სიახლეები

GDI და HRC პროკურატურას განაჩენის გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ

05.04.2022
ფონტის ზომა
(ფოტო: www.radiotavisupleba.ge)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ეხმაურებიან 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ გამოცხადებულ განაჩენს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს „რადიო თავისუფლების“ დაზარალებული ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას, ხოლო ადამიანის უფლებათა ცენტრი ოპერატორის, დავით ქორიძის ინტერესებს.

საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ „ღირსების მარშის“ დარბევისას და ლგბტ+ თემისა და მედიის წარმომადგენლების დევნისას ჟურნალისტებზე განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. საქმეში დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის არიან „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი თორნიკე მანდარია და ოპერატორი დავით ქორიძე, რომლებსაც 2021 წლის 5 ივლისს უკვე მსჯავრდებული გიორგი კახიანი ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა (მათ შორის თორნიკე მანდარიას გაუტეხა ცხვირი) მაშინ, როდესაც ისინი „თბილის პრაიდის“ მაშინდელ დირექტორ გიორგი თაბაგართან ერთად ტოვებდნენ გაეროს შენობას მრგვალი ბაღის წინ.

გიორგი კახიანს ზემოაღნიშნული თავდასხმისათვის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა) მუხლებითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). დღეს გამოცხადებული განაჩენის თანახმად,  მოსამართლემ გიორგი კახიანი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით. შესაბამისად, მოსამართლემ გიორგი კახიანს მოუხსნა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდება და აღნიშნული გადააკვალიფიცირა ჯგუფურ ძალადობად. 

GDI და HRC არ ეთანხმებიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების შეცვლას ჯგუფური ძალდობით. ამგვარი მიდგომა ფაქტობრივად გამორიცხავს 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბური, ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მაშინ, როდესაც დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებს. ამავდროულად, ეს არის საშიში მესიჯი საზოგადოებისათვის, რომ დანაშაულის ორგანიზება და მასში მონაწილეობა შეწყნარებულია სახელმწიფოს მხრიდან. 

GDI-სა და HRC-თვის კითხვებს აჩენს ასევე შეფარდებული სანქციის ზომა, რომელიც ჰომოფობიური (სიძულვილის) მოტივის დროს კანონმდებლობის თანახმად უნდა იყოს უფრო მეტად მკაცრი, ვიდრე ასეთი მოტივის გარეშე ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლი სიძულვილის მოტივს ყველა დანაშაულისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გამოკვეთა ასეთი გარემოება თორნიკე მანდარიასა და დავით ქორიძის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობის მოტივი იმ დღეს სწორედ ჰომოფობიური იყო. დამატებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდასხმისას თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე იმყოფებოდნენ  „თბილის პრაიდის“ მაშინდელ დირექტორ გიორგი თაბაგართან ერთად. შესაბამისად, თავდამსხმელმა თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე დაუკავშირეს ლგბტ+ თემს და სწორედ ჰომოფობიური ნიშნით იძალადეს მათზე. შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ განაჩენით დადგენილი სასჯელი არ არის საკმარისად მკაცრი და არ შეესაბამება დანაშაულის სიმძიმეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, GDI და HRC არ ეთანხმებიან გამოცხადებულ განაჩენს ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და სასჯელის ნაწილში. აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაასაჩივროს მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. GDI და HRC თავის მხრივ გააგრძელებენ დაზარალებული თორნიკე მანდარიასა და დავით ქორიძის ინტერესების დაცვას.

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით