სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების შეურაცხყოფისა და მუქარის თაობაზე

17.03.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გახშირებული თავდასხმის ფაქტების გამო.

ბოლო პერიოდში ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მისამართით სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა ყალბი ან რეალური პროფილის მფლობელი პირები ინტენსიურად პოსტავენ ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის, მუქარის შემცველ ტექსტებს,  მათ შორის - ებრაელების მიმართ, მათი განადგურების მოწოდებებით, ჰიტლერის მოხსენიებით და ა.შ. გარდა ამისა, ფეისბუკში უკვე არაერთი ყალბი ჯგუფი შეიქმნა ვიტალი საფაროვის ფოტოებით და შემზარავი დასახელებებით, სადაც მოკლული უფლებადამცველის სახელსა და დედამისს შემაძრწუნებელი სიტყვებით შეურაცხყოფენ.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც სისტემატიურად მეორდება, მოკლული ვიტალი საფაროვისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით, საფაროვის დედამ, მარინა ალანაკიანმა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მყისიერად მიმართა და ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. მიუხედავად ამისა, დღემდე, ოჯახისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის, რომელიც აგრძელებს ვიტალი საფაროვის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას, უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება. 2022 წლის 6 მარტის მიმართვის შემდეგ, არც ოჯახს და არც ორგანიზაციას სამართალდამცავი ორგანოებიდან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

შემაშფოთებელია პოლიციის მიერ მსგავს ფაქტებსა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე რეაგირების არქონა, რამდენადაც სწორედ სისხლის სამართლის პოლიტიკის სისუსტემ და არაკატეგორიულმა მიდგომამ ამ ფაქტებისა და დანაშაულებისადმი, თავისი წვლილი შეიტანა ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების გააქტიურებაში და სიძულვილის გაღვივებაში, რაც ამ და მსგავსი დანაშაულების პრევენციული აღკვეთის ნაწილში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს სახელმწიფოს და შესაბამისი თანამდებობის პირებს.

სახელმწიფო თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და არ ახდენს სათანადო რეაგირებას მსგავს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე.  ამ ჯგუფების აგრესია და შეუწყნარებლობა, დიდწილად, მიმართულია კულტურულად არადომინანტი სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებისა და ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ახალისებს მსგავს ჯგუფებს და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, ასევე - ქსენოფობიური, რასობრივი, ჰომოფობიური და სხვა ნიშნით სიძულვილის დანერგვას.

ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს 2018 წლის 30 სექტემბერს სასტიკად მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას, ამჯერად - თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ითხოვს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტის დადგენას.

2019 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო მხოლოდ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში და არ დაადგინა ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშანი. ამ საქმესთან დაკავშირებით 2019 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სამართლებრივი შეფასება, რომელშიც გაკრიტიკებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და სამართლებრივად შეფასებულია მთელი რიგი დარღვევები, განსაკუთრებით კი - დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის I ნაწილით დადგენილ სტანდარტს. ამ და მსგავს საქმეებზე სწორი სასამართლო პრაქტიკის დადგენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზემდგომმა ინსტანციამ გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული ხარვეზები. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უგულებელყო დამნაშავეების ზოგადი შეხედულებები ებრაელი ხალხისადმი და ამ საქმეზე არ დაადგინა შეუწყნარებლობის მოტივი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები და არაერთი მოწმის ჩვენება ცალსახად ადასტურებდა დამნაშავეთა კუთვნილებას ნეონაცისტური ჯგუფებისადმი, რაც ანტისემიტური იდეოლოგიის გაზიარებასაც გულისხმობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიონ როგორც საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ისე ყველა სხვა მსგავსი შემთხვევა, რათა მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია სამომავლოდ. აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ საკუთარი არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური დაცვის ვალდებულების გააზრება და მისი როლის გაცნობიერება ამ დანაშაულების აღმოფხვრაში, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებაში პლურალიზმისა და თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას, ასევე - დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს მშენებლობას.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მსგავს კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე, გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და ჩამოაყალიბოს კატეგორიული მიდგომა ამ დანაშაულებისადმი, რადგან დღეს არსებულმა სუსტმა პოლიტიკამ თავისი წვლილი შეიტანა ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების გააქტიურებაში და სიძულვილის გაღვივებაში, რაც ამ და მსგავსი დანაშაულების პრევენციულ აღკვეთას არ/ვერ უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

    საგამოძიებო ორგანოებს:
●    დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელონ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოავლინონ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები და უზრუნველყონ მათი პასუხისგებაში მიცემა;
●    სწორად დააკვალიფიცირონ ასეთი ტიპის დანაშაულები და თვალსაჩინო მტკიცებულებების შესაბამისად, გამოკვეთონ შეუწყნარებლობის მოტივი.

    საერთო სასამართლოებს:
●    რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების  განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქმისთვის რელევანტურ ფაქტებს - ბრალდებულთა რწმენა-წარმოდგენებსა და შეხედულებებს, რის გამოც პირი/პირთა წრე შემდგომში შეუწყნარებლობის გამო ჩადის დანაშაულს;
●    ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ სიღრმისეულად შეისწავლოს ვიტალი საფაროვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოავლინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული უხეში შეცდომები, განსაკუთრებით
დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და დაადგინოს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რომლის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს საქმეში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით