სიახლეები

ქართველი ხალხის მიმართვა ევროკავშირს

28.02.2022
ფონტის ზომა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს,
ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას,
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს,
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს,
 
დღეს უკრაინა და მთელი ევროპა რუსეთის აგრესიით და პუტინის მიერ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ცვლილების მცდელობით გამოწვეული განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ, ქართველი ხალხი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიო გვერდში უდგას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. უკრაინელი ხალხი დღეს იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის, არამედ ევროპელების მომავლისთვის, საქართველოს და მოლდოვას მომავლისთვის და ყველა იმ ადამიანის, ოჯახისა და სახელმწიფოსთვის, რომლის სურვილია იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ და უსაფრთხო მსოფლიოში.
 
ჩვენ, ქართველი ხალხი, ზუსტად იმ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რასთან გამკლავებაც დღეს უკრაინას უწევს. უკრაინის მსგავსად, რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, გამოგვიცხადა ომი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და შეეცადა შეეცვალა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალის და ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც 2008 წელს მოუწია გაეძლო ამ უმძიმესი გამოცდისთვის, თუმცა ეს დიდი მსხვერპლის და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაციის ფასად დაუჯდა.
 
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის ლიდერები, ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრი, დღეს ერთიანი და თავისუფალი უკრაინის ევროპელი ერების ოჯახში მიღებისკენ იხრება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას, უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად გეგმავენ უკრაინის ევროპული მისწრაფების და წევრობის პერსპექტივის შესახებ სერიოზული მსჯელობის გამართვას. ჩვენ გვსურს, გთხოვოთ, ევროკავშირის ინსტიტუტებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობის მკაფიო გზა გაუხსნათ.
 
უკანასკნელი რამდენიმე დღის გამავლობაში ევროკავშირის მოქალაქეები და წევრი სახელმწიფოების მთავრობები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ და რუსეთზე დაწესებული სანქციებით, ასევე სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გაწევით ცდილობენ დაიცვან უკრაინა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპელი ერების მიერ გამანადგურებელი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ყველაზე მშვიდობიანი და აყვავებული კლუბის წევრი. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი - საკუთარი სიცოცხლე გაიღონ. 2004 წლის მაიდანი, 2014 წლის ევრომაიდანი და 2022 წლის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ევროპული იდენტობის ურყევი დადასტურებაა და ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ააშენონ საკუთარი მომავალი, რომელიც თავისუფალი იქნება ტანკების, ბომბების და რუსული დიქტატისგან.
 
ქართველი ხალხი სრულად უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ ერთიან და განუყოფელ რეგიონად, რომელიც თანაბრად დგას რუსეთის აგრესიით, ოკუპაციით და ანექსიით გამოწვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დააკმაყოფილებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და, ანალოგიურად, კარს გაუხსნის საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.
 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ღია სივრცე კავკასია
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • სოვლაბი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • კავკასიის ღია სივრცე
სიახლეები