სიახლეები

 ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა წამების მსხვერპლთა გაჭიანურებული რეაბილიტაციის და კომპენსაციის თაობაზე

23.12.2021
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომლებიც სხვადასხვა დროს დაექვემდებარნენ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და იქცნენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებად. 

სახელმწიფო კვლავ თავს არიდებს დაზარალებულთა დიდი ნაწილის მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას და უარს ამბობს მათ რეაბილიტაციასა და სათანადო კომპენსაციაზე. ხოლო საერთო სასამართლოებში წლების განმავლობაში გაჭიანურებული, დაზარალებულთა კომპენსაციის საქმეები ვერ პასუხობს მართლმსაჯულების მიზნებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი ლ.კ. მრავალი წლის განმავლობაში N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ლ.კ. 2017 წელს პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაზარალებულად არის ცნობილი.  

ლ.კ.-ს საქმეზე 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული  გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად:  N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის  (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).   

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლ.კ.-ს საქმეზე 2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ სასამართლო განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

ჯერ კიდევ 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ“. დადგენილებაში მთავარ პრინციპად განისაზღვრა, რომ სახელმწიფომ წარსულში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, კერძოდ, - 2012 წლის არჩევნებამდე მომხდარი დარღვევები, ისე უნდა გამოიძიოს, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ: „სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა დარღვევების მსხვერპლნი უზრუნველყოფილი იყვნენ ეფექტიანი დაცვის საშუალებებით; უზრუნველყოფილი იყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; განისაზღვროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა;  უზრუნველყოფილი იყოს წამებისა და არაადამიანური  მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; უზრუნველყოფილი იყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთათვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების გაწევა და მათი სამართლებრივი დაცვა”.

მიუხედავად აღნიშნულისა, .ლ.კ.-ს გაჭიანურებული საქმიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე.  ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდება მსგავსი საქმეები ოპოზიციასთან საჯარო დებატებისას, ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით, რამაც პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე უფრო მიიღო. რეალურად კი სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში ბევრი არაფერი გაკეთებულა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა დაცვისთვის და რეაბილიტაციისათვის. 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს წლების განმავლობაში უწევთ სასამართლოში გრძელვადიანი დავა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული არაერთი საქმის გამოძიება, კვლავ ჭიანურდება და საგამოძიეო უწყებათა გააქტიურება, მხოლოდ წინასაარჩევნოდ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით აქტიურდება. 2012 წლიდან, თითქმის 10 წლის თავზეც კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შექმნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე; კვლავ გაურკვეველია როგორც საქმეთა მიღების კრიტერიუმები, ისე საქმის წარმოების მიმდინარეობა, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა უმრავლესობისთვის უფლებების აღდგენის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

საქართველოს ხელისუფლებას:
  • უარი თქვას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების აღდგენის პროცესის პოლიტიზებაზე და დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში;
  • შექმნას ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა საქმეების გამოძიებისა და კომპენსაციისთვის;
  • უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:
  • ხელი შეუწყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს  დროულ და სათანადო კომპენსაციის მიღების უფლების სარგებლობაში. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები