სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი“

16.12.2021
ფონტის ზომა
17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანგარიშის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ისე არჩევნების პირველი და მეორე ტურის მონიტორინგის შედეგები.
 
ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ივნისში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  შეტანილი ცვლილებები შეიძლება  წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების მაღალი ხარისხის დემოკრატიულობით ჩატარების შესაძლებლობას იძლეოდა, ამ ბაზისის სრულად გამოყენება მაინც ვერ მოხერხდა. მოქმედი რეგულაციებით, უკეთესი არჩევნების ჩატარება, მხოლოდ კანონმდებლობისა და მისი სულისკვეთების განუხრელი დაცვით და სათანადო პოლიტიკური ნების არსებობით იქნებოდა შესაძლებელი. 
 
სამწუხაროდ, წინასარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა მთელმა რიგმა დარღვევებმა, რაც, მეტწილად, ხელისუფლებას მიემართება და მოიცავს ადამინისტრაციული რესურსის უკანონოდ ხარჯვის მანკიერ პრაქტიკას, სახელმწიფოსა და პარტიას შორის საზღვრების მოშლას, პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღრმავების ხელშეწყობასა და ა.შ., შეუძლებელი გახადა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება. ეს კი ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.  
 
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღემ, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა უმრავლესობა კვლავ ტექნიკური ხასიათის იყო, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაბალი პროფესიონალიზმი, საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნა და სახელწიფო ენაზე საუბრის ბარიერი ეთნიკურ უმცირესობებში. ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრის  მონიტორინგის მიმდინარეობისას მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო და მასშტაბური გამოყენების პრაქტიკა, ხელისუფლებასა და პარტიას შორის აუცილებელი საზღვრების არსებობის პრინციპის უგულვებელყოფა, საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა და სხვა.
 
ამასთან, 2021 წლის არჩევნები კვლავ მკვეთრად პოლარიზებულ, მიკერძოებულ და სიძულვილის ენით გაჯერებულ მედიაგარემოში წარიმართა. პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის საინტერესო საკითხები ძირითადად უგულვებელყოფილი იყო. კვლავ განსაკუთრებით დაძაბული იყო წინასაარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც კენჭისყრის დღესაც, ტრადიციულად, ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაც.     
                          
ანგარიში მომზადდა აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდის პროექტის, ,,შავი ზღვის ნდობისა“ და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების ან მისი პარტნიორების პოზიციას. შესაბამისად, დონორი ორგანიზაციები პასუხისმგებელი არ არიან ანგარიშის შინაარსზე. 
 
სიახლეები