განცხადებები

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული მოტივი

21.03.2022
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სამართლებრივ ინტერესებს გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე.  საქმე ეხება 2022 წლის 15 იანვარს ლაგოდეხში, ნ. ჭ.-ს მკვლელობას ყოფილი მეუღლის მიერ

მოკლული ქალბატონის ყოფილ მეუღლეს, გ. ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ - ოჯახის წევრის მიმართ. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გ. ბ.-მ, ნაქირავებ სახლში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა და მოკლა, ამავე დროს ქალის ბუნებრივი აირით თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა. მოკლულ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაც ახლა მისი ძმის ოჯახი ზრდის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოხატა პოზიცია ბრალის ფორმულირებასთან, ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიმართა საქმეზე როგორც გამომძიებელს, ასევე, 2022 წლის 15 მარტს - კახეთის საოლქო პროკურატურას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მეუღლის მიერ მოკლული ნ. ჭ-ს მიმართ ჩადენილია დანაშაული გენდერული ნიშნით - მიზანმიმართულად ქალის მიმართ. გამოძიების ეტაპზე მოგროვილი მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულის ჩვენებით, დანაშაულის გენდერული მოტივი გამოკვეთილია. მტკიცებულებები თან ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ამასთან, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“ მუხლი გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ითვალისწინებს როგორც ერთ-ერთ დამამაძიმებელ გარემოებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა უკვე მიმართა კახეთის საოლქო პროკურატურას მოთხოვნით, რომ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ დაზუსტდეს დანაშაულის კვალიფიკაცია და მის მიმართ, ასევე, წარდგენილი იქნას ბრალი გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
განცხადებები
Loading...