტელეფონი, ინტერნეტი) და არც დახმარებას უწევს ვინმე, რის გამოც ხელი არ მიუწვდებათ ვაქცინაციის პროცესზე. შიდა ქართლში გამოკითხული 286 ხანდაზმულიდან მხოლოდ 1 ადამიანია აცრილი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საქართველოში ვაქცინაცია ჩატარებული აქვს მხოლოდ 495 381 მოქალაქეს, აქედან ორჯერადად ვაქცინირებულია 161 069 მოქალაქე, ხოლო ერთი დოზით აცრილია 334 312 ადამიანი,  რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია პანდემიასთან ბრძოლისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გათვლებით, პანდემიის გავრცელების შესამცირებლად საჭიროა, ქვეყანაში მოქალაქეთა 60 პროცენტი მაინც იყოს ორჯერადად აცრილი. ახლანდელი მონაცემებით კი სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის  მხოლოდ 5% და ეს იმ დროს, როცა ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი დღეში 6-დან 8 პროცენტამდე  აღწევს.

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია არჩევნის ნაკლებობით (სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს მხოლოდ 4 სახის ვაქცინას), ვაქცინაზე ამომწურავი (დღეის მდგომარეობით რა ინფორმაციაც არის ცნობილი და დადასტურებული) და სწორი ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობით და ტექნიკური ხელმისაწვდომობის პრობლემით.
Pfaizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალი რამდენიმე დღე პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფდა ჯავშნების მოთხოვნას. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანამ რამდენიმე თვე დაკარგა, როცა თავისუფლად  ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინა, რადგან მოქალაქეები იმუნიზაციაზე უარს კი არ ამბობენ, არამედ ელოდებიან მათთვის მისაღები ხარისხის ვაქცინას. თუკი სახელმწიფო უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ევროპული და ამერიკული ხარისხის ვაქცინების არჩევნის მრავალფეროვნებას, გაითვალისწინებს აცრების მიმართ დამოკიდებულებას (მაგალითად, არის ვაქცინები, რომლებიც ერთჯერადად აცრას საჭიროებს), ეს გარკვეულწილად დააჩქარებს  ვაქცინაციის პროცესს.

მნიშვნელოვანია ასევე, ინფორმაციის სწორად გავრცელება საზოგადოებაში, რადგან ახალი სახის ვაქცინების მიმართ ნდობა დაბალია, ვინაიდან არ არის გამოცდილი წლების მანძილზე და ადამიანებში იწვევს მომავლის შიშს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სწორედ საქართველოში გვქონდა გარდაცვალების შედეგი, რამაც შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი და გააჩინა უნდობლობა მედპერსონალის მიმართ.

მნიშვნელოვანი საკითხია ტექნიკურად ვაქცინაზე რეგისტრაციის ხელმისაწვდომობა. ვაქცინაზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით და ცხელი ხაზით, მაგრამ ორივე მათგანზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ძალიან დაბალია. მით უფრო, ეს პრობლემურია მარტოდ მცხოვრები ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც უმეტესწილად, ინტერენეტიც არა აქვთ და დაუხმარებლად არც ონლაინ-პლატფორმაზე ასაცრელად დარეგისტრირება შეუძლიათ. აუცილებელია, მოიძებნოს სხვა ალტერნატიული საშუალებებიც, რაც უზრუნველყოფს სურვილის შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. 

იმისათვის, რომ შემცირდეს ვირუსის გავრცელება და დაავადების მიმართ პირველ რიგში მოქალაქეთა მაღალი რისკ-ჯგუფები (ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მატარებელი ადამიანები) იყვნენ დაცული, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
  • ეფექტურად აწარმოოს მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებთან და უმოკლეს ვადებში შეიძინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ევროპული და ამერიკული ვაქცინები (რომლებზეც მოთხოვნა მოსახლეობაში გაცილებით დიდია), რათა გაიზარდოს ქვეყანაში არჩევნის შესაძლებლობა. 
  • გაზარდოს ვაქცინაზე რეგისტრაციის ხელმისაწვდომობა და ამ პროცესში აქტიურად ჩართოს სოფლის ექიმები და ამბულატორიები, რათა ხანდაზმულ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, აიცრას.
  • მოხსნას ვაქცინაზე  წინასწარი რეგისტრაცია, რაც დაეხმარება მარტოხელა ხანდაზმულებს სურვილის შემთხვევაში თავისუფლად აიცრან.
  • აწარმოოს სწორი და სრულყოფილი კამპანია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...