სიახლეები

FIDH - რუსეთის აგრესია გამოიწვევს კატასტროფას უკრაინისთვის, ევროპისთვის - ადამიანის უფლებებისთვის

17.02.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია - FIDH 
პარიზი, 15 თებერვალი, 2022 წელი - მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრულია რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალები ხელმეორედ შეიჭრნენ უკრაინაში რის გამოც ევროპა უფრო მეტად უახლოვდება ომის საფრთხეს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიყვანოს თავისი ჯარები რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნომრების დარღვევით იმყოფებიან უკრაინის საზღვრებთან. ასევე ფედერაცია მოუწოდებს უკრაინას სრულად აღიაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მისი წესდების რატიფიკაციით და ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გაზარდოს ძალისხმევა მშვიდობის დარღვევის პრევენციისთვის.  

რუსეთის მხრიდან რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ და ბელარუსიის სამხრეთ სასაზღვრო რეგიონებთან 130 000-ზე მეტი ჯარისკაცის, მოიერიშე ვერტმფრენების, საბრძოლო გემების, ტანკების, მძიმე არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება აძლიერებს შიშს უკრაინის წინააღმდეგ გარდაუვალი შეირაღებული თავდასხმის შესახებ. 

საზღვრებთან საბრძოლოდ აღჭურვილი ძალების კონცენტრაცია: საერთაშორისო სამართლის დარღვევა
გაეროს ქარტიის მე-2(4) მუხლში ნათქვამია რომ „[გაეროს ყველა] წევრმა ქვეყანამ თავის საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს სხვა ქვეყნის ტერიტორიული ინტეგრაციის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან...“ როდესაც რუსეთს უკვე ანექსირებული და ოკუპირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან და სამხედრო მხარდაჭერას უწევს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ ხალხთა რესპუბლიკებს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში, მათი მხრიდან საბრძოლოდ აღჭურვილი ძალების  ამჟამინდელი კონცენტრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. 

რუსეთმა სათანადოდ ვერ უპასუხა უკრაინის მოთხოვნას ეუთოს ვენის შეთანხმების თანახმად განემარტა არმიის მზარდი კონტიგენტის მიზეზი; აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი რუსეთსაც, თუმცა მისი ამჟამინდელი ქმედება ხაზს უსვამს მისი მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების უგულვებელყოფას ძალის გამოყენების გარეშე დავების მოგვარებასთან დაკავშირებით.  

თუ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის მუქარა განხორციელდება, აღნიშნული შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც აგრესიის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც 2018 წლის ივლისიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის. 2014 წლის შემდეგ უკრაინაში არსებული მდგომარეობა უკვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა, ვინაიდან უკრაინამ სასამართლოს წარუდგინა ორი სპეციალური დეკლარაცია რომის წესდების მე-12(3) მუხლიდან გამომდინარე, რითაც ხდება სასამართლოს იურისდიქციის აღიარება უკრაინის ტერიტორიაზე 2013 წლის 21 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, გარდა აგრესიის დანაშაულისა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2020 წლის დეკემბერში დაადგინა რომ არსებობს გონივრული საფუძველი გვჯეროდეს რომ 2013 წლის ნოემბრის შემდეგ უკრაინაში ჩადენილი იყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. 

იმის გარდა, რომ ფართომასშტაბიან ომს გამანადგურებელი შედეგები ექნება სამოქალაქო პირების სიცოცხლის ხელყოფის, სამხედრო მსხვერპლის, ქონების განადგურების და ასი ათასობით დევნილი ადამიანისა და მიგრანტის სახით, შეიარაღებული თავდასხმის მუქარებმა უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას და შექმნა დაძაბულობა რეგიონში, რასაც მოყვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისა და ეუთოს მონიტორების გასვლა ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესება. 

„სამოქალაქო საზოგადოება ვერ გაჩუმდება, როცა რუსეთი ისევ არღვევს საერთაშორისო სამართლით დაკისრებულ ვალდებულებებს,“ განაცხადა ტოლეკან ისმაილოვამ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა. „ამ მიზნით ვავრცელებთ ამ მოწოდებას, რათა მოვახდინოთ რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დარღვევის პრევენცია, რაც გარდაუვალია თუ დიპლომატიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.“

ფედერაციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს შეიარაღებული თავდასხმისგან და გამოიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საზღვრისპირა რეგიონებიდან; საერთაშორისო საზოგადოებას - მათ შორის გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს და სახელმწიფოთა მეთაურებს - მოვუწოდებთ გააძლიერონ ძალისხმევა კრიზისის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის გამოიყენონ საპასუხო ზომები რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ უკრაინას მოახდინოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების რატიფიკაცია. 

ხელმომწერები: 

  • სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი (უკრაინა)
  • მოქალაქეთა Watch (რუსეთი)
  • ADC მემორიალი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი მემორიალი (რუსეთი)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო)
  • საერთაშორისო სამართლის ინიციატივა (ყაზახეთი)
  • Bir Duino (ყირგიზეთი)
  • Adilet (ყირგიზეთი)
  • Promo-LEX (მოლდავეთი)
სიახლეები
Loading...