სიახლეები

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება

21.04.2022
ფონტის ზომა
არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს.

კანონპროექტით შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მაშინ როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, აგრეთვე რამდენიმე ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია კოდექსში.

დანაშაულთა ჩამონათვალს შემოთავაზებული ცვლილებებით 27 დანაშაული ემატება, შედეგად, კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ჯამში 75-ზე მეტ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იქნება შესაძლებელი, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ალმის უკანონოდ აღმართვა და ა.შ. აშკარაა, რომ დანაშაულთა გაფართოებული წრე დიდწილად არ შეეხება უსაფრთხოების თუ ჰიბრიდული ომის საკითხებს და მათზე ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გავრცელება სპეციალურ დასაბუთებას საჭიროებს.

ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება

მოქმედი კანონმდებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა შესაძლოა ორჯერ გაგრძელდეს და ჯამში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების 3 ეტაპად ჩატარების შესაძლებლობას. პროკურატურა უფლებამოსილი იქნება, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, 3-ჯერ მოითხოვოს 3 თვით ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის საჭირო განჩინების გამოტანა, შედეგად კი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა 9 თვემდე გაგრძელდეს.

საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტარდება, ხსენებული 9 თვიანი ვადა, შესაძლოა გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ, 3 თვის ვადით გაგრძელდეს.

ფარული მოსმენები 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება განხორციელდეს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადამ შეიძლება შეადგინოს არაუმეტეს 6 თვისა.

შემოთავაზებული ცვლილებით შესაძლებელი იქნება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, უწყვეტად, წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება ცვლილებით გათვალისწინებულ,სისხლის სამართლის კოდექსის 100 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის საქმეზე მიმდინარეობს.

ფარული მიყურადების სუბიექტს, 100 დანაშაულის შემთხვევაში შესაძლოა არც კი შეატყობინონ ამის შესახებ

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. თუ პროკურორი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში არ აცნობებს პირს, მან სასამართლოს უნდა მიმართოს ნებართვის მისაღებად, რომ ეს ვადა გადაავადოს. გადავადება შესაძლოა არაუმეტეს 12 თვით. შესაბამისად, მაქსიმუმ ორ წელში პირს უნდა ეცნობოს მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

შემოთავაზებული ცვლილებით გარკვეული დანაშაულების მიმართ შეტყობინების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას. ასეთი საგამონაკლისო 100 დანაშაულია გათვალისწინებული კანონპროექტით, მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულები. ასეთ შემთხვევაში პირმა შესაძლოა ვერასდროს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული მოსმენა ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედებების გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

შეფასება

კანონპროექტი მნიშვნელოვანად აუარესებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონდებლობაში 2014 წელს განხორციელდა. 2014 წლის 1 აგვისტოს ჩატარებული რეფორმის შედეგად, დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა და პირისათვის შეტყობინების ვალდებულება, რაც დადებითად იყო შეფასებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ყველა ის ნორმა, რომლის შეცვლასაც დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ, თავის დროზე კანონში ჩაიწერა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების საფუძველზე.

შემოთავაზებული ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში. სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია, მასიური თვალთვალის თაობაზე კი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია 2013-2021 წლებში სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი თვალთვალის პრაქტიკების თაობაზე. პირადი ცხოვრების და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ადეკვატური მოწესრიგების საკითხი რელევანტურია როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ევროინტეგრაციის კონტექსტში, რისი დასტურიც არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის 196-ე კითხვა სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება.

პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ ვხვდებით კონკრეტულ დასაბუთებას და არგუმენტაციას, თუ რა გახდა ცვლილებების შემუშავების საჭიროება, ან ყოველდღიურ პრაქტიკაში რა პრობლემებს უქმნიდა მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოებს. განმარტებითი ბარათი მხოლოდ ზოგადად აკეთებს მითითებას ჰიბრიდულ ომსა და კიბერ-უსაფრთხოებაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება დემონსტრაციულად არაეფექტურია ძალადობრივი პრორუსული ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთისას, ასევე რუსული დეზინფომრაციით შუღლის გაღვივების რისკების პრევენციისას, ჰიბრიდულ საფრთხეებზე აპელირება მხოლოდ მოჩვენებითია და მისი რეალური მიზანი ტოტალური კონტროლის მექანიზმების გაჩენაა. Ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს იმასაც, რომ ფარული მოსმენები არ უკავშირდება მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას და ის ხშირ შემთხვევაში გამოიყენება პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე ზეგავლენის მიზნით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უსაფრთხოების სისტემის ინსტრუმენტალიზების პრობლემას.

საგულისხმობა ისიც, რომ კანონპროექტის მომზადების ეტაპზე არ არის გავლილი კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის არც სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს და შესაბამისად, მოქმედი კანონის აღსრულების პრაქტიკაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, არ არის მომზადებული მიმოხილვა სხვა ქვეყნების კანონდებლობის შესახებ. ამგვარი მგრძნობელობის და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე კანონშემოქმედება კი განსაკუთრებული სიფრთხილით, ჩართულობითა და დასაბუთებულობით უნდა მიმდინარეობდეს. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ამის საპირისპირო პრაქტიკის მაგალითს წარმოადგეს.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300 მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე გაიმართა, თუმცა, უკვე 4 წელია სასამართლოს მიერ გადაწვეტილების მიღება ჭიანურდება. ამავდროულად, ნორმატიულ დონეზე უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც უკონტროლო უფლებამოსილებას ანიჭებდა შესაბამის უწყებებს, განეხორციელებინათ ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალი და ამ გზით, თვითნებურად ჩარეულიყვნენ პირადი ცხოვრების უფლებაში. სამწუხაროდ, ნაცვლად აღნიშნული საკანონმდებლო პრობლემების მოგვარებისა, ხელისუფლებას კონტრდაზვერვითი კანონმდებლობის მსგავსი რეგულაციები შემოაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რითიც ფაქტობრივად ნორმალიზებას უკეთებს ხანგრძლივი დროით ადამიანების ელექტრონულ კომუნიკაციებზე მეთვალყურეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, არ დაუჭიროს ინიცირებულ რედაქციას მხარი.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • Სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ლიბერალური აკადემია
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...