სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2021-2022 წლის ნოემბერი-თებერვლი)

16.03.2022
ფონტის ზომა
გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს კლინიკა და მისი ყოფილი დირექტორი მორალური ზიანის სახით 150 000 ლარს გადაუხდიან 
 
28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმეზე, მხარეებს შორის მორიგებით, გადაწყდა, რომ მოპასუხეები - ფარმან ჯეირანლი და კლინიკა „ვივამედი“ მოსარჩელეებს გადაუხდიან 150 000 (ასორმოცდაათი ათას) ლარს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“ (ამჟამად - „ვივამედი“), ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის  შედეგად გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახის წევრებს. 
2021 წელს ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 
უფრო ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 1 აგვისტოს „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტის ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად მას 6 ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა. 
სასამართლოს განაჩენამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკა „ლანცეტს“ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები აეკრძალა. 

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში დამნაშავედ ცნო გ.ი. და 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კახეთში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ფაქტზე  გამოძიება 2021 წლის იანვარში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 141-ე, და 126 მუხლებით. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი  დაზარალებულის ინტერესებს 2021 წლის თებერვლიდან იცავს. ცენტრის პოზიციას დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა და დასჯა წარმოადგენდა, რაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, გახდა სამართლიანი განაჩენის დადგენის საფუძველი.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 2000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა

2021 წლის 23 დეკემბრის ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივარი და გაუქმდა თორნიკე ერისთავის მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2021 წლის 23 ოქტომბერს მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა ვანის პოლიციის უფროსის მოადგილის, ოთარ ბელთაძის მიერ განხორციელებულ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ფაქტზე მოკვლევის დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

 შშმ პირზე მოძალადე მეზობელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 

26 ნოემბერს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ი.კ.  სსკ-ის 19-137 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნო და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შშმ პირი მ.ბ. კახეთის ერთ-ერთ სოფელში დედასთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრობს. 2021 წლის აპრილში მ.ბ.-ს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი ი.კ. შევიდა, რომელმაც დაზარალებულის ცნობით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, თავის სახლში იძულებით წაიყვანა ახალგაზრდა ქალი. მეზობელს წინააღმდეგობას მ.ბ.-ს დედაც უწევდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ექსპერტიზის დასკვნით, მ.ბ.-ს ჰქონდა ნაკბენები ლოყისა და ტუჩის არეში, ასევე აღენიშნებოდა  სხვა მსუბუქი დაზიანებები. სასამართლო პროცესზე მ.ბ.-მ აღნიშნა, რომ ი.კ. ადრეც ძალადობდა მასზე და სექსუალურად ავიწროვებდა.  

სასამართლომ მოქალაქეს 500-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

2021 წლის 23 დეკემბრის ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა და გაუქმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, თ.ე.-ს  500-ლარიანი ჯარიმის გადახდა ეკისრებოდა.
2021 წლის 21 ოქტომბერს თ.ე. გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რა დროსაც ვანის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორმა ის გააჩერა და მის მიმართ გამოსცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმ მიზეზით, რომ  პირს, რომელიც მართავს  სატრანსპორტო საშუალებას, მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის. 2021 წლის 30 მარტს თ.ე.-ს 6 თვით შეუჩერეს ავტომობილის მართვის უფლება, თუმცა ამ დროისათვის ეს ვადა უკვე გასული იყო.
თ.ე.-ს მიმართ 2021 წლის 21 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვეის კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაასაჩივრა  შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 2021 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრდა  ვანის მაგისტრატ სასამართლოში.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნეს

2022 წლის 11 იანვარს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლით და 6 თვის ვადით მიესაჯა. მენაბდე სამართალდამცავებმა 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს.
დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს.  2017 წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტომ 2017 წლის დეკემბერში - გ.ჯ. ხოლო 2019 წლის ივნისში - მ.კ დააკავა, რომლებიც გასამართლდნენ და ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრი დაედოთ.

