CENN-ის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველომ ბოლო 5 წელიწადში იმაზე 12-ჯერ მეტი ტყე დაკარგა, ვიდრე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDC)“ და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის მიხედვით უნდა აღადგინოს.
ერთობლივი კვლევის შედეგებით, 2016-2021 წლებში, პოლიტიკისა და მართვის უწყებებისა და სატყეო დარგის კანონმდებლობის გვერდის ავლით, ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირდა ტყის 18,000-ზე მეტი უბანი. მოკვლეული ფაქტების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მყისიერად იჩეხება ტყეები. ამორიცხვები ასევე განხორციელებულია კერძო სექტორის, ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების და საპატრიარქოს მოთხოვნით. რეგისტრაციების საერთო რაოდენობა 25,000-ს აჭარბებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო პრესკონფერენციას გამართავენ.
თარიღი და ადგილი: პარასკევი, 26 ნოემბერი, 11:00 საათი, Wyndham Grand Tbilisi Hotel, გუდიაშვილის ქუჩა 3, თბილისი.
ტყიდან ამორიცხული და კერძო თუ იურიდიულ პირებზე უფასოდ დარეგისტრირებული სახელმწიფო ქონება, ძირითადად, მაღალი კონსერვაციული ღირებულების სატყეო ეკოსისტემები და ის მიწებია, რომლებიც მაღალი საბაზრო ფასით გამოირჩევა.
ტყის მიწების ამორიცხვა განხორციელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეროვნული სატყეო სააგენტოსთან შეუთანხმებლად, სატყეო კანონმდებლობის უხეში დარღვევით. რეგისტრაციის უსისტემო და უმართავმა პროცესმა გამოიწვია ტყის ეკოსისტემების ფრაგმენტაცია და ვრცელი ბუნებრივი თუ კულტურული ლანდშაფტების დეგრადაცია.
რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება მიმდინარე პერიოდში - სახელმწიფო რეესტრში შეტანილია ახალი განცხადებები.
მსოფლიო ღირებულების ეკოსისტემების ხელყოფის გარდა, მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების უსარგებლოდ განიავება, იკარგება ეკონომიკური პოტენციალი, ზიანი ადგება საერთაშორისო მნიშვნელობის ზონებს საკურორტო, ისტორიულ-კულტურული, ღვინის, აგრო და ეკოტურიზმის მიმართულებით, სუსტდება ბიზნესი და მცირდება სამუშო ადგილები. ილახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, იზღუდება წვდომა საარსებო რესურსებზე, იზრდება სიღარიბე და მცირდება ცხოვრების ხარისხი.
ამასთან, მაღალი საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ქონების მასობრივი მიტაცება სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კარგი მმართველობის ადგილობრივ ინდექსზე და ზრდის კორუფციის რისკებს.
პრესკონფერენციაზე გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები საქართველოს მთავრობის მისამართით.