სიახლეები

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე

28.02.2022
ფონტის ზომა
28 თებერვალი, 2022
 
 წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT) არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მუშაობს წამების, გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯის, იძულებითი გაუჩინარების, თვითნებური დაკავებისა და სხვა სასტიკი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ. გწერთ საქართველოში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა წუხილი საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. 

2021 წლის 30 დეკემბერს, მესამე მოსმენით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 2022 წლის 1 მარტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და იგი ჩანაცვლდება ორი ახალი სახელმწიფო უწყებით - სპეციალური საგამოძიებო სამსახურითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურით. გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე. გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია, ასევე საგანგაშო პრეცედენტს წარმოადგენს, რადგანაც საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კანონის უზენაესობას განმარტავს როგორც მმართველობის ფორმას, რომელშიც ყველა პირი, ინსტიტუტი და ორგანო, საჯარო თუ კერძო, პასუხისმგებელი არის იმ კანონების წინაშე, რომლებიც საჯაროდ არის გამოცხადებული, თანასწორად აღსრულებული და დამოუკიდებლად განხილული, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად . როდესაც წამებაში სავარაუდო დამნაშავე პირები არ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე ეფექტური გამოძიებისა და ბრალდების შედეგად, კანონის უზენაესობის არსი ირღვევა.

ამას გარდა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა შეაფასა, ახალი ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სამ მუხლს: მუხლი 25, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეების სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, მუხლი 9, რომელიც მოითხოვს არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას და მუხლი 15, რომელიც განამტკიცებს პირადი ცხოვრების დაცვის გარანტიებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, რომელიც ,,დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით” სარგებლობს, მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება გამართლდეს, რასაც ადგილი არ ჰქონია ამ შემთხვევაში . აღსანიშნია, რომ სახალხო დამცველმა და მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო საჩივრით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვეს ახალი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.

მთავრობის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს ახალი ნორმების საჭიროებასთან დაკავშირებით წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციებს შორის ინტერესთა კონფლიქტი. მთავრობის მოცემული არგუმენტი არ არის საკმარისად დასაბუთებული და გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებითა და მაგალითებით. 

გვსურს შეგახსენოთ, რომ სამართალდამცავი პირებისა და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებისა და სახელმწიფოს კონტროლის პირობებში პირთა გარდაცვალების საქმეთა ეფექტური გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო სისხლის სამართლით განმტკიცებულ პრინციპს წარმოადგენს. არაერთი საერთაშორისო კონვენცია, პაქტი და სახელმძღვანელო დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოებს, განახორციელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სრული, დროული და ეფექტური გამოძიება მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციებში ცვლილებების შეტანა და მისი შედეგები ზეგავლენას იქონიებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხზე მთელს ქვეყანაში, ასევე, არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებაზე. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება, გადახედოს ახალ ნორმებს და შესაბამისობაში მოიყვანოს ისინი საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

პატივისცემით,

ჯერალდ სტაბქროქი                          
გენერალური მდივანი, წამების საწინაღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია

ალექსანდრე ცქიტიშვილი                                
აღმასრულებელი დირექტორი. ადამიანის უფლებათა ცენტრი

მიმართვა PDF სახით იხილეთ აქ : http://hrc.ge/files/201OMCT - HRC -geo.pdf
სიახლეები