სიახლეები

42 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ

29.12.2021
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში აკვირდება პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში. 2020 წელს დაწყებული სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის პროექტი 2021 წლის 1 თებერვლიდან გაგრძელდა და 30 დეკემბერს დასრულდება.

2020 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ მოექცა 42 სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე. 2021 წელს 11 თვის განმავლობაში ორგანიზაციის სასამართლო მონიტორები ჯამში დააკვირდნენ 140 სასამართლო სხდომას.

42 საქმიდან, ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს. ამასთანავე, რიგი გადაწყვეტილებები თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

საქმეების ჩამონათვალი და მიმდინარეობა სასამართლოებში:
  1. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაციის - „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე. განსახილველ საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.
  2. ჟურნალისტ ვახტანგ სანაიაზე თავდასხმის საქმე. 2021 წლის 25 თებერვალს ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა. ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან, მათ შორის - მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადი ავტომანქანის აღმართზე აყვანას ცდილობდა. მისი თქმით, ამ დროს ბრალდებულებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დააკავა სამი პირი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალდობა განახორციელეს ვახტანგ სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. დაკავებულ სამ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ. საქმე საქალაქო სასამართლოში გიორგი კერატიშვილის თავმჯდომარეობით არსებითად განიხილებოდა.
სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც განაჩენის გამოცხადების დღესვე - 25 აგვისტოს ამოიწურა. შედეგად, მათ საპატიმრო იმ დღესვე დატოვეს.

  1. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე.წ. კარტოგრაფების) საქმე.ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ან/და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. 2021 წლის 28 იანვარს, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა  20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. საქმე არსებითად განსახილველად მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაეცა. საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს. 2021 წლის 28 იანვარს, სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერად ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ დაკავებულნი. ამასთან, გირაოს თანხის შესაგროვებლად, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც, გათავისუფლებულების დასახმარებლად წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეების მიერ, 2 საათში გირაოს სრული თანხა – 40 000 ლარი სრულად შეგროვდა.

  1. გიორგი მუმლაძის საქმე - სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს - პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე - აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქმე, ამ დრომდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. 2021 წლის თებერვლიდან 30 ნოემბრამდე, საქმეზე ჩატარდა 4 სასამართლო სხდომა. დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
  2. მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე - 2021 წლის 6 ივლისს მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დააკავა. ადვოკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე - „თავისუფლებისთვის“ და გამოხატავდა პროტესტს. მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივმა ჯგუფებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი იცნეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც იწევდნენ მასზე - ცდილობდნენ ჯებირებს მიღმა გადასვლას და მას საფრთხეს უქმნიდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციელებმა გაიყვანეს ტერიტორიიდან და როგორც შემდეგ გაირკვა - დააკავეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – 166-ე და 173-ე მუხლებით. საქმის არსებითი განხილვის გადადების შუამდგომლობა 7 ივლისს დაცვის მხარემ დააყენა, საქმის მასალების გაცნობისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ამავე დღეს მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირისთვის განსაზღვრული 48-საათიანი ვადა ამოიწურა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან მიმართებით შეწყდა საქმე, მაჩალიკაშვილი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად 166-ე მუხლის 1-ელ და 174-ე მუხლის მე-4 ნაწილში და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
  3. ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2021 წლის 3 ივნისს, გენერალურ პროკურატურასთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოთხი სამოქალაქო აქტივისტის - ბექა პაპაშვილის, ზურაბ ბერძენიშვილის, პაატა ხარატიშვილისა და ტიტე გედენიძის სასამართლო პროცესს. აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. საქმეს იხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი. 2021 წლის 2 აგვისტოს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ბექა პაპაშვილის მიმართ შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ტიტე გედენიძე, პაატა ხარატიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედოთ ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით.
  4. აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის საქმე.ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას. ბრალდებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გულისხმობს: მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზებას, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ასევე - ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე - ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი. მის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. დამატებით, ბრალდებულ აკაკი კობალაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. 2020 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით 10 000  ლარის გადახდა დაეკისრათ. საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი.
  5. სამოქალაქო აქტივისტების საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2021 წლის 16 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტის (ირაკლი ფავლენიშვილი, გივი ცინცაძე, ფარნავაზ გრიგოლია, ვანო მაღალაშვილი, ნიკოლოზ კვიტატიანი, ნიკოლოზ ნარსია და დავით დიღმელაშვილი) სასამართლო პროცესს. აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება  166-ე მუხლის ნაწილში შეწყვიტა, ხოლო 173-ე მუხლის ნაწილში აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 1200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე განიხილა მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა.
  6. ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე - საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომელს, ბეჟან ლორთქიფანიძეს  ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. პროცესის დასაწყისში ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებდა. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას შეფარდებული ჰქონდა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილავდა მოსამართლე დავით მგელიაშვილი.
ბეჟან ლორთქიფანიძე ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისფულდა. კერძოდ, 2021 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებია.

