სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში, რუსთავსა და თელავში აკვირდება

30.10.2021
ფონტის ზომა
პრესრელიზი
14:00 საათი
 
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით აკვირდება. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები არჩევნებს ამ სამი ქალაქის მაქსიმალურად ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება. კენჭისყრის მონიტორინგი მოიცავს თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ ოთხ საარჩევნო უბანს. 
 
14:00 საათისთვის სამივე ქალაქში კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაუწერიათ. 
 
იდენტიფიცირებული დარღვევები და ტენდენციები
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინები ახალი რეკომენდაციის შესაბამისად არის მოწყობილი. დამკვირვებლები ამომრჩეველს კაბინაში წინა მხრიდან ხედავენ, მაგრამ მის მიერ უშუალოდ ბიულეტენზე ხმის მიცემის დანახვა შეუძლებელია. ასეთი კაბინები მოწყობილია ახალი მითითების შესაბამისად და მიზნად ისახავს პრევენციას, რათა ამომრჩეველს არ ჰქონდეს მანიპულაციის (ბიულეტენის თან წაღების ან მისი შეცვლის საშუალება).
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები. 
 
რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ ბლოკნოტში იწერდა მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ზომები და დარღვევა აღმოფხვრა.
 
რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, ამ შემთხვევაში - 100 მეტრის მოშორებით, გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში აწვდის მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფაქტებისა და ტენდენციების შესახებ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში 15:00 და 20:30 საათზე ორ ბრიფინგს გამართავს მედიაცენტრში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. 
 
დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე, ქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge , ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - ფეისბუკგვერდზე - www.facebook.com/humanrights.ge  
 
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და „შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის“ მხარდაჭერით. 
 
                    
 
 
სიახლეები