შატილის ავარიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

2021 წლის 15 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე. გ.გ. მისთვის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  შ. ბ.-ს შეეცვალა კვალიფიკაცია 220 (1) მუხლით (რაც გულგრილობას გულისხმობს) და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
17 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას დაზარალებულების სახელით და მოითხოვა, პროკურატურამ გაასაჩივროს მცხეთის რაიონული სასამართლოს 15 ნოემბრის განაჩენი ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ ხელმძღვანელის, შ.ბ.-ის მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სააპელაციო საამართლომ ტურისტული კომპანიის დირექტორი დამნაშავედ უნდა ცნოს მის მიმართ თავდაპირველად 276-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს

ადამიანის უფლებათა ცენტრს  დახმარების თხოვნით მიმართა გ. ბ.-მ, რომელიც 2021 წლის 30 დეკემბრის N3440858 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიდან გაანთავისუფლეს. ბრძანება მას 2022 წლის 27 იანვარს ჩაბარდა. 
2022 წლის 1 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო  სასაზღვრო პოლიციის უფროსის  2021 წლის 30 დეკემბრის N3440858 ბრძანება  გასაჩივრდა შინაგან საქმეთა სამინსტროში. 28 თებერვალს შსს დაუკავშირდა გ.ბ.-ს და სამსახურში აღდგენა შესთავაზა.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“  ყოფილი წევრი და მისი მეუღლე ჯარიმას აღარ გადაიხდიან

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დადგენილებით დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული საჩივარი და გააუქმა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრის, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური კოალიციიდან ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის და მისი მეუღლის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მათზე დაკისრებული ჯარიმები 1500 და 500 ლარის ოდენობით.
2021 წლის 25 ნოემბერს იმედა კლდიაშვილი გადაადგილდებოდა მისი მეუღლის ნათია კიკაძის  სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, დააჯარიმა 1500 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მ-4 ნაწილით.  ასევე, დააჯარიმეს მისი მეუღლე, ნათია კიკაძეც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 211-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომანქანის გადაცემას იმ პირისთვის, ვისაც მართვის უფლება არა აქვს. 
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმედა კლდიაშვილს დადგენილ ვადაში ჰქონდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სახდელი, რითაც მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 6 თვის ვადით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული სახდელი ჩერდება, თუკი იგი დადგენილ ვადაშია გასაჩივრებული და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სწორედ ამ ჩანაწერს ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული საჩივარი, რაც დააკმაყოფილა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

საქალაქო სასამართლომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას დაავალა მოქალაქის სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება

2022 წლის იანვრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ  ბათილად ცნო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  მონიტორინგის სამსახურის დასკვნა და ამ დასკვნის შედეგად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის, ი.თ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 
ი.თ. დასაქმებული იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის, დევნილ მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადების ჯგუფის მთავარ სპეციალისტად. 2016 წლის ნოემბრის თვეში იგი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას დაავალა ი.თ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.

                                                      გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

2021 წლის 24 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ო.ხ.-ს  სარჩელი, ბათილად ცნო გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ო.ხ.-ს აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე - გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ო. ხ.  2021 წლის 15 ივნისს გათავისუფლდა გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მის მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო. ის მიიჩნევს, რომ მერიიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება მისი გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდისადმი მხარდაჭერას და ამით ხსნის მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას  პოლიტიკური ნიშნით. ო.ხ.-მ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით. მის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა. 
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ჯარიმას აღარ გადაიხდიან

2021 წლის 6 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დაკავებული წევრების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ზურაბ ხომერიკის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება და მისი 48-საათიანი დაკავება უკანონოდ მიიჩნია. რაც შეეხება ბადრი გრიგალაშვილს, იგი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაში (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), სახდელის სახით კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. მოსამართლემ ბადრი გრიგალაშვილის დაკავების  24 საათით  გაგრძელება უკანონოდ მიიჩნია.
პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი 2021 წლის 12 ნოემბერს ძალოვანი უწყებების შენობის „პიკეტირებისას’’, გორის რაიონულ სამმართველოსთან  დააკავეს. პოლიციის წარმომადგენლები მათ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რაც 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სასამართლომ მოქალაქის 5-დღიანი პატიმრობა უკანონოდ ცნო

2021 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა  საჩივარი, რომლის მიხედვითაც  გაუქმდა 2021 წლის 1 ნოემბერს კ.კ.-ს მიმართ  შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოდ იქნა ცნობილი.  
2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, კ.კ. ქ. ზუგდიდში იმყოფებოდა დამკვირვებლად 67.20 საარჩევნო უბანზე. სხვა დამკვირვებლებთან ერთად მან აღნიშნული საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში მანქანებში მყოფი პირები დაინახა, სიებით ხელში. ისინი შეეცადნენ დარღვევის იდენიტიფიცირებას და იქვე მყოფ პოლიციას მიმართეს რეაგირებისთვის. პოლიციის მხრიდან კი ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ცოტა ხნის შემდეგ საარჩევნო უბანთან გამოჩნდნენ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მ.წ. და ი.ჩ. მათგან ერთ-ერთმა ხელი დაარტყა კ.კ.-სთან ერთად მყოფ ბ.პ.-ს, რის შედეგადაც  პოლიციამ კ.კ. მოწმის სახით დაიბარა გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში. მან კი უთხრა, რომ რომ სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა საარჩევნო უბანზე და მოგვიანებით მივიდოდა. პილიციამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და იძულების წესით გადაიყვანა განყოფილებაში.  გადაყვანის შემდგომ კ.კ.-ს სამართალდამცავმა განუმარტა, რომ ის დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 
2021 წლის 1 ნოემბერს ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ ადმინისტრცაიულ სამართალდამრღვევად ცნო კ.კ. და 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით  ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 5 დღით. 

