განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისათვის

13.08.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს  „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“ (გორის, ქარელის, ხაშურის და  კასპის მუნიციპალიტეტები). მოხალისეების მიერ პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოკითხულია 300-მდე მარტოდ მცხოვრები ხანდაზმული.
 
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის პრობლემა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლები, ძირითადად, არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან: 
 
  • ხანდაზმულებს არ სურთ ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არ მოხდეს მათი ოჯახის წევრების, ნათესავების დაპატიმრება, რომლებიც ხშირად მათ მეურვეობენ. 
  • ხანდაზმულებს არ სურთ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და საცხოვრებლის შეცვლა (თავშესაფარში გაყვანა), რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ძნელად ახერხებენ ახალ სოციუმთან ადაპტირებას, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რა სურს თავად მსხვერპლს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს შემაკავებელი / დამცავი ორდერის გამოცემის გარდა, ძალადობის პრევენციისთვის ერთ-ერთ ვარიანტად ესახება მოძალადესთან ქცევის კორექციაზე გარკვეული მუშაობა, მაგალითად - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გასაუბრება მოძალადესთან და ოჯახის მონიტორინგი, არა საგამოძიებო მოქმედებებისა და სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით, არამედ მოძალადის ქცევის შეცვლისთვის კონსტრუქციულად და სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლით, რაც დამუშავებული იქნება მოძალადესთან მუშაობის ეფექტურობის გათვალისწინებით. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში უკვე აქვს დანერგილი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობა მოიცავს იმ ოჯახების მოკვლევას, სადაც სავარაუდო ძალადობის შემთხვევებია. ამ ეტაპზე სასურველია, მსგავსი ინსტიტუტი ამოქმედდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, მოიკვლიოს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ოჯახები და აქტიურად განახორციელოს მათი მონიტორინგი, რაც შეამცირებს ძალადობის რისკს და ამავე დროს - სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ხელისუფლებას:
 
  • აამოქმედოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა  დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი სრულად, რაც გულისხმობს მოძალადისათვის  დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
  • მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი განავრცოს საქართველოს ყველა რეგიონზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შეისწავლოს ძალადობის მაღალი რისკის შემცველი ოჯახების მდგომარეობა და გასწიოს შესაბამისი მონიტორინგი.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 
განცხადებები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...