მფრინავი ქალის წინააღმდეგ სარჩელი თავდაცვის სამინისტრომ უკან მეორედ გაიხმო
2021 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს წერილით აცნობა, რომ 10 აგვისტოს გაცემული მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოხდა ეკატერინე ქვლივიძის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის უკან გამოხმობა.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე ქვლივიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების მიზნით ჯერ კიდევ 2019 წელს მომართა. იმ დროისათვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ქვლივიძის სამართლებრივ ინტერესებს იცავდა. სამხედრო მფრინავი იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი უკან გაიხმო და დავა ამით შეწყდა.
2021 წლის 2 ივლისს თავდაცვის სამინისტრომ განმეორებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კვლავ მოითხოვა ეკატერინე ქვლივიძისთვის 28 000 ლარის დაკისრება, ასევე 28 000 ლარს + 0.2% საურავის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მითითებული თანხის სრულ გადახდამდე. მას შემდეგ რაც ქვლივიძემ შეიარაღებული ძალები დატოვა და თავდაცვის სამინისტროსთან სამართლებრივი დავა შეწყდა, იგი პარტია „ლელოს” წევრი გახდა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ხანდაზმული საქმის კვლავ წარმოებაში დაბრუნება, შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
2021 წლის 19 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თავდაცვის მინისტრს მიმართა ეკატერინე ქვლივიძის საქმით დაინტერესების მიზნით, რათა სამინისტროს ემსჯელა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში განმეორებით აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის კანონიერებასა და საფუძვლიანობაზე. საპასუხო წერილით თავდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ სასამართლოდან სარჩელი კვლავ უკან გამოიხმო.
არასრულწლოვნის მოტაცებისათვის დამნაშავეებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2021 წლის 23 სექტემბერს კახეთის რეგიონის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში. მსჯავრდებულებს სასამართლომ 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონა 2020 წლის 21 დეკემბერს სამმა მამაკაცმა, წინასწარი შათანხმებით, ცოლად შერთვის მიზნით, მოიტაცა, როცა გოგონა ახლობლის ოჯახიდან შინ ბრუნდებოდა. პოლიცია არასრულწლოვანს 3 დღე ეძებდა. ამ 3 დღის განმავლობაში გოგონა გამტაცებლებს სხვადასხვა ოჯახებში დაჰყავდათ კვალის დამალვის მიზნით და ყველგან ამბობდნენ, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ექცეოდნენ, მაგრამ პოლიციისთვის და არასრულწლოვნის ოჯახისთვის ამ ოჯახებიდან არავის მიუმართავს. გოგონა აცხადებს, რომ მოძალადემ მასზე სექსუალურად იძალადა იმ მიზნით, რომ თემი მას აიძულებდა მოძალადესთან ქორწინებას. მისი მოტაცების შესახებ, ასევე, იცოდა სოფლის საჯარო სკოლის მანდატურმა, რომელსაც გოგონა ტელეფონით ესაუბრა, მაგრამ არც მანდატურმა შეატყობინა პოლიციას გოგონას ადგილსამყოფელი და მას ბედთან შეგუება ურჩია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში დაზარალებულის ინტერესებს იცავდა. საქმის არსებითი ნაწილის განხილვა რაიონულ სასამართლოში მომხდარიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ დაიწყო. პირველად გოგონა 2021 წლის 11 ივნისს დაიკითხა დაზარალებულის სტატუსით. მის დაკითხვას ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ესწრებოდნენ. არასრულწლოვანმა ქართულ ენაზე დეტალური ჩვენება მისცა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.
ბრალდებულ ა.ა.-ს, რომელმაც გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდებში, დანარჩენ ორ თანმხლებ პირს კი - თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში. სასამართლომ სამივე ბრალდებული გაამტყუნა 143-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
ადამიანის უფლებათა ცენტრი დაზარალებულის ინტერესების დაცვას აგრძელებს სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში და მოითხოვს, მსჯავრდებული ა.ა. დაისაჯოს სექსუალური ძალადობისთვისაც. ამავე დროს, ორგანიზაცია მოითხოვს, საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებმაც დამალეს დანაშაული და არ შეატყობინეს პოლიციას და დაზარალებულის ოჯახს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი. იგივე დანაშაულისათვის, ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცეს სკოლის მანდატურიც.
მოქალაქემ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთები დაიკანონა
2020 წლის 17 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს შიდა ქართლის ოფისის ადმინისტრაციული აქტები და ამავე ოფისს დაევალა მიწის ნაკვეთებზე გ.თ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საუბარია ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ დისევში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
6 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრს გორის მკვიდრმა, გ.თ.-მ მიმართა. მისი ინფორმაციით, იგი სოფელ დისიევში არსებული მიწის ნაკვეთებით ვერ სარგებლობდა, ნაკვეთები ოკუპირებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაში არ იყო მოხვედრილი. მან არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრს, მაგრამ ქონების დარეგისტრირებაზე უარი მიიღო.
2020 წლის 10 თებერვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარებით, გ.თ.-მ მიმართა გორის მერიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას და გორის რაიონულ სასამართლოს. მხოლოდ 2021 წლის 28 აპრილს შეატყობინა გ.თ.-ს ერედვის მუნიციპალიტეტმა, რომ დადგინდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
კომპანიამ დაზარალებულ მოქალაქეს 4 000 დოლარი აუნაზღაურა
2021 წლის 5 აგვისტოს კომპანია „სფერო დეველოპმენტმა“ მ.მ.-ს სრულად აუნაზღაურა ზიანი 4 000 დოლარის ოდენობით.
მ.მ.-ს დავობდა, რომ მან პირადი ავტომობილი „სფერო დეველოპმენტში“ დააგირავა და სანაცვლოდ კომპანიამ არ გადაუხადა თანხა, რაზეც შეთანხმდნენ. მ.მ.-მ არაერთხელ მიმართა პროკურატურას და გამოძიებას „სფერო დეველოპმენტის“ დირექტორის წინააღმდეგ, მაგრამ - უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, კომპანიამ მოქალაქეს სრულად აუნაზღაურა კუთვნილი თანხა.
დამსაქმებელს ყოფილი თანამშრომლისთვის განაცდურის გადახდა დაეკისრა
30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რითაც ბათილად არის ცნობილი შპს „აგავას“ 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება მ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. შპს „აგავას“ მ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - 8750 ლარის გადახდა.
პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 9 სექტემბერს გაიმართა. აპელანტმა - შპს „აგავამ“ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის მარტის თვის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაკისრებული ჰქონდა 8750 ლარის იძულებითი განაცდურის გადახდა მ. გ.-ს სასარგებლოდ. სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პენიტენციური დაწესებულების ექიმი სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს
2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, რითაც ბათილად იყო ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის N6464 ბრძანება დ.ჯ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
დ.ჯ. თბილისის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმად მუშაობდა. ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მან ადამიანის უფლებათა ცენტრს თავისი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ დავაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სთხოვა. სააპელაციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ დ.ჯ. სამსახურიდან კანონის დარღვევით გაათავისუფლეს.
დევნილს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა
2021 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დევნილი ც.ტ.-ს სარჩელი და ბათილად ცნო ის ადმინისტრაციული აქტები, რითაც უარი ეთქვა ც.ტ.-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემა. ც.ტ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
სააგენტოს დევნილი მოქალაქის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა დაევალა
2021 წლის 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოქალაქის - ე.ბ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად ცნო ის ადმინისტრაციული აქტები, რითაც ე.ბ.-ს ოჯახი მიწერილი იყო ბ.ბ.-ს ოჯახის შემადგენლობას და ითვლებოდა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ოჯახად, რის გამოც უარს ეუბნებოდნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სასამართლომ დაავალა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ე.ბ.-ს ოჯახის ცალკე ოჯახად რეგისტრაცია და დაკმაყოფილებულ დევნილ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან ამოღება. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში სასამართლომ ამ ეტაპზე უარი უთხრა ე.ბ.-ს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე, მაგრამ დაავალა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ე.ბ.-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ე.ბ. 2009 წლიდან ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას და სახელმწიფოსაგან კუთვნილი საცხოვრებლის მიღებას. 2018 წლიდან მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.
მოქალაქემ დაამტკიცა, რომ პოლიციელის მიერ ჩატარებული ალკოტესტის პასუხი არასწორი იყო
2021 წლის 3 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დ.დ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი. გაუქმდა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რითაც დ.დ.-ს შეუჩერდა მართვის უფლება 6 თვის ვადით, ასევე - გაუქმდა დადგენილება, რითაც დ.დ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გათავისუფლდა იგი დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან. ამასთან, სასამართლომ დ.დ.-ს სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მის მიერ ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც.
2021 წლის 15 ივლისს დ.დ.-მ ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 4 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის ტარების ბრალდებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 6 თვის ვადით შეუჩერა მართვის უფლება. დ.დ. არ დაეთანხმა ალკოტესტის პასუხს და ალტერნატიული დასკვნისათვის მიმართა ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრს. ცენტრის დასკვნის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, დ.დ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა სასამართლოში წარსადგენად შეადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, მოითხოვა უკანონო დადგენილების ბათილობის ცნობა და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისგან დ.დ.-ს გათავისუფლება. დამატებით მოთხოვნილ იქნა საექსპერტო დაწესებულებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.
მოქალაქეს დაკისრებული ჯარიმა გაუუქმდა
31 აგვისტოს ხაშურის რაიონული სასამართლო მ.მ.-ს მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, რითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი და ბათილად ცნო შსს-ს მიერ გამოცემული აქტები.