  1. ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე.ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. საქმეზე პროკურატურასა და ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბესიკ თამლიანი ოპოზიციური ბლოკის - „ენმ - ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიით იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი. ბესიკ თამლიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.  იგი არ თანხმდება 2021 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებას და აგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. 
  2. ნიკანორ მელიას  საქმე -პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ეს საქმე უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე. 2021 წლის 10 მაისს სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე. კერძოდ, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალა 40 000-ლარიანი გირაოთი. გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (EED) ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თავმჯდომარეობით გრძელდება.
2021 წლის თებერვლიდან 30 ნოემბრამდე საქმეზე 20 სასამართლო სხდომა ჩატარდა. თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრიდან ისმოდა პოლიტიკური განცხადებები. ასევე, დაცვა ყურადღებას ამახვილებდა საქმის პოლიტიკურ მოტივებზე. მოცემულ ეტაპზე ბრალდებული გაძევებულია სასამართლო სდომის დარბაზიდან.  
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი.

  1. ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილის საქმე. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით. საქმეს სააპელაციო სასამართლოში იხილავს ვეფხია ლომიძე.
  2. მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე - საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) გაფლანგვას. პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების შეფასება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში.

  1. მიხეილ თოდუას (მიხაილოს) საქმე -2013 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მიხეილ თოდუას მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ - ე.წ. კლუბური ნარკოტიკის შეძენის, შენახვისა და მისი მოხმარებისათვის. 2019 წლის 11 ოქტომბერს, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით, 2 წლისა და 11 თვის ვადით. მას დაევალა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე. 2020 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება, მიხეილ თოდუას მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობის გაუქმებისა და საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე იმ მოტივით, რომ მან დაარღვია შინაპატიმრობის პირობები და 17 ოქტომბერს 22:00 საათზე დაუკრა პარტია „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრობაციის ბიუროს წარდგინება თავისუფლების აღკვეთის სასაჯელის სახედ გამოყენებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. პრობაციის ბიურომ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა, ასევე, ალტერნატიული მოთხოვნა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მიხეილ თოდუას დაეკისრა შინ ყოფნის ვალდებულება 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, ნაცვლად 21:00-08:00 საათის პერიოდისა.
  2. ნოდარ რუხაძის საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 23 თებერვალს პარლამენტთან დაკავებული მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო სხდომას. სამართალდამცავებმა იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. მოსამართლემ ნოდარ რუხაძე სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის ზომად 2000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. საქმე ზემდგომ ინსტანციაში არ გასაჩივრებულა.
  3. გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. აეროპორტის საქმე).პროკურატურის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს, გიორგი უგულავას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ. გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბ. გ. პირიქით - პროვოკაციულად თავს დაესხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს. დაახლოებით ერთი წლის თავზე, 2021 წლის 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გიორგი უგულავა აცხადებს, რომ უარს ამბობს ამნისტიაზე და ბოლომდე იბრძოლებს სასამართლოს გზით სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან „აეროპორტში მასზე თავდასხმა იყო ორგანიზებული სუს-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით“. სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობს დაზარალებულების, მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვა.
  4. გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას.  უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის ამ განაჩენით, გიორგი უგულავას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა. უზენაეს სასამართლოში უგულავას საქმე ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თავმჯდომარეობით განიხილებოდა.
  5. გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე.ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილი. საანგარიშო პერიოდში სასამართლო სხდომები არ ჩატარებულა.
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

  1. ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმე- ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმე. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი  წარდგენილი აქვთ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლით და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა, რომ „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ბრალდების შესახებ დადგენილებით, საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2021 წლის 9 ივნისს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, განაახლა. საქალაქო სასამართლოში სხდომები გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით. საანგარიშო პერიოდში საქმეზე 2 სასამართლო სხდომა ჩატარდა.

