განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის და ასოციაცია „თანხმობის“ მიმართვა COVID 19-ის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ეფექტიანობის გაზრდის თაობაზე

20.08.2021
ფონტის ზომა
პანდემიის დროს პირველადი ჯანდაცვის გამართულად ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება სოფლის ექიმების რგოლს. როგორც თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტავს, ეს რგოლი წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს და   ცხადია, სოფლის ექიმები სრულად უნდა იყვნენ ჩართულები სისტემის გამართულად ფუნქციონირების პროცესში. ისინი მოსახლეობაში უნდა ავრცელებდნენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და ეხმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ყველა საჭირო სამედიცინო კომპონენტით.
 
COVID 19-ის პანდემიის პირობებში პრაქტიკულად, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები მარტოხელა ხანდაზმულები, ასევე - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ნაკლები წვდომა აქვთ ინტერნეტზე და შეზღუდულია მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სოფლებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია  არც  კოვიდ 19-ის პანდემიის რისკების, არც - ვაქცინაციის პროცესის შესახებ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სოფლად მცხოვრები  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის  (და არა მხოლოდ) ქვეყანაში არსებულ ვაქცინებზე, PCR და ანტიგენ ტესტებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ხანდაზმულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ისედაც წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ჯგუფს და შესაბამისად, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას სახელმწიფოსგან. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ასოციაცია „თანხმობის“ მონიტორინგის დროს, დავაფიქსირეთ შემდეგი პრობლემები:
 
1. ზოგიერთ სოფელში ამბულატორიები პრაქტიკულად არ არიან აღჭურვილი საჭირო ტექნიკით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო ნივთებით. ასევე, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ სოფლის ექიმები  პანდემიის დროს ნაკლებად  ჩადიან სოფლებში
2. ადგილზე, როგორც წესი,  არ არსებობს  ანტიგენზე  ტესტის გაკეთების საშუალება. ამიტომ პოტენციურად დაავადებულები მიდიან რაიონის ცენტრში ტაქსით ან სამარშრუტო ტაქსით, რაც საფრთხეს უქმნის  მძღოლს და სხვა პირებს.
3. ყველაზე  გავრცელებული ჩივილები მედიკამენტების არქონა და მაღალი ფასებია. ხანდაზმულებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამები ნაკლებად ხორციელდება რეგიონებში. ხშირად, ექიმები არ უწერენ ხანდაზმულებს იმ წამლებს, რომლებიც შედიან  საშეღავათო სიაში და პენსიონერებს უწევთ დიდი თანხების გადახდა ან სულაც ვერ იღებენ საჭირო მედიკამენტს. საშეღავათო მედიკამენტებზე უნდა არსებობდეს ზუსტი ინსტრუქცია, რომელიც გასაგები იქნება ხანდაზმულებისთვის და  აფთიაქის მუშაკებისთვის.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ და მოვუწოდებთ: 
 
გამყოფ ხაზთან მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი - სოფლის ექიმები აქტიურად ჩაერთონ პანდემიასთან ბრძოლაში; გადამზადდნენ და ეფექტიანი ზედამხედველობა გაეწიოს მათ მუშაობას.
  • იქ, სადაც არ არის ამბულატორიები, შეიქმნას დროებითი სამედიცინო მობილური ჯგუფები, რომლებიც იმოძრავებენ კომპაქტურად ჩასახლებულ თემებსა და გამყოფ ხაზთან განლაგებულ სოფლებში და ადგილზე განახორციელებენ ვაქცინაციას და ტესტირებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს:

  • სოფლის ამბულატორიები აღიჭურვოს ანტიგენ ტესტებით, რათა დაინფიცირებულმა მოქალაქემ შეძლოს ტესტირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გარეშე, რაც შეამცირებს ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკს;
  • გაიზარდოს სოფლებში იმ ამბულატორიების ჩამონათვალი, სადაც აცრის მსურველებს თავისუფლად შეეძლებათ დაბრკოლებების გარეშე ვაქცინაცია.
  • გააქტიურდეს მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ასოციაცია „თანხმობა“ 
 
განცხადებები
Loading...