30.10.2021
პრესრელიზი
20:00 საათი
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით აკვირდება. ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფებმა არჩევნებზე ამ სამი ქალაქის მაქსიმალურად ყველა საარჩევნო უბანი მოიცვეს. მონიტორინგი განხორციელდა თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში განთავსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე.
სამივე ქალაქში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში წარიმართა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ არსებითი ხასიათის დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე. საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები, რომელთა მითითებით, მყისიერად აღმოიფხვრებოდა ტექნიკური ხარვეზები.
კენჭისყრის დღის ბოლო საათებში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ვითარება შედარებით დაიძაბა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 1 საჩივარი დაწერეს და 4 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 1 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დარეგისტრირდა.
ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან. ისინი უბნებზე შემაჯამებელი ოქმების გაფორმებამდე დარჩებიან.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მივლინებული დამკვირვებლების გარდა, ინფორმაციას იღებს მედიასაშუალებებიდან. შემაშფოთებელია ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული
ძალადობრივი ინციდენტები და დაპირისპირება, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს არჩევნებზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებასაც. თბილისში, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან
ხელი დაარტყეს თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკა მელიას. აუცილებელია, შსს-მ დროულად მოახდინოს რეაგირება მსგავს ფაქტებზე და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ძალადობაში და ჟურნალისტებს ხელს უშლიდა საქმიანობაში.
შემაშფოთებელია ქალაქ თბილისის მოქმედი მერისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის,
კახა კალაძის განცხადება, რითაც მან მმართველი პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს მოუწოდა გაეგრძელებინათ სიებით ხელში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აღრიცხვა. კერძოდ, კახა კალაძემ განაცხადა: „საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის - პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება, კანონიერად იქონიოთ ეს სიები და ის 100-მეტრიანი რადიუსი, რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზეც პრობლემურია. მსგავსი მოქმედებები წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლს და ხელს უშლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგისას, კენჭისყრის დღეს (როგორც პირველ, ასევე მეორე ტურზე) დაფიქსირდა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები როგორც კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, ასევე 100 მეტრის მიღმა ტერიტორიაზე.
ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პარტიის წარმომადგენლებისთვის მოეთხოვა, შეეწყვიტათ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის საწინააღმდეგო მოქმედებები, მან - ქალაქ თბილისის მოქმედმა მერმა და ამავდროულად, მერობის კანდიდატმა, კენჭისყრის მიმდინარეობისას თავისი განცხადებით მსგავსი მოქმედებები წაახალისა.
იდენტიფიცირებული დარღვევები და ტენდენციები
თელავის N17 საარჩევნო ოლქის N39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ორი ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით შეუშვა, რაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა და ეს ამომრჩევლები გააბრუნეს უკან. ამ ფაქტის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, ნაკადის მომწესრიგებელს გამოეჩინა მეტი ყურადღება, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორებულიყო. საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც თავმჯდომარის მეუღლე აღმოჩნდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტის გამო, დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა თავმჯდომარისთვის და კომისიის წევრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთივე მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივარი დაარეგისტრირა საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.
რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ ბლოკნოტში იწერდა მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ზომები და დარღვევა აღმოფხვრა.
რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, ამ შემთხვევაში - 100 მეტრის მოშორებით, გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ.
რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის 83-ე, მე-5 და მე-8 საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებმა შენიშვნები შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში, რაც ეხებოდა რეგისტრატორების მიერ უბანზე მისული ამომრჩევლების რეგისტრაციის ნომრების ცალკე ფურცელზე მონიშვნას. დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდეს, დროულად აღკვეთილიყო დარღვევები, რის შემდეგაც რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრების ცალკე ფურცელზე მონიშვნა.
რეგისტრატორების მსგავს ქმედებას კონფლიქტი მოჰყვა რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის 74-ე საარჩევნო უბანთან, სადაც პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე დააკავა. საარჩევნო უბანზე კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის დამკვირვებელმა დარღვევის თაობაზე საჩივარი დაწერა. მასთან მხარდასაჭერად მივიდა გიორგი კაპანაძე, რომელიც უბნის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინები ახალი რეკომენდაციის შესაბამისად არის მოწყობილი. დამკვირვებლები ამომრჩეველს კაბინაში წინა მხრიდან ხედავენ, მაგრამ მის მიერ უშუალოდ ბიულეტენზე ხმის მიცემის დანახვა შეუძლებელია. ასეთი კაბინები მოწყობილია ახალი მითითების შესაბამისად და მიზნად ისახავს პრევენციას, რათა ამომრჩეველს არ ჰქონდეს მანიპულაციის (ბიულეტენის თან წაღების ან მისი შეცვლის) საშუალება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში აწვდის მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფაქტებისა და ტენდენციების შესახებ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორმა დღის განმავლობაში 15:00 და 20:30 საათზე ორი ბრიფინგი გამართა მედიაცენტრში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მუშაობს.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და „შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის“ მხარდაჭერით.