მოქალაქეს ავტომობილის დაზიანებისთვის მეზობელი 1560 ლარს გადაუხდის

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მ.ხ.-ს ნ.ხ.სთვის  და მისი მეუღლისთვის მიყენებული ზიანის გამო 1560 ლარის გადახდა მოუწევს. 
ნ.ხ.-ს და მის მეუღლეს - ა.ე.ა.-ის მცირე ოჯახური ბიზნესი აქვთ. ნ.ხ.-ს  ცნობით, მის კუთვნილ მაღაზიაში თანასოფლელი მ.ხ. შევიდა, რომელმაც პროდუქცია დახლიდან აიღო და მაღაზიიდან გასვლა ისე დააპირა, რომ თანხის გადახდას არ აპირებდა, რასაც შელაპარაკება მოყვა. მ.ხ. მაღაზიიდან გავიდა და რამდენიმე წუთში ცულით ხელში დაბრუნდა და მეპატრონეების ავტომანქანას რამდენჯერმე დაარტყა. 
ადამიანის უფლებათა ცენტრს ა.ე.ა.-მ 2019 წლის აგვისტოში მიმართა. სარჩელში ის მ.ხ.-ს მიერ მისთვის და მისი მეუღლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვა. 2019 წელს 1-ლ აგვისტოს შეტანილი სარჩელი, სადაც მოსარჩელე ა.ე.ა. ითხოვდა მიყენებული ზიანის - 5226 ლარის ანაზღაურებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ხ.-ს 1560 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.  საქმეზე სააპელაციო საჩივარი 2021 წლის თებერვალში იყო წარდგენილი.

სასამართლომ ბათილად ცნო თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები

2022 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებები თანამშრომლების დ.გ.-სა და დ.ჩ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სამინისტროს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების კვლევის შემდეგ ახალი ბრძანებების გამოცემა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რაზეც დავა გაგრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

მოქალაქეს დევნილის სტატუსი მიენიჭება

2022 წლის 15 თებერვალს ადმინისტრაციული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბრძანების ბათილობით დასრულდა, რითაც თავის დროზე უარი ეთქვა ზ.ხ.-ს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა, რომლითაც ზ.ხ.-ს დევნილის სტატუსის მიენიჭება. 

სხვადასხვა:

2021 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი სარჩელით მოთხოვნილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყველა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად საჯარო რეესტრს დაავალა საქმის ყოველმხრივ გამორკვევისა და შესწავლის შემდეგ  ახალი გადაწყვეტილების მიღება გ. ბ.-ს საქმეზე. 
* * * 
2022 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილი გ.ფ.-ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო დევნილთა სამინისტროს მინისტრის ბრძანება, რითაც დევნილს უარი ექვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად კვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
* * * 
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო აქტივისტის ლევან ხარაულის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ლევან ხარაულის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ადმინისტრაციული ორგანო აქტივისტს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოითხოვდა, დაჯარიმებულიყო 3000 ლარით. 
* * * 
თბილისის საქალაქო სასამართლო  გირჩი მეტი თავისუფლებისთვის წევრი ც. ლ-ს  მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ც. ლ-ს ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ადმინისტრაციული ორგანო აქტივისტს წვრილმან ხულიგნობას და  პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოითხოვდა, დაჯარიმებას 2000 დიან  3000 ლარამდე ოდენობით.
* * * 
2021 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დევნილი ე.ზ.-ს სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად ცნო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება, რითაც უარი ეთქვა ე.ზ.-ს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და სააგენტოს დევნილისათვის საცხოვრებლის გადაცემა დაავალა. ე.ზ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.
* * * 
2021 წლის 7 დეკემბერს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის  სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ვახტანგ ბერიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს  პარლამენტის  წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით