სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ,,საფარის’’ ერთობლივი განცხადება CEDAW-ს მიერ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

15.11.2021
ფონტის ზომა
30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მიმართ 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თანასოფლელების მხრიდან განხორციელდა სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა ქალის სიკვდილი. გამოძიების ვერსიით, ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა ხომ არ იყო თვითმკვლელობის ინსცენირება, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. მიუხედავად მასმედიით გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა, რომელიც ცხადად ადასტურებდა ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს, საქმის სრულყოფილად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა საქართველოს ხელისუფლებამ არ და ვერ უზრუნველყო.

ეროვნულ დონეზე ყველა შესაძლო მექანიზმის წარუმატებლად ამოწურვისა და სახელმწიფოს არასათანადო ნებელობის ფონზე - წარმართულიყო სრულფასოვანი გამოძიება, 2018 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა  და  „საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე. 

2021 წლის 11 ნოემბერს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტმა (CEDAW) აღნიშნულ საქმეზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.  საქმეზე მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით - ქალი სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

CEDAW-ს კომიტეტი გამოხატავს წუხილს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვაზე ძალადობის განმახორციელებელი პირების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. კომიტეტი ასევე წუხილს გამოთქვამს, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო - დაებრუნებიათ იგი საკუთარ ნათესავებთან, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

კომიტეტის წევრის გენოვევა ტიშევას განცხადებით: „ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ინტერსექციული დისკრიმინაციის მსხვერპლი". მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა და არ იქნა მიღებული ყველა შესაბამისი ზომა მის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მსჯელობის შედეგად, კომიტეტმა დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმასა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

საკუთარი გადაწყვეტილებით, CEDAW-ს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს დამნაშავე პირები. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მსხვერპლის შვილებისადმი უზრუნველყოს შესაბამისი რეპარაცია. მათ შორის, მათთვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდითა და, ასევე, ოფიციალური ბოდიშის მოხდით.

გარდა ამისა, კომიტეტმა საკუთარ მოსაზრებებში საქართველოსთვის ზოგადი სახის რეკომენდაციებიც გასცა. სხვა ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღმოფხვრას დაუსჯელობა და უზრუნველყოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობაზე სწრაფი  და სრულყოფილი რეაგირება, მოახდინოს დამნაშავეთა იდენტიფიცირება და დასჯა. ამასთან, კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთათვის უზრუნველყოს სავალდებულო ტრენინგები ქალთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და ღირსების სახელით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - ჯვარედინი დისკრიმინაცია და გენდერული სენსიტიურობა.

კომიტეტი, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განმარტოს და მაკვალიფიცირებელ გარემოებებად განსაზღვროს ღირსების სახელითა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. კომიტეტის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ შეაგროვოს ინფორმაცია ფემიციდისა და წახალისებული/იძულებითი თვითმკვლელობის შესახებ, აწარმოოს შესაბამისი სტატისტიკა და ამ ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, გააძლიეროს ქალების დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან. ასევე, ქალებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის გასაგებ ენაზე, ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ცნოებიერების ამაღლება ღირსების სახელით და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ.

კომიტეტის გადაწყვეტილება თავისი შინაარსით პრეცენდენტული და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია ქალთა უფლებების დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად, როგორც საქართველოში, ისე კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის წევრ სხვა სახელმწიფოებში. კონკრეტულ შემთხვევაში, კონვენციის ფაკულტატური ოქმი 7.4 მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს 6 თვიანი ვადა, რათა კომიტეტს წარუდგინოს წერილობითი პასუხი, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებულ ყველა ნაბიჯზე.

კავშირი - “საფარი” და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება კომიტეტის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ იგი სიღრმისეულად ასახავს საქართველოში, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობების თემებში მცხოვრებ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და საფარი ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესრულებას და, აღნიშნულთან დაკავშირებით, უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებულობას.

კავშირი საფარი და ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.
სიახლეები