21 იანვარს 11:00 საათზე, ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში, ადამიანის უფლებათა ცენტრი კონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშები, რომლებიც ასახავს სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს. კონფერენციაზე ასევე თავიანთ დაკვირვებებს და მიგნებებს წარმოადგენენ პარტნიორი ორგანიზაციების - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები.
2020 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის დეკემბრამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ქვეშ მოექცა 42 სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე, ასევე - 29 საპროტესტო აქცია. 2021 წელს 11 თვის განმავლობაში ორგანიზაციის მონიტორები ჯამში 140 სასამართლო სხდომას დააკვირდნენ. 42 საქმიდან, ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოებში კვლავ მიმდინარეობს.
კონფერენციაზე განხილული იქნება სამართლიანი სასამართლოს პრობლემური საკითხები, რაც მონიტორებისა და ანალიტიკოსის მიერ მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოვლინდა. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა 2021 წლის 1 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული დარღვევების სამართლებრივ ანალიზს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მონიტორინგის მიმდინარეობისას სასამართლო პროცესებზე გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევების, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზებისა და ზოგადად პრობლემატური სასამართლო პრაქტიკის კომბინაციით, საფრთხე ექმნებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულ დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად. 2021 წელს გამართული საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგად კი გამოვლინდა სართალდამცველთა არაპროპორციული ძალის მობილიზების, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავების, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისა და დაჯარიმების, გადაადგილების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ პრობლემად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე, რადიკალური ჯგუფების გააქტიურება, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას.
კონფერენცია გაიმართება პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“ ფარგლებში და აჯამებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს. მონიტორინგი განხორციელდა ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.