2019 წ. 19 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალდება (ე.წ. ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმე) პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ოქრუაშვილს 2004 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება[1]. ბრალდების წარდგენა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. სახელმწიფო ბრალდებამ სისხლის სამართლის კოდექსის ის რედაქცია გამოიყენა, რომელიც 2004 წლის 11 ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მეტად აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას[2].

  1. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე.პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე, როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვეფხვია ლომიძე განიხილავს.
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.

  1. კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის არსებითი განხილვის სხდომა 1 წელზე მეტია, არ ჩანიშნულა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. საქმეში არაერთი სამართლებრივი პრობლემაა იდენტიფიცირებული.

  1. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაკავებული მოქალაქეების საქმე.ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 2020 წლის 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციულ პროცესს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7 დაკავებულიდან მხოლოდ ერთის მიმართ შეწყდა სამართალწარმოება. 3 პირი კოდექსის მხოლოდ 173-ე,  3 კი ორივე - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. ერთს სახდელის ზომად 5 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა, დანარჩენ 5 პირს კი 3 დღე-ღამის ვადით პატიმრობა განესაზღვრათ.
  2. ლაშა ჩხარტიშვილის საქმე. 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და მას ჯარიმის სახით დააკისრა 3500 ლარის გადახდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება სამ სასამართლო სხდომაში მიიღო. თავის მხრივ, ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საჩივრის მიღებაზე მას უარი ეთქვა.  
  3. გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმე.გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.  
  4. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას სს საქმე სასამართლოს პირველ ინსტანციაში განიხილება, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. საქმე ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.
2021 წლის 10 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თუმცა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად მსჯავრდებულია ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან და, შესაბამისად, მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაცვის მხარე აღკვეთის გადახედვას არ ესწრებოდა - ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, ვინაიდან სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და  სასამართლომ, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით, არ უზრუნველყვეს ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება.

ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, მოსამართლე ნინო ელეიშვილის თავმჯდომარეობით.

  1. გიორგი რურუას საქმე. „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს, მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება[3]. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს) ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს, რომლის თანახმად, გიორგი რურუას მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი. ამ შეთანხმებამდე, 2021 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებდა, რის მოტივადაც მიუთითა, რომ „საზოგადოებამ მასზე კარგად იცოდა, თუ რატომ არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას“[4].
საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის       მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი.
 
  1. ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით.
მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის  სამართლებრივი შეფასება. საქმეში არაერთი სამართლებრივი პრობლემაა იდენტიფიცირებული.

  1. ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის საქმე - ალექსი მაჭავარიანი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) და ასევე -  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

ორივე საქმე გაერთიანდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სადაც სამივე დაკავებული სასამართლომ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. ალექსი მაჭავარიანის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,  ნოდარ რუხაძის მიმართ - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, გიორგი მჟავანაძის მიმართ კი -  3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

29-30-31.ლევან იმერლიშვილის, გიორგი ესიაშვილის და მინდია ამბარდნიშვილის საქმე (ყოფილი სპეცრაზმელების საქმე) -  ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“).

ყოფილი სპეცრაზმელები - ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, რომელიც შემდგომ შეიცვალა 10 000-ლარიანი გირაოს სახით. ლევან იმერიშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად დასახელდა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის მიმდინარეობისას ლევან იმერლიშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები არ ჩატარებულა. იმერლიშვილის საქმეზე სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიდო.

რაც შეეხება გიორგი ესიაშვილს, მონიტორინგისას 4 სასამართლო სხდომა ჩატარდა. საქმეზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის - სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები.

2021 წლის 18 მარტს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის შუამდგომლობით, დაერთო განცხადება, რომელიც ეხება დაზარალებულთა (ამ საქმეში ორი დაზარალებულია) და ბრალდებულის შერიგებას, ბრალდებულის მხრიდან ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს. განცხადების თანახმად, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშირებით და მიესალმებიან ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

2021 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე. დამატებითი ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლებისა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებდა ლევან იმერლიშვილიც. ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდებოდა, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. 

