სიახლეები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

29.10.2021
ფონტის ზომა
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.  

მოსამართლეთა XXX კონფერენციის ჩატარება 2021 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება.  დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები უნდა აირჩიოს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა. შესაბამისად, დღემდე უცნობია, საბჭოს რომელი წევრი ტოვებს შემადგენლობას და რა საფუძვლით. ასევე უცნობია ახალი წევრის კანდიდატების თაობაზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გარანტი უნდა იყოს, წლებია, ხელისუფლებასთან ერთად, თავად იქცა მართლმსაჯულების დამაზიანებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად. სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი, სწორედ საბჭოს მეშვეობით ინარჩუნებს ძალაუფლებას.  შესაბამისად, საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნები სასამართლოს შიგნით არსებული არაფორმალური მართვის კულტურის შეცვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

სათანადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევის პარალელურად, ინდივიდუალურ მოსამართლეთა რეალური გააქტიურების შემთხვევაში, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიძლება გახდეს სისტემის განახლებისა და რეალური რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები მაღალი პროფესიული და პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აირჩეოდნენ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ამ პროცესზე დაკვირვება საპირისპიროს აჩვენებს. შედეგად, საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ან მათთან დაახლოებული პირები ხვდებიან.

19 აპრილის შეთანხმების  გაფორმების პარალელურად, 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ფონზე, საბჭოს შემადგენლობის ფაქტობრივი განახლების მოლოდინი არსებობდა. თუმცა, 2021 წლის მაისში მოსამართლეთა კონფერენციამ 4 მოსამართლე წევრი აირჩია,  მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ” ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრების საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნაზე. შედეგად დაახლოებით 5 თვეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკასთან და მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების ინსტიტუტების სანდოობას. 

იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისათვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.  ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებში მიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს:

●    საერთო სასამართლოების მოსამართლეებს:
- თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არ განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება;

●    საქართველოს პარლამენტს:
- დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე; 
- იმისათვის, რომ რეფორმა განხორციელდეს სწორი მიმართულებით და არ განმეორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები, შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს და განხორციელდეს სასამართლო რეფორმის ტალღების და მათი შედეგების ჯეროვანი შეფასება.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით