სიახლეები

რუსეთი: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უნდა შეაჩეროს რუსეთის წევრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 

10.03.2022
ფონტის ზომა

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას, შეაჩეროს რუსეთის უფლება, იყოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ფართომასშტაბიანი, მძიმე და სისტემური უფლებადარღვევის ფაქტების ჩადენისთვის, რომელთა ნაწილი შესაძლოა შეფასდეს როგორც ომის დანაშაულები და დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ. 

8 მარტი, 2022 წელი
გაეროს წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ წარმომადგენლებს ჟენევაში და ნიუ-იორკში

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოგიწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, მიიღოთ ზომები და მხარი დაუჭიროთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერებას. 

გენერალური ასამბლეის 60/251-ე რეზოლუციის მე-9 ოპერატიული პარაგრაფის თანახმად, საბჭოს წევრებმა „უნდა დაიცვან ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის უმაღლესი სტანდარტები“.

იმავე დოკუმენტის მე-8 ოპერატიულ პარაგრაფში ნათქვამია, რომ „გენერალურ ასამბლეას, სხდომის მონაწილე წევრების ორი მესამედის ხმებით, შეუძლია, შეაჩეროს საბჭოს იმ წევრის წევრობის უფლება, რომელიც ჩაიდენს ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე და სისტემურ დანაშაულებს“.

გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს უკრაინაზე თავდასხმის შესახებ მომზადებულ რეზოლუციაში ცალსახად დაგმო 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და გამოხატა „ღრმა შეშფოთება სამოქალაქო შენობებზე (საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები) თავდასხმების გამო, ასევე - სამოქალაქო პირების, მათ შორის - ქალების, მოხუცების, შშმ პირებისა და ბავშვების მსხვერპლის გამო. 

ამას გარდა, 2022 წლის 4 მარტს მიღებულ 49/1 რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭომ „ყველაზე მკაცრი ტერმინებით დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ჩადენილი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტები“. საბჭომ გამოთქვა „ღრმა შეშფოთება, რომ რუსეთის მიერ დასახლებულ ტერიტორიებზე სარაკეტო თავდასხმებისა და დაბომბვის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ისეთი უფლებებით სარგებლობას, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, განათლების უფლება და ასევე ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლება“. უფრო მეტიც, 49/1-ე რეზოლუციაში საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება „ადამიანის უფლებათა მძიმე და სისტემური დარღვევების“ შესახებ, სადაც გამოყენებულია გენერალური ასამბლეის 60/251-ე რეზოლუციის ზუსტად ის ლექსიკა, რომელიც ადგენს წევრობის უფლების შეჩერების ზღვარს.   

2022 წლის 3 მარტს, უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების დროს მიღებულ მიმართვაში  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკვე გამოიწვია „უკრაინის ტერიტორიაზე მილიონობით ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა“. კერძოდ: 

•    1.2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფარი მოეძებნა მეზობელ ქვეყნებში; 1 მილიონზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით გადაადგილება ქვეყნის შიგნით. გლუკი აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომავალ კვირებში 4 მილიონამდე გაიზარდოს ლტოლვილთა რიცხვი;
•    დადასტურებულია სულ მცირე 1207 სამოქალაქო პირის გარდაცვალება (6 მარტის მონაცემებით). რეალურად კი გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვინაიდან შეზღუდულია წვდომა იმ ტერიტორიებზე, სადაც განსაკუთრებით მძიმე თავდასხმები იყო მძიმე არტილერიის, მრავალფუნქციური სარაკეტო სისტემებისა და კასეტური ბომბების გამოყენებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე.
•    მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის - საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების, ელექტროენერგიის, წყლის, სანიტარიული და ჯანდაცვის კრიტიკული წყაროებისა და შენობების მიზანმიმართული და განურჩეველი დაბომბვა. 2022 წლის 7 მარტის მონაცემებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დადასტურებულად გამოაცხადა რომ უკრაინაში 24 თებერვლიდან 3 მარტამდე 16 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე; მოსალოდნელია ამ მონაცემების გაზრდა ინციდენტების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ. 

2022 წლის 28 თებერვალს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოაცხადა უკრაინის სიტუაციაზე, ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების prima facie მტკიცებულებების საფუძველზე, გამოძიების დაწყების შესახებ. 2022 წლის 2 მარტს მან დაადასტურა უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით 39 წევრი სახელმწიფოსგან რეფერალის მიღება, რაც ხელს შეუწყობს გამოძიების დაჩქარებას. ძალიან ნათელია, რომ თავდასხმა თავისთავად წარმოადგენს აგრესიის დანაშაულს.  

2022 წლის 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შეიმუშავა გეგმა, რომ დაპყრობილ უკრაინულ ქალაქებში შემოიღოს სიკვდილით დასჯა რათა შეაჩეროს წინააღმდეგობა; 4 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე არტილერიის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს ევროპის ყველაზე დიდ ატომურ რეაქტორზე. 

თავად რუსეთში ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა და დააპატიმრა 12 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აპროტესტებდნენ ომს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მომიტინგეებს. ხელისუფლებამ ასევე დააწესა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ცენზურა, დახურა  მედიაგამოცემები და გააჩუმა ის ჟურნალისტები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე; დაიბლოკა მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. მათ ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ,,ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისა და ,,სახელმწიფო ღალატის’’ ბრალდებით. ორი ახალი კანონი შევიდა ძალაში 4 მარტს - მოხდა ომზე დამოუკიდებლად ინფორმაციის გავრცელების (რეპორტინგი) და ომის გაპროტესტების კრიმინალიზება, რაც დაისჯება პატიმრობით 15 წლამდე ვადით. კანონით აიკრძალა ,,ყალბი ინფორმაციის” გავრცელება რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ასევე მოწოდება, რომ შეწყდეს მათი სხვა ქვეყანაში შესვლა და ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული სანქციების მხარდაჭერა. 

მთლიანობაში, უდავოდ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის ფართომასშტაბიან და სისტემატიურ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, რაც გრძელდება მთელი შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. ეს მოიცავს სიცოცხლის უფლების, თვითგამორკვევის, ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების, გაადგილების თავისუფლების, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, საკუთრების, განათლებისა და ჯანმრთელობის, წყლისა და სანიტაციის ხელმისაწვდომობის უფლებების დარღვევას; ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსული აგრესია არღვევს გაეროს ქარტიის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, მათ შორის, ქარტიის 2(3) და 33(1) მუხლებს. 

თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობას, ეს გამოიწვევს საბჭოს რეპუტაციის შელახვას. ნამდვილად ძნელია, წარმოიდგინო ისეთი შემთხვევები, რომლებიც იმსახურებს გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციის მე-8 ოპერატიული პარაგრაფის პროცედურის დაწყებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს, როცა წევრი ქვეყანა იწყებს უკანონო ომს და აგრესიას მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევით, რასაც შედეგად მოსდევს მასობრივი სიცოცხლის ხელყოფა, მძიმე და სისტემური ადამიანის უფლებათა დანაშაულების ჩადენა. 
მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოხატოთ მტკიცე მხარდაჭერა გაეროს ქარტიის, გენერალური ასამბლეის უფლებამოსილებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ერთიანობის მიმართ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის უფლების შეჩერების მხარდაჭერით.
 
პატივისცემით: 

1.    აფრიკის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი 
2.    ალბანეთის ჰელსინკის კომიტეტი
3.    Article 19 
4.    ადამიანის უფლებათა და განვითარების აზიის ფორუმი (Forum-ASIA)
5.    ბელაურის ჰელსინკის კომიტეტი
6.    ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტი
7.    კაიროს ადამიანის უფლებათა კვლევის ინსტიტუტი
8.    სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი (უკრაინა)
9.    სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცენტრი (CCPR Centre)
10.    Centro de Estudios Legales y Sociales (CELS) (არგენტინა)
11.    ბავშვთა უფლებები Connect
12.    CIVICUS: მოქალაქეთა ჩართულობის მსოფლიო ალიანსი
13.    თანამეგობრობის ადამიანის უფლებათა ინციატივა (ინდოეთი)
14.    Conectas Direitos Humanos (ბრაზილია)
15.    Coordination des Associations et des Particuliers pour la Liberté de Conscience
16.    Crude Accountability
17.    დაიცავი უფლებადამცველები (East and Horn of Africa Human Rights Defenders Project)
18.    დაცვის პასუხისმგებლობის გლობალური ცენტრი (GCR2P)
19.    ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა - ვანაძორი (სომხეთი)
20.    ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო)
21.    ადამიანის უფლებათა ცენტრი Viasna (ბელარუსი)
22.    ადამიანის უფლებათა ცენტრი ZMINA (უკრაინა)
23.    ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი
24.    ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (ხორვატია)
25.    ადამიანის უფლებათა სამართლის ცენტრი (ავსტრალია)
26.    ადამიანის უფლებები გონებრივ ჯანმრთელობაში -FGIP
27.    ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინსტიტუტი (ლიეტუვა)
28.    ადამიანის უფლებათა მოძრაობა ‘Bir Duino-Kyrgyzstan’ (ყაზახეთი)
29.    ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე
30.    იურისტების საერთაშორისო კომისია (ICJ)
31.    ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
32.    ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სერვისი (ISHR)
33.    სამართლიანობა და მშვიდობა ნიდერლანდები
34.    ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ყაზახეთის საერთაშორისო ბიურო
35.    KontraS (გაუჩინარებულებისა და ძალადობის მსხვერპლთა კომისია, ინდონეზია)
36.    La Srada International
37.    Libereco 
38.    მაკედონიის ჰელსინკის კომიტეტი (ჩრდილოეთ მაკედონია)
39.    ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
40.    ნობელიანტ ქალთა ინიციატივა
41.    ღია საზოგადოების ფონდები
42.    ადამიანი გაჭირვებაში (ჩეხეთი)
43.    Protection International
44.    საზოგადოებრივი ასოციაცია ღირსება (ყაზახეთი)
45.    რისკის ქვეშ მყოფი მეცნიერები
46.    უნვერსალური უფლებების ჯგუფი
47.    ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის
48.    წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT)
49.    World Uyghur Congress
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...