  1. 2021 წლის 5 ივლისის კონტრაქციაზე დაკავებულთა საქმე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 და 6 ივლისს თბილისში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ჰომოფობიური აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისი საქალაქო სასამართლოში აკვირდება ბრალდებულების მუხრან დადვანის, ირაკლი წიგნაძის, ნიკოლოზ გულედანის, ბაქარ მაისურაძის, თორნიკე გაბლიანის, ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების განხილვას. ამ პირების საქმე გაერთიანებულია და განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი. ბრალდებულებს სახელმწიფო ბრალდება ედავება სსკ-ის 225 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
33-34-35. ტატო ჩერქეზიშვილის, გიორგი გაგნიძის და იოსებ ტაბატაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები  - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ ცალ-ცალკე განიხილა ჩერქეზიშვილის, გაგნიძის და ტაბატაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა 2 აქცია. მდუმარე აქცია პარლამენტის წინ, კონტრაქცია კი - გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმდინარე აქციებს შორის პოლიციას ჰქონდა ცოცხალი ჯაჭვი, რათა აქციის მონაწილეები კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიისგან დაეცვა. როგორც ცნობილია, კონტრაქციის წარმომადგენლები იყვნენ აგრესიულად განწყობილები. ამასთანავე, ფიზიკური ძალით ცდილობდნენ პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას და მდუმარე აქციის მონაწილეებზე თავდასხმას. ასევე, ესროდნენ კვერცხებს და ბოთლებს. პოლიციელების ჩვენებით, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფაც მიაყენეს. მოსამართლემ სამივე პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ორ მათგანს 2500 ლარის გადახდა, ხოლო ერთს - 2200 ლარის გადახდა დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყოფილი სპეცრაზმელების - ლევან იმერლიშვილის, გიორგი ესიაშვილის და მინდია ამბარდნიშვილის სასამართლო პროცესებს დააკვირდა,  ხოლო ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეთა საქმეების სასამართლო განხილვას აკვირდება, რათა გამოკვეთოს პროკურატურის, ასევე - სასამართლო ხელისუფლების მიდგომა; შეადაროს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმართ და მოცემულ საქმეებზე რამდენად მიუკერძოებლად იქნება დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება; ასევე - სამართლებრივად გააანალიზოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმეებზე, სადაც დაზარალებულები არიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას, 2021 წლის 30 ნოემბრამდე, მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. ბრალდებულები არც ერთ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

  1. მიხეილ სააკაშვილის საქმე, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით - საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის განცხადებით[5], 2021 წლის 28 სექტემბერს უკრაინიდან, კერძოდ - ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შევიდა გემი „ვილნიუსი“. ამ გემიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. ეს ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც მძღოლმა - ელგუჯა ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ელგუჯა ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან,  საიდანაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.  მიხეილ სააკაშვილის ამ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.   
  2. დავით ნებიერიძის, კახაბერ კვარაცხელიას, ბორის ყურუასა და ირაკლი ძიძიგურის საქმე. 2021 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. სამართალდარღვევის ოქმებში აღნიშნული იყო, რომ ჩამოთვლილი პირები უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ და გზის სავალ ნაწილზე დგომით ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის გადაადგილებას. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ოთხივე პირი სამართალდამრღვევად ცნო და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას და სამართალდარღვევის ოქმებს. ირაკლი ძიძიგურის გარდა, რომელიც 2 000 ლარით დაჯარიმდა, სასამართლომ სამივე პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით 1, 4 და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
  3. ელენე ხოშტარიას საქმე. 2021 წლის 11 ივლისს თბილისში, ტელეკომპანია ტვ „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციის დღეს, პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის კედელს წითელი ფერის საღებავი შეასხა. ხოშტარია პოლიციელთა მოწოდებას არ დაემორჩილა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ელენე ხოშტარია სასამართლოს არცერთ სხდომაზე არ გამოცხადდა. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა პოლიციელებთან ჭიდილსა და საღებავის კედელზე მისხმას, ასევე - ხოშტარიას მცდელობას, გაერღვია კორდონი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის თქმით, კუმულაციურად, ეს მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რის გამოც მოითხოვეს ხოშტარიას სამართალდამრღვევად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ელენე ხოშტარია სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა.
  4. 39. ზურაბ და შალვა წოწორიების, ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძის საქმე. ეს პირები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს ერთიდან ოთხ წლამდე.
2021 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პორკურატურის შუამდგომლობა და ელგუჯა ცომაია პატიმრობაში დატოვა. სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს იმის გამო დააკავეს, რომ მან ძებნილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს შსს-ს მიერ. „მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისის ბინა“.
გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ,  ზურაბ და შალვა წოწორიებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს სააკაშვილის ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, 2021 წლის 5 ოქტომბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მამა-შვილ წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ნარიმანიძე, ტრაილერის მძღოლი, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმეზე მეოთხე დაკავებულია, ბრალს არ აღიარებს. გამოძიების მტკიცებით, გიორგი ნარიმანიძე იმყოფებოდა იმ სატვირთო ავტომობილში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი აბაშიდან თბილისში ჩამოვიდა, იცოდა, რა გზებით შემოვიდა პრეზიდენტი ქვეყანაში და ეს ამბავი დამალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. სასამართლომ ბრალდებული ნარიმანიძე პატიმრობაში დატოვა. თავდაპირველად, აღნიშნულ ბრალდებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეები ცალ-ცალკე განიხილებოდა, მოგვიანებით კი, პროკურორის დადგენილების საფუძველზე გაერთიანდა.

  1. გიორგი თაბაგარის საქმე - ლგბტ აქტივისტის, „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება ძველი თბილისის პოლიციაში დაიწყო. საქმე ეხება 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, თაბაგარს კი პოლიციელი დაუკავშირდა და იმ დროისთვის დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა. პოლიციელი აცხადებდა, რომ პასუხად თაბაგარმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი თაბაგარის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობდა პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლომ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2021 წლის 22 ოქტომბერს გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო 2021 წლის 5 ივლისის ეპიზოდზე, რაც გულისხმობდა პოლიციელის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსამართლემ თაბაგარს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
  2. ალიკა კუპრავას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგის მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ განიხილა. სასამართლო ხსდომაზე პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ქეთევან წამებულის №61 მიმდებარედ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილია, მოძრაობდა ალიკა კუპრავა. პოლიციის განმარტებით, კუპრავა აგრესიული განწყობით, ხმამაღალი შეძახილებით და ლანძღვით მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც საპასუხოდ მოქალაქეს მოუწოდებდნენ დამშვიდებისაკენ, რაც არ გაითვალისწინა. ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, ალიკა კუპრავა დააკავეს. საქმეზე  სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ალიკა კუპრავას საქმის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და აისახება სასამართლო პრაქტიკაზეც, განსაკუთრებით - იმ საქმეებზე, როდესაც კოდექსი პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოიყენება.

  1. 42. ცოტნე ლომიძის საქმე. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი განიხილავდა. სასამართლო სხდომაზე შსს-ს განმარტებით, 2021 წლის 12 ივლისს თბილისში ერეკლე მეორის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, მიმდინარეობდა აქცია, სადაც შეკრებილი იყო ხალხი და გამოხატავდა პროტესტს. ადგილზე წარმოდგენილი იყო პოლიცია, რომელიც ცდილობდა, დაეცვა მართლწესრიგი, მოეხდინა რეაგირება და პრევენცია სამართალდარღვევაზე. აქციაზე იმყოფებოდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე ლომიძეც, რომელიც ისროდა კვერცხებს პოლიციის მიმართულებით. ასევე, იგი ხელს უშლიდა პოლიციას სხვა პირების ადმინისტრაციულ დაკავებებში. შსს-ს წარმომადგენლებმა ცოტნე ლომიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. იგი 48 საათი ჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, გაათავისუფლეს და შემდეგ დაიბარეს სასამართლოში საქმის განხილვაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტიცებულებებით არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, არ იყო წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულებები. ასევე, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწმე არ იყო დამკავებელი პოლიციელი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ცოტნე ლომიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ, სანქციის სახით, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები ასახა ვრცელ შემაჯამებელ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება 2022 წლის 21 იანვარს დაგეგმილ კონფერენციაზე.

დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით