სიახლეები

GCICC-ს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის დაკავების განჩინებების გამოცემის თაობაზე

13.03.2022
ფონტის ზომა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა, 2022 წლის 10 მარტს მიმართა სასამართლოს და 3 ოსი მაღალჩინოსნის მიმართ მოითხოვა დაკავების განჩინებების გამოცემა 2008 წელს 08-27 აგვისტოს პერიოდში ომის დანაშაულების სავარაუდო ჩადენის ბრალდებით. დანაშაულების ჩადენის დროისთვის სამივე პირი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო. მიხაილ მინძაევს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის de facto შინაგან საქმეთა მინისტრს), ჰამლეტ გუჩმაზოვს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის de facto წინასწარი დაკავების დაწესებულების ხელმძღვანელს); დავიდ სანაკოევს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის de facto „ომბუდსმენს“) პროკურორი ომის დანაშაულების, კერძოდ: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მძევლად ხელში ჩაგდება, იძულებითი გადაადგილება, ჩადენაში დებს ბრალს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ  მტკიცებულებები არსებობდა ვიაჩესლავ ბორისოვთან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო 2008 წლის მოვლენების დროს, და, რომელმაც განზრახ მონაწილეობა მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი  დანაშაულის აღსრულებაში. მის მიმართ დაკავების განჩინების გამოცემის მოთხოვნა ვერ მოხდა, რადგან იგი გარდაცვლილია. 

პროკურორი თავის საჯარო განცხადებაში უთითებს, რომ 2008 წლის მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობას მოუხდა საქართველოს უდავო ტერიტორიაზე გაქცევა. რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარებმა კი განახორციელეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები და გაქცეოდნენ საბრძოლო მოქმედებებს. მათ არ განმარტებიათ დაკავების მიზეზები, და არც რაიმე სახის პროცედურული უფლებით სარგებლობის საშუალება არ ჰქონიათ. პროკურორის განმარტებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარიულ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში, მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ. პროკურორი ცხადად მიუთითებს, რომ აღნიშნული დანაშაულები რუსეთის მიერ ოკუპაციის რეჟიმის კონტექსტში მოხდა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო წინასწარი მოკვლევა აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით. 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი ინიციატივით შუამდგომლობით მიმართა წინა-სასამართლო პალატას გამოძიების დაწყების თაობაზე, რაც მოსამართლეებმა 2016 წლის იანვარში დააკმაყოფილეს. აღნიშნული მიმართვიდან და წინა-სასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა გამოძიების ფარგლები, რომელიც მოიცავს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, და ომის დანაშაულებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ პროკურორი პარალელს ავლებს უკრაინის მიმდინარე სიტუაციასთან, და, განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული აკრძალული ქმედებების არსებობა, ასევე, ნათლად იკვეთება უკრაინის სიტუაციაშიც. დაკმაყოფილდება თუ არა პროკურორის მოთხოვნა დაკავების განჩინებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ უნდა გადაწყვიტოს

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ მიესალმება პროკურორი ხანის გადაწყვეტილებას 3 პირის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემის მოთხოვნის წარდგენის თაობაზე. 

დამატებით, მივუთითებთ, რომ, ფაქტია, რომ 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციებს რუსეთი ხელმძღვანელობდა, რის გამოც ზემოხსენებული კონფლიქტი საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად კვალიფიცირდება. საქართველოში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე უპირველესი პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს ეკისრებათ. თუ მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იქნებიან პასუხისმგებელი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის დაუსჯელობის განცდას შეუწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც, თავად პროკურორის განმარტებით, იმეორებს საქართველოში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შინაარსს. 

მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც არაერთხელ გაჟღერებულა

იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ მოუწოდებს: 

• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატას - გონივრულ ვადაში განიხილოს პროკურორის მოთხოვნა განჩინებების გამოცემასთან დაკავშირებით; 
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს და რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს - განჩინებების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეფექტიანად იმოქმედონ მათ აღსასრულებლად; 
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, კანცელარიასა და სასამართლოს ადგილობრივ ოფისს - აქტიურად განაგრძონ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდს -აქტიურად გააძლიეროს 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულებისთვის მხარდამჭერი მანდატის განხორციელება. 

დამატებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) 2008 წლის 8-12 აგვისტოს აქტიური ფაზაზე იურისდიქციის გამომრიცხველ მიზეზთა შორის დაასახელა სავარაუდო დაზარალებულთა და სადავო ინციდენტთა დიდი რაოდენობა, წარდგენილი მტკიცებულებების მასშტაბი და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულე, და მიუთითა, რომ „ასეთი სიტუაციები უპირატესად რეგულირდება სხვა სამართლებრივი ნორმებით, გარდა [ევროპული] კონვენციისა. კონკრეტულად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ან შეიარაღებული კონფლიქტის სამართლით,“ „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ დაზარალებულებთან მიმართებით სამართლის აღსრულების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მოუწოდებს:

• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს - აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, აქტიურად განაგრძოს გამოძიება, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  • საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • ,,უფლებები საქართველო”
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2010 წლიდან საქართველოს კოალიცია არის გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. 
სიახლეები