19 აპრილს ხაშურში, ღია სივრცეში მ.მ. პირბადით გადაადგილდებოდა. წყლის დალევის მიზნით, მან ნაწილობრივ მოიხსნა პირბადე და ძირს დაუვარდა. შსს-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მას დაგდებული პირბადის გაკეთება მოსთხოვა და განუმარტა, რომ ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად თან მეორე პირბადეც უნდა ეტარებინა, შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააკისრა 20-ლარიანი ჯარიმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, რის შემდეგაც იურისტმა გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. 31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენელი პოლიციელი და არც შსს-ს სხვა წარმომადგენელი. სასამართლომ კი 20-ლარიანი ჯარიმა გააუქმა.
„იავნანას“ თანამშრომლისთვის დაკლებული ხელფასის ანაზღაურება მოუწია
2021 წლის 21 სექტემბერს საქმის წარმოება შეწყდა ორი მხარის მორიგებით, რომლის შედეგად, სს ,,იავნანამ“ თანხმობა განაცხადა სამი თვის ხელფასის (1200 ლარი) დანაკლისის ანაზღაურებაზე. სანაცვლოდ, მოქალაქე თ.ბ.-მ უარი თქვა სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელებაზე.
1 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს თ.ბ.-მ განუმარტა, რომ 1 აპრილს და 4 მაისს საბანკო ანგარიშზე ხელფასის მხოლოდ ნახევარი ჩაერიცხა, მიუხედავად იმისა, რომ მას სამუშაო განაკვეთი არ შემცირებია და ხელფასის დაკლების შესახებ არავის გაუფრთხილებია. მან მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივად შეცვლას და მოითხოვა წერილობითი განმარტება ხელფასის შემცირების თაობაზე. პასუხად მიიღო, რომ საავადმყოფოს შეუმცირდა შემოსავალი და შეეთავაზა დავის მორიგებით გადაწყვეტა. თუმცა, 31 მაისს იგივე განმეორდა და ხელფასი ისევ განახევრებული რაოდენობით ჩაერიცა.
11 ივნისს ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს მიმართა და მოითხოვა კომპეტენციის ფარგლებში სს „იავნანას“ ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების, შრომის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის, სამედიცინო საქმიანობის დადგენის მიზნით. სს ,,იავნანა“ სარჩელს არ ცნობდა და ხელფასის შემცირების გადაწყვეტილებას რეორგანიზაციით ასაბუთებდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულმა კომპენსაცია მიიღო
2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც არ დააკმაყოფილა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხ.ი.-ს სარჩელი სრულად იყო დაკმაყოფილებული.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2019 წლის 25 მაისსა და 8 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოიყო დახმარება 1 ჰა-ზე 200 ლარის ოდენობით. ხ.ი.-ს ცნობით, მაისის თვეში, გორის მინიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისში მიეთითა მისი სახელი და გვარი, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის. ხ.ი.-მ აღმოაჩინა, რომ მისი მონაცემები არ იქნა გადაგზავნილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ააიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის. მიმართა სააგენტოს, მაგრამ უარი ეთქვა კომპენსაციის მიღებაზე.
მოძალადე ქმარს სასამართლომ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მიუხედავად დაზარალებულთან შერიგებისა, სასამართლომ მას მაინც მიუსაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა ერთწლიანი პირობითი მსჯავრით. დაზარალებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.
ნ.გ. და კ.გ. მეუღლეები არიან. მათ 5 და 6 წლის შვილები ჰყავთ. კახეთში მათ ოჯახში ასევე, კ.გ.-ს დედა და და ცხოვრობენ. 6 მარტს კ.გ. სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, რასაც დედამისთან და ცოლთან კონფლიქტი მოჰყვა. ძალადობის ფაქტს არასრულწლობანი შვილებიც შეესწრნენ. ოჯახმა გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი. შემდგომში დაზარალებულებმა ითხოვეს, არ დაეპატიმრებინათ მოძალადე და მხოლოდ გირაოთი შემოფარგლულიყვნენ.
მოძალადე ქმარმა ძალადობაში საკუთარი მეუღლე დაადანაშაულა
დ.კ.-მ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მასზე მოძალადე ქმრის - ფ.ბ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა. 14 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა დ.კ.-ს მოთხოვნა.
დ.კ. სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს და მისი ცნობით, ის მეუღლის მხრიდან წარსულში რამდენჯერმე გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რაც მან აპატია თავის ქმარს. 2021 წლის ზაფხულში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქმარმა ისევ იძალადა ცოლზე ბავშვის თანდასწრებით, რის გამოც მას დ.კ. პოლიციაში ჩივილით დაემუქრა, მაგრამ მუქარა არ შეუსრულებია. ამ მუქარით შეშინებულმა ქმარმა აიღო დ.კ.-ს პირადი მობილური ტელეფონი, თავად დარეკა პოლიციაში და პირიქით, მეუღლე დაადანაშაულა ძალადობაში. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ფ.ბ. სადარბაზოს კიბეზე დაგორდა და თავი გაიტეხა. ადგილზე მისულმა პოლიციის ეკიპაჟმა შემაკავებელი ორდერი თავისი თანამშრომლის - დ.კ.-ს მიმართ გამოსცა.
9 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, დ.კ.-მ შეადგინა სარჩელი და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაუქმება.