სიახლეები

პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეს სტატუსი 2 წლისა და 5 თვის შემდეგ  მიანიჭა

13.12.2021
ფონტის ზომა
გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის  სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ვახტანგ ბერიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის  წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვდა, 20-21 ივნისის დაზარალებულებს  დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13  მუხლების დარღვევის დადგენას  ითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს. მათაც დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა და ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში ცენტრმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ვახტანგ ბერიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაგრამ წინა საქმეებზე არსებული გამოცდილების მიუხედავად, პროკურატურისგან კვლავ უარი მიიღო. 2021 წლის 10 დეკემბერს - უკვე მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს ამ საქმეზეც დაწყებული აქვს სახელმწიფოსთან კომუნიკაცია - პროკურატურამ ბერიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

შსს-ს მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან  ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს  რეზინის ტყვიებს. პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის  ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
Loading...