განცხადებები

2006 წელს მიღებული რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ  კანონი დღემდე აღუსრულებელია

20.01.2022
ფონტის ზომა
როგორც ცნობილია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ნაწილი, 1989-1992 წლების შეიარაღებული კონფლიქტისას და შემდგომ პერიოდში - ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოს რეგიონებში ქართველ და ოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გამო, იძულებული გახდა, საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ეთნიკურად ოსი მოსახლეობის ქონებრივი რესტიტუციის და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამასთანავე, ბენეფიციარებისთვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარების ფარგლებში გამოიკვეთა რიგი საკანონმდებლო  ხარვეზები და ბარიერები, რის გამოც ეთნიკურად ოს პირებს ექმნებათ პრობლემები საკუთრების უფლების აღდგენისას და საქართველოს მოქალაქეობის მიღების თუ აღდგენის მიზნით დაწყებული საქმის წარმოებისას. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს  საჯარო დაწესებულებებში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება, რის გამოც ფერხდება სამართლებრივი დავის დაწყება სასამართლოში. 

საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის“ შესახებ. კანონის მიზანიაყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული ფიზიკური პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავიქონები თუზრუნველყოფ აან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღების ვალდებულება საქარველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. კანონის საფუძველზე უნდა შექმნილიყო შესაბამისი კომისია, რომელიც იმსჯელებდა რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ. არსებული ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე ეს კანონი აღუსრულებელია, რადგან რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია არ შექმნილა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზით და მოითხოვა მიზეზი, თუ რატომ არ შეიქმნა კომისია, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. 

ამავე დროს, ეთნიკურად ოსი პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. იმ ეთნიკურად ოსი პირებისთვის, რომლებიც კონფლიქტის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამ ეტაპზე, კანონში არ არსებობს განსხვავებული სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მოქნილი იქნებოდა იძულებით გადაადგილებული ოსი პირებისთვის და გაამარტივებდა მათ სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. გარკვეულ ბარიერებს ქმნის ასევე საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის თანხმადაც, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს იმავე საფუძვლით მიმართოს შესაბამის დაწესებულებებს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კანონში შესული ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. 

კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის დასადგენად შესაბამის ორგანოებიდან ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, მაგრამ როგორც მიღებული პასუხებიდან ირკვევა, საჯარო დაწესებულებების უმეტესობა მსგავსი სახის ინფორმაციას და სტატისტიკას არ ამუშავებს.  ამასთან, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ ამუშავებს ინფორმაციას, თუ რამდენმა ეთნიკურად ოსმა პირმა მიმართა განცხადებით მოქალაქეობის მინიჭების  მოთხოვნით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,  სახელმწიფოს  ჰქონდეს ინფორმაცია, 1989-1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტის და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირების გამო, რამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო აუცილებელია „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის“ შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდგომ კანონით გათვალისწინებულმა კომისიამ აქტიურად დაიწყოს მუშაობა. ასევე ამ კანონის მოქმედების არეალში შემავალი პირებისთვის გამარტივდეს სახელმწიფო დაწესებულებებში შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვების წესი და პროცედურები მნიშვნელოვანია  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება  და საქართველოდან 90-იან წლებში მასობრივად ემიგრირებული ეთნიკურად ოსი მოსახლეობისათვის განისაზღვროს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურა.

აუცილებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იმოქმედოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და უარყოფითი დასკვნის არსებობის მიუხედავად, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შემდგომ, გამოიყენოს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართველი და ოსი ხალხების საერთო პრობლემების შესახებ დიალოგი“, რომლის მიზანია ეთნიკურად ოსი მოქალაქეების საკუთრების და მოქალაქეობის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში და ამ უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. 
განცხადებები
Loading...