განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ტენდენციები

02.10.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში აკვირდება.

არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია ახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 51 წარმომადგენელი დააკვირდება არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში გაავრცელებს და მიაწოდებს მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე სავარაუდო დარღვევების გამოვლინების ფაქტებზე. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში 11:30, 16:30 და 22:00 საათზე სამ ბრიფინგს გამართავს მედიაცენტრში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. 

კახეთსა და ქვემო ქართლში დაკვირვება, ძირითადად, განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 4 საჩივარი და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ დროისთვის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტები ასევე ითვალისწინებდა  წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით. დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:  ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნიუსლეთერი, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებებია ასახული.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), ასევე, 1 ოქტომბერს გაავრცელა საჯარო განაცხადება, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები - სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების ჩათვლით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და უკანონო მოსმენების შემაშფოთებელი ფაქტები.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი ორგანიზაცია საქართველოდან. 

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება „შავი ზღვის ნდობის ფონდი - რეგიონალური თანამშრომლობისთვის“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 
განცხადებები
Loading...