ადამიანის უფლებათა სახლი ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 3 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) ოფისზე შეტევა განახორციელეს „ღირსების მარშის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა, ჰომოფობიური ჯგუფის მოძალადე წევრებმა.
5 ივლისს დილიდან „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ჟურნალისტებსა და აქტივისტებს თავს ესხმოდნენ და მათზე ძალადობდნენ. მათ იმ დღეს დაგეგმილი მარშის ორგანიზატორებს, მათ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს სხვადასხვა ლოკაციაზე ფიზიკური საფრთხე შეუქმნეს. მას შემდეგ, რაც „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა სხვა ადგილები საფრთხის გამო დატოვეს და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში გადმოინაცვლეს, მოძალადე პირებმა ორგანიზაციის ოფისის შენობის გარშემო დაიწყეს შეკრება. თავდაპირველად, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაციის შენობაში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი შენობის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენდა ერთგვარ შურისძიებას „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებზე და მათ მხარდამჭერებზე: ლგბტქ+ ადამიანებზე, უფლებადამცველებზე, აქტივისტებზე, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“, მოძრაობა „სირცხვილიას“ და თბილის ადამიანის უფლებათა სახლში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე. შემთხვევისთანავე, ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომლის დახმარებითაც მოახერხეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მყოფმა პირებმა სხვა უსაფრთხო ადგილას გადასვლა.
აღნიშნულმა თავდასხმამ შენობაში მომუშავე ხუთ უფლებადაცვით ორგანიზაციას შეუშალა ხელი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში, მათ თანამშრომლებს კი შეეზღუდათ ადგილის არჩევის და თავისუფლად გადაადგილების უფლება, რამდენადაც ისინი ფაქტობრივად მოძალადე ჯგუფების ალყაში აღმოჩნდნენ.
ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და როგორც ჩვენთვის საგამოძიებო ორგანოებისგან ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ძირითადად მოწმეების გამოკითხვის სახით. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სამართლებრივ ინტერესებს იცავს მისი წევრი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგამოძიებო ორგანოს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შენობაზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები მიაწოდა, რომელსაც ამჟამად საჯაროდაც ვაქვეყნებთ. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა ორგანიზაციისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ამ სტატუსის მიღება და შედეგად შესაძლებლობა, გაეცნოს არსებული სისხლისსამართლებრივი საქმის მასალებს. თუმცა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა პროკურატურაში და ასევე გასაჩივრების შემდეგ – სასამართლოში. ორგანიზაციის ეზოში ამ დღეს ფიზიკური დაზიანება მიიღო ერთმა აქტივისტმა, ხოლო მეორე აქტივისტს მანქანა დაუზიანდა. თუმცა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, გამოძიებას არც ამ პირებისთვის მიუნიჭებია ჯერ-ჯერობით დაზარალებულის სტატუსი.
საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებს სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად: დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური ან მატერიალური ზიანი მიადგა უშუალო დანაშაულის შედეგად. ხოლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტების თანახმად, დაზარალებული პირი არის არა მხოლოდ სავარაუდო დარღვევის უშუალო მსხვერპლი ან დაზარალებული, არამედ ნებისმიერი პირი (მათ შორის ირიბი დაზარალებულიც), რომელსაც ექნებოდა ნამდვილი და პირადი ინტერესი დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შესახებ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ვხედავთ აგრესიული, ჰომოფობიური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო გააქტიურებას. მოძალადე ჯგუფები კვლავ სიძულვილის ენას იყენებენ უფლებადამცველების და აქტივისტების წინააღმდეგ.[2] სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას უფლებადამცველები და ამ დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დაუსჯელობასთან ბრძოლა. საერთაშორისო ინსტიტუტები არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში უთითებენ სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს უფლებადამცველების ეფექტიანი დაცვა და ჩაატაროს სწრაფი გამოძიება ნებისმიერ ქმედებებზე, რომელიც მათ უფლებებს არღვევს. როდესაც სახელმწიფოები ვერ ახერხებენ უფლებადამცველების წინააღმდეგ სხვადასხვა აქტორების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას, მათი პასიურობა, შესაძლოა, შეფასდეს როგორც მსგავსი ფაქტების მიმართ შემწყნარებლობა.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოამჟღავნოს ნება და აშკარად დაუჭიროს მხარი უფლებადამცველებს და საქართველოს თავისუფალ სამოქალაქო სექტორს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა ქნას იმისთვის, რომ უფლებადამცველებმა დაუბრკოლებლად ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, ხოლო ამ თავისუფლებების შემზღუდავმა პირებმა სათანადო პასუხი აგონ.