სიახლეები

ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გენდერული მოტივი არ გამოკვეთა

11.05.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე გენდერული ნიშნის გამოკვეთის თაობაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სამართლებრივ ინტერესებს გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოძიების დაწყების ეტაპზევე გამოხატა პოზიცია ბრალის ფორმულირებასთან და ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც  მიმართა საქმეზე როგორც გამომძიებელს, ასევე კახეთის საოლქო პროკურატურას.

2022 წლის იანვრის თვეში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი  ნ.ჭ. ყოფილმა მეუღლემ გ.ბ.-მ განზრახ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. მკვლელობის შემდეგ გ.ბ.-მ ქალის ბუნებრივი აირით თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა.

მოკლული ქალბატონის ყოფილ მეუღლეს, გ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ - ოჯახის წევრის მიმართ. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ.-მ, ნაქირავებ სახლში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა, მოკლა და ამავე დროს ქალის ბუნებრივი აირით თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა. მოკლულ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაც ახლა მისი ძმის ოჯახი ზრდის.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ნ.ჭ.-ს მიმართ ჩადენილია დანაშაული გენდერული ნიშნით - მიზანმიმართულად ქალის წინააღმდეგ. გამოძიების ეტაპზე მოგროვილი მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულის ჩვენებით, დანაშაულის გენდერული მოტივი გამოკვეთილია. მტკიცებულებები თან ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ამასთან, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ პრიმა“ მუხლი გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ითვალისწინებს, როგორც ერთ-ერთ დამამაძიმებელ გარემოებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნას ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციის დაზუსტება და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის დამძიმება წარმოადგენდა. ამიტომ ცენტრი  მოუწოდებს პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კონკრეტულად ამ საქმეში და ასევე ზოგადად, ამგვარი კატეგორიის საქმეების გამოძიებისას გენდერულ ნიშანს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ასეთი ტიპის დანაშაულთა პრევენციას და საქმეების სრულყოფილ/ობიექტურ გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...